Friday, January 5, 2018

ვირჯინია და მისი ნამსხვრევევბი

ვისაც ირვინგ  სტოუნის “წყურვილი სიცოცხლისა” წაგიკითხავთ, ან, უბრალოდ, ვან გოგზე მისი “ვარსკვლავებიანი ღამის” და “მზესუმზირების” მიღმაც გსმენიათ, ალბათ, ერთხელ მაინც დაფიქრდებოდით, თუ რას ნიშნავს შემოქმედებითი წვა.,ეს არის ერთთავად რთული მდგომარეობა, როდესაც საკუთარი დიდი  თუ შედარებით მცირე ტრაგედის, ასე ვთქვათ, საძერწად გამოყენება უნდებათ, რომ მისგან რამე ღირებული შექმნან. ეს დაუძლეველი სურვილი,  ალბათ, აუცილებელიც კი რის ხელოვანისთვის. ამიტომ, ხანდახან მართებულად მიჩნდება შეკითხვა, თუ არსებობდა  დედამიწაზე მწერალი, რომელიც ბედნიერი ცხოვრებით ცხოვრობდა და პარალელურად რამე ღირებულს ქმნიდა, რადგან მეჩვენება, რომ  გიჟებს და თვითმკვლელებს ყოველთვის უკეთ გამოსდით დახატონ, დაწერონ, შექმნან…

მერე საკმაოდ ბევრი და კარგი მწერალიც მახსენდება, შედარებით ნეიტრალური ცხოვრებით და ზემოხსენებული კითხვა თავისთავად პასუხგაცემულია. თუმცა , ალბათ, თავისი დიდი თუ პატარა პრობლემები ყველა “ნეიტრალური ცხოვრების მქონე” მწერალს  გააჩნია და მათი ნაწილები თავიანთ ტექსტებში აუცილებლად ექნებათ ჩადებული, მაგრამ ასე ზედმიწეევნით თავისი ცხოვრების აღმწერი მწერლები არც ისე ბევრი მახსენდება.

მწერლები, რომლებიც  ტექსტებში ზუსტად ასახავენ თავიანთ ცხოვრებასა თუ საკუთარ თავს, ორ კატეგორიად იყოფიან. პირველნი, რომლებისგანაც ვიღებთ ტრივიალურ ნაწარმოებებს და კითხვისას გვიჩნდება შეგრძნება, რომ ავტორი  ცალი ხელით წერდა, მეორე ხელს კი თავზე ნაზად ისვამდა და საკუთარ თავს ცრემლებს წმენდა, ანუ მწერლები რომლებსაც თავინათი თავი იმდენად ებრალებათ, რომ სენტიმენტალურ, ვაი-ვიშით სავსე ტექსტებს ქმნიან და მეორენი, რომლებიც “საცრემლე ჯირკვალზე კალამს სულაც არ გვაჭერენ”, არამედ პირიქით, აბსულუტურად ცივი აღმწერის როლში გვევლინებიან და საშუალებას გვაძლევენ, ჩვენ თავად გადავწყვიტოთ, რომელ მომენტზე გვსურს აგვეტიროს და თავად ვეძებოთ მასში ავტორიც, ამბავიც და სხვა უამრავიც, რაც მის უკან დაუმალავთ.

ვირჯინია მეორე კატეგორიის მწერალია.

მას აქვს უნარი, გახლიჩოს თავისი თავი უამრავ ნაწილად და ეს ნაწილები აქციოს სხვადასხვა პერსონაჟად.
ნებიმისმიერს შეუძლია, აიღოს და წაიკითხოს “მისის დელოვეი” ისე, რომ იმითაც კი არ დაინტერესდეს, ვინ იყო მისი ავტორი, როდის იყო ან როგორ იყო. მაგრამ  არაჩვეულებრივად შეიძლება გაიცნოს კლარისა, სალი, პიტერი, რიჩარდი თუ სეპტიმუსი.
მიხვდეს, რომ ჰო, შეიძლება ყოველი ფეხის ნაბიჯზე შევხვდეთ მსგავს ისტორიას, როცა უბედური სწორედ ისაა, ვინც ყველაზე ბედნიერი და შემდგარი გვგონია, რომ ვიღაც უბრალოდ გაგიჟდა, თავს იკლავს და მავანს ეს ამბავი სულაც არ ადარდებს, ვიღაცის ცხოვრება კი შესაძლოა სწორედ ამ თვითმკვლელობამ შეცვალოს. უკეთესობისაკენ თუ უარესობისაკენ, ეს სხვა საკითხია. ის, რომ წლები გადის და თაობები ქრებიან, ის, რომ ყველა სიყვარულის ისტორიას ბედნიერი დასასრული სულაც არ აქვს.,  ის, რომ სევდიანია, ნახო ქალი, უამრავი წლის შემეგ  და წარმოდგენა არ გქონდეს, სად გაქრა მისი სილამაზე. ეს, ერთი შეხედვით, თითქოს მარტივი სიუჟეტია,  რომლის ლამაზად  და, ასე ვთქვათ, ჩამთრევად გადმოცემაც, უკვე ავტორის ოსტატობაზეა დამოკიდებული.

მაგრამ ვირჯინიას ბიოგრაფიაზე ერთი თვალის გადავლებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ზუსტად მივხვდე, რატომ იყო კლარისა, რატომ იყო სალი და რატომ იყო სეპტიმუსი.
ვირჯინია, ალბათ, ყოველი ფეხის ნაბიჯზე განიცდიდა ზემოხსენებულ შემოქმედებით წვას და, არ ვიცი,  უღირდა თუ არა საკუთარი ნაწარმოებები ამდენ ცხოვრებისეულ სირთულედ, თუმცა ეგოსიტური ფაქტი, რომ მკითხველებს  ნამდვილად გვიღირდა მისი ტანჯვა, თვალწინაა.

თუ ამ კონკრეტული წიგნის პერსონაჟებს ვირჯინიას ბიოგრაფიაზე დაყრდნობით განვიხილავთ, პირველად კლარისას მივადგეთ. ვირჯინია ნამდვილად იყო პატივცემული და დაფასებული  ფიგურა საზოგადოებაში, ისევე როგორც კლარისა. ერთი შეხედვით, ანუ სხვისი გადასახედიდან, შესაძლოა, ვირჯინიაც კარგად მყოფი ქალი გვეჩვენოს, ის ბედნიერ და ამავდროულად საქმიან ქორწინებაშია, წერს და აქვეყნებს უამრავ ნაშრომს, არის განათლებული და ძლიერი თავის საქმეში. თუმცა ამავდროულად ის, როგორც კლარისა, გაღებული ფანჯრის წინ დგას და ფიქრობს, აქვს თუ არა აზრი ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, აქვს და ყოველთვის ჰქონდა, რადგან კლარისას, ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება ძალიან უყვარდა.  იქნებ ვირჯინიასაც უყვარდა, იმ თავისი ნახევარი  თუ მეოთხედი ნაწილით, რომელიც კლარისაში - წვეულებების მოყვარულ ქალში ჩადო. შესაძლოა, სწორედ ამიტომ დატოვა მან კლარისა ცოცხალი, რადგან იცოდა, რომ მასშიც იყო რაღაც ნაწილი, რომელსაც სულაც არ სურდა, რომ უამრავჯერ ეცადა თვითმკვლელობა, საბოლოოდ კი პალტოს ჯიბეები ქვებით დაემძმებინა და მდინარეში ისე შესულიყო. მის ამ ნაწილს ლონდონი სურდა, ხმაური და ცხოვრებისათვის თავის არ არიდება.
თუმცა მაინც მეორე ნაწილი მძლავრობს, სეპტიმუსის კუთვნილი. რომელიც აიცილებლად განწირულია სიკვდილისთვის, რადგან მასში უხეშად ერევა ყველა ირგვლივ მყოფი, ერთი მთავარი მიზეზით, რათა იგი გამოჯამრთელდეს. მაგრამ რას ეძახიან გამოჯამრთელებას? იმ ხმების გაქრობას, რომელიც ვირჯინიასაც ჩაესმოდა და სეპტიმუსსაც, თუ თვითმკვლელობის სურვილის მოშორებას და მათ ჩვეულებრივ ადამიანებად ქცევას, ისეთ ადამიანად, როგორიც მილიონობით სხვაა და რომელთაც სულაც არ ახსენდებათ, იფიქრონ სიკვდილზე ან სიკვდილზე არ ფიქრის გამო გაუფერულებულ ცხოვრებაზე. რადგან  “ცხოვრების აზრი ისაა,  რომ ოდესმე იგი შეწყდება.”
საბოლოოდ სეპტიმუსი კვდება, რადგან ის პოეტია, მეოცნებეა და ,როგორც ვირჯინია ფილმში ამბობს, იგი აუცილებლად უნდა მოკვდეს იმიტომ, რომ ვიღაცამ ცხოვრება უკეთ დააფასოს. სეპტიმუსის სიკვდილი კი მართლაც გახდა ერთგვარი კათარზისი კლარისასთვის.

რაც შეეხება სალი სეტონის პერსონაჟს, პირადად მე ვერ ჩამოვყალიბდი, ვინ დამალა ვირჯინიამ მის უკან, თავისი და - ვანესა, რომელთან ერთადაც ძალიან ბევრი რამ გამოიარა და რომელთა ურთიერთობაც შესაძლოა სცდებოდა უბრალო დების ურთიერთობას თუ ვიტა საკვილ-უესტი, რომელთანაც ცნობილია, რომ ურთიერთობა ჰქონდა.

თუმცა ვირჯინიას ბიოგრაფიაში ჩიჩქნას რომ თავი დავანებოთ, წიგნის პერსონაჟები და მათი ურთიერთობები, როგორც ვთქვი,  ვირჯინიას გარეშეც, ძალიან საინტერესოა.
 მაგალითად, არ ვიცი, იყო თუ არა ასეთი შემთხვევა ვირჯინიას ცხოვრებაში, თუმცა წიგნში  კლარისას , პიტერისა და რიჩარდის სასიყვარულო სამკუთხედი ბევრ სამსჯელო თემას ხსნის.

ჩვენ ზუსტად ვიცით, რა ხდება ტიპურ სასიყვარულო სენტიმენტალურ რომანებში.
მსგავსი სიუჟეტით, კლარისა ბოლო წამს უნდა მიმხვდარიყო, რომ თავზეხელაღებული პიტერი ერჩივნა და მასთან ერთად უნდა წასულიყო, თუნდაც ქვეყნის დასალიერში, მაგრამ ყველაზე მეტად, ალბათ. რაც ამ  წიგნში მომწონს, არის ის, რომ  ცხოვრებისეულია და ზღაპრებს არ გაჯერებს. რეალობაში, ასე არ ხდება. რეალობაში ნებისმისერი კლარისა რიჩარდს აირჩევდა. რეალობაში, ხშირად, სიყვარულს ყოველთვის ბედნიერი დასასრული ვერ ექნება, თუნდაც იგი მთელი ცხოვრება გრძელდებოდეს,  და ამ მუდმივობას ყველაზე მძაფრად მაშინ გრძნობდნენ,  როცა წლების მანძილზე ერთმანეთისაგან შორს მყოფნი ისევ შეხვდებიან ერთმანეთს.
გარდა ამისა, იქნებ ჯობდეს ჩვენც ვიფიქროთ იმაზე, თუ რა იქნებოდა წლების მერე პიტერისა და კლარისას ურთიერთობა ერთად რომ დარჩენილიყვნენ. შესაძლოა, თავიანთი განსხვავებული შეხედულებებისა და ინტერესების გამო, სულაც, რამდენიმე წელში შესძულებოდათ ერთმანეთი ან, პირიქით, მაგრამ, ბანალურ, არაფრით გამორჩეულ. მდორედ მდინარე  ბედნიერებაში ჩაძირულივყვნენ. როგორც რიჩარდი,  კლარისა და მათი ქალიშვილი, უკვე. თუმცა მათი, ერთი შეხედვით, მშვიდი ცხოვრება, ერთი დიდი გაუცხოება იყო, საკუთარი თავებისა თუ ერთმანეთის მიმართ.
გარდა ამისა, კლარისას თითქოს ერთგვარი შიში ჰქონდა პიტერის მიმართ, რადგან პიტერი მას, როგორც იტყვიან, მოხარშულსაც იცნობდა და ყოველთვის დასცინოდა მის “მაღალსაზოგადოებრივობას” თუ სხვა მსგავს თვისებებს. კლარისა კი გაურბოდა ამას. 

ბევრი რომ აღარ ვისაუბრო, ყველაზე გამორჩეულად საინტერესო პერსონაჟი მთელს წიგნში, რა თქმა უნდა, მაინც სეპტიმუსია. თუ ჯული ტეიმურის მიერ გადაღებულ “across the universe-ს” გავიხსენებთ,დაახლოებით მსგავსი პერსონაჟი - მაქსველი გაგვახსენდება. რომელსაც, დასაწყისში, სანამ ომში წაიყვანდნენ, სჯეროდა რომ მის სამყაროს ვერასდროს ვერავინ ვერ შეცვლიდა, თუმცა ომის არეულობა და ხმაური სწორედაც რომ ცვლის მას.ომი ერთბაშად იჭრება მის სამყაროში და იქიდან დაბრუნებული მაქსველი რაღაცით სეპტიმუსს მაგონებს, იმ განსხვავებით, რომ სეპტიმუსმა თავს ვერ უშველა.
თუ რას უკეთებს ადამიანს ომი, ამის შესახებ აქამდე უამრავ წიგნსა და ფილმს უამბია ჩვენთვის, თუმცა არ მახსენდება არცერთი პერსონაჟი, რომელიც ამბობს, რომ ვეღარაფერს გრძნობს და მაინც, ყველაზე მეტად მგრძნობიარეა.
იქნებ ექიმებთან დაპირისპირებულ ვირჯინიას, რომელსაც სძულდა, როცა უთითებდნენ, რა სჯობდა მისთვის, სწორედ ამის ჩვენება სურდა ჩვენთვის : ხანდახან ან ყოველთვის, ის ადამიანები ბევრად უფრო მეტს გრძნობენ და განიცდიან, ვინც მრავალი საშინელება გამოიარა და, წესით, შეგრძნებები უნდა დაეკარგა, ვიდრე ისინი, ვინც ამ შეგრძნებებს ყოველდღიურ რუტინაში ცხოვრების ბოლომდე იზოგავენ, თითქოს არასდროს არ უნდა გამოელიოთ და მაინც   სულ ემოციებისაგან დაცლილები დადიან.
დაცლილები, სავსე სეპტიმუსებსა  და ვირჯინიებს შორის, რომლების გვაშინებენ და ჩვენც მუდამ ვუმეორებთ მათ: შენ ფსიქოლოგის დახმარებას საჭიროებ!

                                                                           ავტორი: ქრისტინა სურგულაძე 



No comments:

Post a Comment