Thursday, February 27, 2014

ჰამლეტიანი

იყო და არა იყო რა,ბანკირზე უკეთესი რა იქნებოდა,იყო ერთი ბანკირი,ყველაზე მეტად ჰალსტუხიანი სხვა ჰალსტუხიანთა შორის.ის ყოველდღიურად ასრულებდა თავის მოვალეობას.დილით ადრე დგებოდა,ჰალსტუხს აწესრიგებდა,კისერზე ირგებდა,ბანკში მიდიოდა,დღის განმავლობაში ისწორებდა,იმოწმებდა ხოლმე,საღამოს სახლში დაბრუნებული,კვლავ აწესრიგებდა,გადაკიდებდა დილისთვის გამზადებულს და მშვიდად იძინებდა.
ყოველდღე ასე მეორრდებოდა და ჩვენი,სხვა ჰალსტუხიანთა შორის ყველაზე მეტად ჰალსტუხიანი,ბედნიერი და კმაყოფილი იყო ცხოვრებით,ის ხომ განსაკუთრებით მოწესრიგებულად ითვლებოდა მთელს ბანკში,სადაც მისნაირები მუშაობდნენ.
წერა რომ გავაგრძელოთ,უნდა დავიწყოთ ,,მაგრამ''-ით და რაღაც დავმართოთ ჰალსტუხიანს,რაღაც ისეთი,რაც ჰარმონიას დაურღვევს.ეს ისე,ჩანართი,ვაგრძელებთ ,,მაგრამით''-ით.
მაგრამ,ერთ მზიან დღეს (მზიანი დღე=ბედნიერი დღე),ჰალსტუხიანს საიდანღაც ''ჰამლეტი'' ჩაუვარდა ხელში (ნუ იფიქრებთ,რომ ჰამლეტი საიდანმე ჩამოვარდა),შემთხვევით აღმოაჩინა წიგნების თაროზე.გაოცებული ჰალსტუხიანი ფიქრობდა როგორ მოქცეულიყო, ''ასეთი შემთხვევა მანამდე არ ჰქონია პრაქტიკაში'',საგონებელში ჩავარდნილმა,გადაწყვიტა გადაეშალა და გაეგო რა ეჭირა ხელთ,მას ჩვევად ჰქონდა ყველაფრის მოწესრიგება და ისე როგორ მოაწესრიგებდა თუკი არ ეცოდინებოდა რასთან ჰქონდა საქმე.
ბევრი იფიქრა თუ ცოტა ჩვენმა ჰალსტუხიანმა,გადაწყვიტა წაეკითხა და წაიკითა კიდეც ხელთჩავარდნილი ''ჰამლეტი''.საოცრება მოხდა.ვერც კი ხვდებოდა ისე დაიწყო ფიქრი.ყველგან ფიქრობდა:სახლში,ყვითელ ავტობუსში,გზაში,ბანკში და ყველაზე დიდი საოცრება,ჰალსტუხის მოწესრიგების დროსაც კი ჰამლეტზე ფიქრობდა.დროთა განმავლობაში ეს ამბავი აშკარად შეეტყო ჩვენს ბანკირს,მისი ჰალსტუხი ბოლო დროს არც ისე მოწესრიგებული იყო ხოლმე.
რამდენიმე კვირა გავიდა და ყველამ შეამჩნია რომ ჩვენი ბანკირი სხვანაირი ხდებოდა.ჯერ იფიქრეს დეპრესია აქვსო(რაც ხშირად ემართებოდათ მასთან სამსახურში,მიზეზს კი ვერ იგებდნენ ვერასდროს),მერე ისიც კი იფიქრეს,შეუყვარდა ვინმეო (რაც,დროის უქონლობის გამო,იშვიათად ემართებოდათ ხოლმე).ბოლოს რომელიღაცამ თქვა მგონი კითხვა დაიწყოო და თავი დაანებეს.
ჩვენი ბანკირი კი ფიქრობდა და ფიქრობდა,თუკი ვინმე გაესაუბრებოდა,მაშინვე ჰამლეტზე იწყებდა ლაპარაკს.ბოლოს ყველა შეეშვა,ვერავინ გაუგო რა უნდოდა,რა ჰამლეტი რის ჰამლეტიო.ჩათვალეს რომ გააფრინა(ფრანი არა,ისე,გონება აერია).თან მისი ჰალსტუხიც აღარავის მოსწონდა,ზედმეტაც ძველმოდური და გახუნებული იყო.
დრო რომ გავიდა და უფრო მეტი იფიქრა,მიხვდა რომ არც ისე კარგად იყო და მიზეზი იცით რა აღმოაჩინა?ჰალსტუხი უჭერდა,უჭერდა საშინლად,ლამის დაახრჩო ერთ დღეს.გასაგებიცაა,ჰალსტუხი ხომ ჰამლეტზე ეჭვიანობდა და გადაწყვიტა ბოღმა ბოლომდე გადმოენთხია,თუმცა ბანკირი რის ბანკირი იქნებოდა,რამეს რომ ვერ მიმხვდარიყო და სწრაფადვე მოიშორა ჰალსტუხი,მაგრამ,იყო რაღაც,რასაც სულ დაატარებდა ხოლმე.
ასე იქცა ჩვენი ჰალსტუხიანი,ჰამლეტიანად.
                                                                    სალომე დავითულიანი

Thursday, February 6, 2014



ბლოგის სტუმარო, შენ ახლა იმყოფები თსუ-ის ლიტურატურით შეპყრობილი სტუდენტების ბლოგზე. აქ შენ შეგიძლია წაიკითხო საინტერესო პრეზენტაციები და ჩანახატები, რომლებიც ჩვენი, სტუდენტების გონებაში დაიბადა.
ყველაფერი კი მშობლიურ  მეხუთე კორპუსში, ახალი საგნის, ინგლისური ლიტერატურის ისტორიის სწავლით დაიწყო.  ამ საგანმა მთლიანად შეცვალა ჩვენი სემესტრი და სასიამოვნო ცვლილებებით გაავსო სასწავლო პროცესი. ეს ცვლილებები დღესაც გრძელდება; ჩვენ დღესაც ლიტერატურით ვიკვებებით და ეს ყველაფერი ჩვენი ლექტორის დავით მაზიაშვილის დამსახურებაა; მან შეგვყარა სენი, რომლესაც ლიტერატურის სიყვარული ჰქვია.  
ჩვენ ლიტერატურის სენით შეპყრობილი სტუდენტები ვართ...  და თუ შენ ამ ბლოგის აქტიური მკითხველი გახდები ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, სრულიად უცნობებს სულ ცოტა ერთი რამ, ლიტერატურა გვაერთიანებს…

Tuesday, February 4, 2014

სენტიმენტალური მოგზაურობა რაციონალურ სამყაროში

ზოგიერთები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენ დღეს დიდ დროს ვუთმობთ გრძნობებს, ემოციებს და რომ ეს ცუდია და მეტი დრო უნდა დავუთმოთ მაგალითად მეცნიერებებსა და უფრო ლოგიკურ დარგებს, რომელბიც დაკანონებულია, დოგმატურია, მოწესრიგებულია განსხვავებით უწესრიგო ემოციების, მაგრამ ამასთანავე აღინიშნება ისიც, რომ დიდი დროის დათმობაა საჭირო ადამიანის ბუნების გამოსარკვევად და განა ეს ორი მტკიცება ერთმანეთს არ გამორიცხავს? განა ადამიანის ბუნების გამოვლენა ემოციებსა და გრძნობებზე დაყრდნობით არ ხდება? განა ადამიანი იმაში არ ავლენს საკუთარ ბუნებას თუ რას და როგორ გრძნობს? ვამბობთ რომ დღეს ეს გრძნობები გაუფერულებულია, რადგან ადამიანი მთლიანად მათზეა გადართული. ვეთანხმები იმ აზრს, რომ გადაჭარბება არაფერში არ ვარგა, არც გრძნობებში და არც გონებაში, მაგრამ მე პირადად ემოციური ადამიანი მირჩევნია მფრინავ კუნძულზე მცხოვრებ ადამიანს (გულივერის მოგზაურობიდან) რომელიც აღმერთებს მხოლოდ მათემატიკასა და მუსიკას და აქაც კი გაუგებარი იყო ჩემთვის როგორ შეიძლებოდა მათში მუსიკას არავითარი გრძნობა არ გამოეწვია. მაგრამ დავუბრუნდეთ სათქმელს - ხშირად ემოციებს და გრძნობებს უყენებენ იმ ბრალდებას, რომ ადამიანისთვის უზნეო და უარყოფითი გრძნობები დამღუპველია. პირველ ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ადამიანი ამითაც კი საკუთარ ბუნებას ავლენს. მეორე, ყველაფერს აქვს ორი მხარე და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ კონტრასტი გავავლოთ - ჩვენ ვერ დავაფასებდით სიცოცხლეს, რომ არ ყოფილიყო სიკვდილი, ისევე როგორც ვერ დავაფასებდით სიხარულს, რომ არ ყოფილიყო უბედურება. დიახ, უარყოფით გრძნობებს მივყავართ მანკიერებების გამოვლენამდე, მაგრამ განა დადებითისა და უარყოფითის ეს ერთობა არ გვაქცევს ადამიანად? მხოლოდ ერთი ან მხოლოდ მეორე ხელოვნურად გაფერადებულ ადამიანებს დაგვამსგავსებდა, რომლებიც ვერ ხედავენ განსხვავებას მეგობრობასა და მტრობას, სიკეთესა და ბოროტებას, სიძულვილვილსა და სიყვარულს შორის. იმისთვის, რომ ბუნებრივად გავფერადდეთ საჭიროა ერთიც და მეორეც. საერთოდ რომ არ გვქონდეს გრძნობები როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება? წარმოიდგინეთ ხალხი, რომელიც არ აფასებს არც პოეზიას, არც მხატვრობას, არც მუსიკას და არცერთ ნივთს რომელიც იწვევს გრძნობებსა თუ ემოციებს. ეს იქნებოდა, ალბათ, ჩაკეტილი წრე სადაც ადამიანების არსებობა საჭიროა გახდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ გაეგრძელებინათ სიცოცხლის ხაზი. გრძნობების გარეშე, სიხარულის, სევდის გარეშე სიცოცხლე,სუნთქვა მხოლოდ საათია, ისრების წიკწიკი სადაც ყველაფერს მართავს მკაცრი, ლოგიკური გონების ძალა. ითქვა, რომ დღეს ჩვენს გარშემო მხოლოდ ემოციებია ფილმებში, სერიალებში და პრობლემაც სწორედ ეს არის, რომ ეს ყველაფერი ფილმებში და სერიალებშია და არა რეალურ ცხოვრებაში. დღევანდელ ადამიანებს თითქოს გაწერილი გვაქვს რა როდის უნდა გავაკეთოთ და როდის უნდა ვიგრძნოთ. გადართულები ვართ მთლიანად დაგეგმვაზე და არანაირი სპონტანური რეაქციები არ გაგვაჩნია, თავით-ფეხამდე დაცლილები ვართ გრძნობებისაგან და ერთადერთი რაზედაც ვფიქრობთ ეს არის ფული და კომფორტი. იქნებ შეგინიშნავთ ის გაყინული სახეები, რომლითაც ხალხი ქუჩებში მოძრაობს? მგრძნობიარე მოგზაურის მოგზაურობის მთავარი მიზანი მხოლოდ მოგზაურობა როდია, არამედ საკუთარ თავში გრძნობების განვითარება, ადამიანის შეცნობა და თანაგრძნობის გამოვლენის მცდელობა. ის ყველაფერში ცდილობს რაღაც ემოცია დაიჭიროს, ნებისმიერი რამ რაც მასში გააღვიძებს გრძნობებს და ამით ალბათ ცდილობს გვითხრას, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ბუნებამ გვიბოძა, ეს შეიძლება ითქვას ძღვენი, უნდა გამოვიყენოთ, ვახაროთ იმით რომ წვრილმანებშიც კი ისეთი რამ დავინახოთ რაც სიხარულსა თუ ნეტარებას მოგგვრის, ვინაიდან უბედურება ისედაც მრავლად არის ჩვენს გარშემო. ჩემი ყურადღება მიიპყრო იორიკის სიტყვებმა - ის ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც თუ უდაბნოში აღმოჩნდებოდა იქაც იპოვიდა ისეთ რამეს რაც მის სულს ააფორიაქებდა. არა მარტო წვრილმანებში არამედ ადამიანებშიც კი ცდილობს ასეთი რამის პოვნას. მაგრამ განა როგორ უნდა ეცადო, რომ ადამიანის ნებისმიერი მანკიერი მხარის გამოვლინებაში რაღაც დადებითი დაინახო? ეს ფაქტიურად შეუძლებელია. განა შესწევს ერთ ადამიანს მეორის საქციელში იმდენივე ან უფრო მეტი კარგის დანახვა ვიდრე ცუდის? ცუდს თვალი მაშინვე დაგვანახებს, ეს მარტივია, აი კარგის დანახვა კი გაცილებით გვიჭირს და დიდ მონდომებას მოითხოვს ჩვენი მხრიდან. " რამდენიც არ უნდა ეცადო ყველაფერი პირუკუ გამოდის" - ამბობს ავტორი და ჩემი აზრით მართალიც არის. ადამიანს, რომელიც ცდილობს სხვის ცუდშიც კარგი დაინახოს ხშირად ფარულ ზრახვებში ვადანაშაულებთ და მისი გულრწფელობის ნაკლებად გვჯერა, ვინაიდან ადამიანის თვისებაა გაჰკიცხოს ის რისი უნარიც თვითონ არა აქვს. საინტერესო აღმოჩნდა პირადად ჩემთვის მთავარი გმირის შეხედულება გრძნობებსა და გონებასთან დაკავშირებით. ჩვენ ცხოვრებაში ყოველთვის ვდგავართ ამ ორ მოცემულობას შორის და რაღაც წონასწორობის დაცვას ვცდილობთ, რაც საბოლოოდ ან ერთისკენ გადახრით სრულდება ან მეორისკენ და საბოლოოდ ბალანსსაც ვერ ვამყარებთ. ადამიანს როცა იმედი უცრუვდება გულით მიღებულ გადაწყვეტილებაში, ანუ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც გრძნობებს დააფუძნა ის გონებაზე გადაერთვება და ახლა მისი მეშვეობით ცდილობს მოაწესრიგოს ყველაფერი საკუთარ თავში. სენტიმენტალური მოგზაურობის გმირი კი შემდეგ რამეს ამბობს "მე ჩემი მხრივ არასდროს არ დამითრგუნია გულს მოწოლილი ბოღმა ისე, რომ სასწრაფოდ არ მიმეშველებინა სხვა რამ კეთილი და სათუთი გრძნობა, რათა მისსავე საუფლოში დამეძლია იგი". მაშასადამე გვეუბნება, რომ გულში აღძრულ ბოროტ ზრახვებს მასშივე აღძრული კეთილი ზრახვები უნდა დავუპირისპირპოთ და არ გონების ძალა, რომელიც ცდილობს, ცდილობს და არ გამოსდის შფოთვის დაცხრომა. ავიღოთ გული და გრძნობები, გრძნობნებს ხომ არავითარი კავშირი არ აქვთ გულთან, ეს ხომ უბრალოდ ლამაზი სიმბოლოა და მეტი არაფერი. გრძნობებიც ისევე როგორც აზროვნება ტვინში წარმოიქმნება, მაშასადამე გონებაც და გრძნობებიც ადამიანის ცნობიერების შემადგენელი ნაწილებია და როგორ გამოდის, რომ ურთიერთსაპირისპიროა? ისინი ურთიერთსაპირისპიროსა და ურთიერთგამომრიცხავს კი არა ურთიერთშემავსებელ ორ მოვლენას უფრო წარმოადგენენ. შევთანხმდით იმაზე რომ გონებით, გრძნობების გარეშე არ უნდა იხელმძღვანელოს ადამიანმა, მაგრამ შეიძლება თუ არა მხოლოდ გრძნობებზე დაყრდნობით მოქმედება? -არა- და ავხსნათ რატომ. თუ ჩვენ იმ გრძნობებს, რომლებიც უზნეობისა და მანკიერებებისაკენ გვიბიძგებენ გონებას არ დავუპირისპირებთ მაშინ არ ვიქნებით ისეთი ადამიანები, როგორებიც უნდა ვიყოთ, ანუ მორალურად გაუმართლებელი ქმედებების ტყვეობაში ვიქნებით. მაშასადამე, უარყოფითი ემოციების კონტროლი გონების საფუძველზე უნდა მოვახდინოთ. დადებითი გრძნობები, მაგალითად სიყვარული, აქ როგორია გონების როლი? ავტორის აზრით ამ გრძნობასთან გონებას არანაირი კავშირი არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს, მაგრამ დღეს და ძველადაც ამ გრძნობის საპირისპიროდ ითვლებოდა გონება, რომელიც უფრო ლოგიკურია და მატერიალურ საწყისებამდე დაჰყავს თითქმის ყველაფერი, ხოლო გრძნობები კი უფრო შინაგანი, სულიერია. ე.ი. სიყვარულს, როგორც სულიერს უპირისპირდება გონება როგორც მატერიალური და სწორედ ეს დაპირისპირებაა რაც აიძულებდა და აიძულებს ადამიანთა უმრავლესობას უარი თქვას შინაგანზე და გაცვალოს ის გარეგან კეთილდღეობაზე. თქვენვე გადაწყვიტეთ ამ დაპირისპირებაში რომელს მიაკუთვნებთ მთავარ როლს და მეორეხარისხოვანს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გონება უკანა პლანზე უნდა იყოს როდესაც საქმე ეხება დადებით ემოციებსა და განცდებს. ისევე როგორ წიგნი ჩემი პრეზენტაციაც შეიძლება დაუმთავრებლად ჩაითვალოს, მაგრამ ერთი კი ფაქტია - ჩვენ ხელოვნურად გაფერადებულებს გვჭირდება რაღაც რათა გავიღვიძოთ როცა არ გვძინავს, და ეს რაღაც რატომ არ შეიძლება რომ სწორედ გრძნობები იყოს?
              
                                                                      ავტორი: ანა გოგოხია
                                                                                           

Sunday, February 2, 2014

“სენტიმენტალური მოგზაურობა”

Image გახსოვთ ხომ ალბათ, პირველ სემინარზე დეპრესიულ პიროვნებად ჩამთვალეთ, ჩემი mental age 33 წელია და ყველაფერ ამასთან ერთად მე სენტიმენტალური პიროვნება ვარ.
გენიალურიაო მითხრეს და ცოტა არ იყოს შეშინებულმა დავიწყე კითხვა, ვაითუ რამე ვერ გავიგო, გამომრჩეს-მეთქი, ბევრი რასაკვირველია გამომრჩა, მაგრამ ვიცი რაც მომეწონა. სტერნის თითოეული სენტიმენტალური გადახვევა ბუნებრივად პარალელს გავლებინებს შენს ცხოვრებასთან. ზუსტად იგივე ემოციებს, განცდებს, სიტუაციებს, გაპოვნინებს, ჰოდა მეც ბევრი ვიპოვე.
ჩემთვის ფუფუნებაა იყო სენტიმენტალისტი ისეთ ყოფაში, სადაც, თითქმის, ფიქრის, ოცნების, გაანალიზების დრო არ გაქვს. ხშირად გსმენიათ ალბათ შემდეგი ფრაზები: „რა დროს სენტიმენტებია, საქმეს მიხედე“, „დრო არ იცდის“, რეალობას გაუსწორე თვალი“ და ა.შ. აი, მე კი როცა სსენტიმენტალურ გუნება-განწყობილებაზე ვარ მაშინ შევიცნობ ნამდვილ სამყაროს, რეალობას, გარემოს, ადამიანების მანკიერ თუ სხვა თვისებებს, მეტიც, ხშირად ამიტომაც ვარ ასეთ ხასიათზე. მაგრამ მე ხომ მექანიკური არსება ვარ, ჰოდა ვტოვებ ჩემს სამყაროს და ვაკეთბ იმას, რაც გინდათ.
დანის სალესები, ნებისმიერ დანებს ლესავს, ხომ არ გინდათ? იაფად, სუპერია. იყიდეთ რა. თვალებში გიყურებს აი, ახლა იტყვის, ჯერ არ ჩავალ მომაბრუნებს და იყიდის…
ნემსების ნაბორი? ლიმონი? სულ თითოოროლად დაკრეფილი, სავარცხელი? კალენდარი? ჰა, არა?! მე სულლეი კი თვალებში ვუყურებ, ცრემლებს ძლივს ვიკავებ, მაგრამ არ ვყიდულობ.
-წადი ბაბუ, გენაცვალე, ვიღას უნდა შენი დანის სალესი.
- პივა ჯობია ხომ ყველაფერს?
-აბა რა, დარდს მაინც გაგიქარვებს.
ჩავიდა, მე  კიდევს მაქვს დრო მოვაბრუნო, მაგრამ არ ვაკეთებ ამას. არ ვიცი რა იყო ეს, სიძუნწე, ამპარტავნება, გონიერება თუ სიმდაბლე. მაგრამ ზოგჯერ, რაღაც განწყობა, დამოკიდებულება გაუცნობიერებლად მთელს სხეულს, გონებას ისე ედება რომ მის გაკონტროლებას ვერ ახერხებ.
რამდენჯერ ჩემს ფიქრს საინტერესო დანასკვი ქონია, საოცარი, იდუმალი შეგრძნება დამუფლებია, მაგრამ არ გამიშიფრავს. რამდენ საინტერესო, გენიალურ ადამიანს შევხვედრივარ, მაგრამ არ მითქვამს, რომ ის მაგარია. მე ვერ ვპოულობ ყველა ადამიანში რაღაც ფერს, ალბათ იმიტომ რომ საკადრისად არ ვეძებ, ან არ მინდა ვიპოვო, არადა უფერულობა ძალიან არ მომწონს.
და აი რას ამბობს სტერნი: „უდაბნოში რომ ამოვყო თავი, იქაც მოვძებნიდი ისეთ რაღაცას, ჩემი სულის აფორიაქება რომ შეეძლება“.
კარგი იქნებოდა, ძალიან კარგი ჩვენ პირველმიზნად ეს რომ დავისახოთ. ფილმში, წიგნში, სემინარზე, მუსიკაში, ნოტებში იქნებ რამე სულისშემძვრელი, ფასეული დავინახოთ. აი, ისეთი, ცოტა უკეთესს რომ გაგხდის!
ბუნებრიობა, აი, რას ეძებდა სტერნი ადამიანში და ზოგადად სამყაროში. მას სჯერა, რომ ადამიანს ყველა რეალიზებულ ცუდ თვისებასთან ერთად აქვს ისეთი, რაც ერთმანეთს გვაყვარებს.
თქვენ გინდათ, რომ მე ის ფულიანი ტიპი ავირჩო, რომელიც სადილზე სხვადასხვა კერძს მთავაზობს და არა, ერთი ნაჭერი პური? სტატისტიკამ შეიძლება ამ დასკვნამდე მიგვიყვანოს, მაგრამ მე რაღაც ძალა მკარნახობს, რომ ასე არ დავასკვნა.
მიუხედავად იმისა, რომ მას ეჯავრებოდა გზაზე შემხვედრი ის ბედდაცარული არსებები, რომლებთაც გვერდზე მოქცევიათ თავი და ზურგი აბურცვიათ, ზოგი კი თავის სრულ და ბუნებრივ მდგომარეობაში ჯუჯა ვაშლის ხეებს მოგვაგონებენ, მათ მიმართ განსაკუთრებულ თანაგრძნობას გამოხატავდა.
ოჰ, არ მეთქვას მაინც ქუჩში გავლილს, სოციალურ ქსელში შესულს, რას გავს, რა აცვია, როგორ იქცევა, მაგრამ მე ისინი არ მეზიზღება, უფრო მეტადაც კი მიყვარს, ვიდრე სუფთად, მოდურად ჩაცმული ყეყეჩი ადამინები.
ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა როგორ შეიცვალა თბილისიო, როგორ გაბოროტდა ხალხი, ზოგჯერ მეშინია ისეთი თვალებით მიყურებენო. თბილისი არა, ზოგადად ადამიანები, მაგრამ მე ვყოფილვარ სოფლად, აი, ნამდვილ სოფელში, სადაც სულ სხვა ხალხია, გინდ დაიჯერეთ, გინდა არა. მინახავს სიცივით და მუშაობით დახეთქილი ხელები, თვალები – სუფთა, კამკამა, გამოხედვა – სევდიანი, აი, ჩახუტების სურვილს რომ აღგიძრავს. „მანდარინებმა“ მაინც არ აგიჩუყეს გული?! მე მჯერა, რომ, სწორედ, მათი წყალობით გვიდგას სული…
„სირცხვილი ადამის ძეთ-მეთქი-გავივლე გუნებაში-ჩვენც რომ ისე გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც ამ საწყალს უყვარდა თავისი სახედარი-სხვაგვარად იქნებოდა საქმე.“
ბავშვობაში „ბიძია თომას ქოხის“ წაკითხვისას ვიტირე ყველაზე მეტი, მერე ამდენი არ მიტირია წიგნზე, მოდილიანის, ან მიოცარტის სიკვდილის სცენის ნახვისას როგორ არ ვიტირო?! მე ბებიაჩემის დაკრძალვის დღესაც ვიტირე, და ომის კადრების ნახვის დროსაც ვტირივარ, მაგრამ აქ განსაკუთრებული არაფერია, და საქმე არც ტირილშია. აქ მთავარი ადამიანის ბუნებრიობაა და არა სიყალბე, რომემლსაც ჩვენთის ჩუმად კი არა, გარეთ უნდა ვავლენდეთ.
არ ვიცი მე მეჩვენება, თუ მართლა მომრავლდნენ ე. წ. გიჟები. ჩემს აფორიაქებას იცით განსაკუთრებით რა იწვევს? აი ძალიან, ძალიან ძველი, რომ იფიქრებ აწი აღარავის აცვიაო, ისეთი კოსტუმში და შარვალში გამოწყობილინი, დიდი ჩემოდნით რომ დადიან. ზოგს დიდი თმა და წვერი აქვს და თვალები საოცარი, ტკივილიანი და არანორმალურად ფართო. ჩქარა რომ მიდიან და პირს აცმაცუნებენ, თან ხელებს შლიან და ისე საუბრობენ.  ასეთ დროს მე მათში ვხედავ არა გენეტიკურად არასრულფასოვან, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამინებს, არამედ ცხოვრებისგან დაღ დამჩნეულ, სიმწარე გემულ, დიდ ტრაგედია გადატანილ ადამინებს. ზოგჯერ ასეთებზე იტყვიან ბევრმა კითხვამ უქნაო, შეიძლება ოდესღაც, მისი არავის ესმოდა… აი ისეთებიც!
„მწუხარებას მაინც დიდი დაღი დაესვა და რაღაც არაამქვეყნიური იერი მიენიჭებინა“.
მეტი რა უდნა ვთქვა, ისედაც საკმარისზე მეტი ვილაპარაკე…. მე გემშვიდობებით!
                                     
                                                            ავტორი: ნათია ბენდელიანი 

ის

"მე ვცადე მაინც.."

           კენ კიზი.


   სეპტიმუსი ოცდაათიოდე წლის ფერმკრთალი მამაკაცი იყო..მის თაფლისფერ თვალებში შიში და თავზარდაცემა იკითხებოდა..ერთი შეხედვით მიხვდებოდით რომ "ამ ქვეყნისა" არ იყო და მისი ფიქრები სადღაც კოსმოსის მიღმა დაფრინავდნენ..მას საყოველთაო სიყვარულის სწამდა მიუხედავად ამისა რეციას ეუბნებოდა თუ რატომ უნდა მოეკლა თავი..ეუბნებოდა,რომ ადამიანები ბოროტები არიან..ქუჩაში მათ საახებს უყურებდა და ხვდებოდა,რაოდენ მატყუარები იყვნენ..მათ ფიქრებს კითხულობდა.მან ყველაფერი იცოდა..ცხოვრების არსი იცოდა..!!
    იმ რეჟისორს გავდა რომელსაც ხელში მზა სცენარი ეჭირა,თუმცა ერთი მონაკვეთის შეცვლაც კი არ შეეძლო..უყურებდა ადამიანებს და გული სტკიოდა..ამბობდა უგრძნობი გავხდიო..და სწორედ ეს გრძნობების გახუნება,დაკნინება,გნებავთ სიკვდილი იწვევდა მასში სულისშემძვრელ მელანქოლიას..
ადამიანებს ავხორც,მდაბიო არსებებად მიიჩნევდა..მაგრამ სწორედ მას და არა ვინმე  ჰიუ უითბრედს ან რიჩარდ დალოვეის,სწორედ მას უყვარდა ეს საცოდავი არსებები ყველაზე მეტად...
  უყვარდა შექსპირი...ჰამლეტივით შეეძლო კაკლის ნაჭუჭშია დაუსრულებელი სამყარო ეპოვა..მაგრამ ცუდ სიზმრებს ხედავდა და უცნაური ხმები ჩაესმოდა ირეალური სამყაროდან..
   მასაც და ჰამლეტსაც სამარადისო მარტოობა მიესაჯათ.
   სიმართლის გამო ორივე შეშლილებად  მონათლეს..თუმცა როგორც შექსპირი იტყოდა " ზოგჯერ სიგიჟეში კაცი იმისთანა რამეს იტყვის ,რასაც სიჭკვიანეში ვერც კი მოიფიქრებდა.."
   " თუ დაეცემი ადამიანური ბუნება შენზე გაიმარჯვებს"- ამობობდა სეპტიმუსი..ადამიანურ ბუნებაბაში კი მოიაზრებდა იმ "მეშჩანური" ნახევრის ნახევრული ცხოვრებით მცხოვრებ არსებებს,რომელთა ცხოვრების მთავარი კრედო,უზენაესი "ზომიერების" გრძნობაა..მათ ცხოვრებაში ტკივილიცა და სიხარულიც ფეხაკრეფით დაიპარება და ჩურჩულით ამბობს თავის სათქმელს..
  სეპტიმუსს სძულდა ..ირონიულ ღიმილს გვრიდა ასეთი დაკავებული,ვითომ საქმიანი "უნდა"-ადამიანები,რომლებიც მოჩვენებებივით აღმართულიყვნენ მის წინაშე,ჭურჭლის კარადასა და მოჩვენებებს ერთმანეთისაგან ვერ არჩევდნენ..ვერაფერს ხვდებოდნენ..მაგრამ მაინც მასზე ბატონობდნენ..
   ...ყველაზე დიდი ტრაგედია მის ცხოვრებაში მაშინ დგება,როდესაც "ჩვეულებრივ" ყოფას" უბრუნდება ,მარტო რჩება ჭურჭლის კარადასა და ბანანებთან ერთად..მარტო იყო ასეთ თვალუწვდენელ სიმაღლეზე ,იქ სადაც ქარები გაშმაგებით ღმუიან..სად გაქრნენ მოჩვენებები?სეპტიმუსის წინ თეჯირი იდგა..იმ ადგილას სადაც ოდესღაც მთის მწვერვალებს,სახეებსა და სილამაზეს ხედავდა,უსახური თეჯირიღა რარჩენილიყო..
  სეპტიმუსს არ შეეძლო საკუთარ თავში "ადამიანური ბუნება" შემოეშვა..არ შეეძლო იმ მეშჩანების ნაწილი გამხდარიყო რომლებიც ერთმანეთს ხოცავდნენ..წამიერი გატაცებებით ცხოვრობდნენ და ცხოვრების არსს ვერ წვდებოდნენ...
   სწორედ ამიტომ გადახრტა ფანჯრიდან და ალბათ (გუგულის ბუდესაც გადაუფრინა) მან ვერ შეძლო უსიტყვოდ თავისი ფიქრები კაცობრიობისთვის მიეწვდინა..მაგრამ მისმა "მსხვერშეწილვამ" უკეთ შეასრულა ის მისია რაც სიცოცხლეში კრახით დასრულდა..

   სეპტიმუსი არ ყოფილა ჩვეულებრივი მოკვდავი..
    ის იმ დაღუპულ მეზღვაურს გავდა რომელიც ტალღებს კლდეზე გამოერიყა ..ზღვის ფსკერზე დაეშვა..მოკვდა,მაგრამ მაინც ცოცხალი იყო..!!
   ის დღემდე განაგრძობს არსებობას ჩვენი სულის ყველაზე ღრმა და მიუვალ საცავებში..
   ისევ დადის ქუჩებში..წელში მოხრილი..ან პარკის რომელიმე ძელსკამზეა მიყუდებული გრძელი ნერვული თითებით სიგარას აბოლოებს.. და მის ფართოდ გახელილ თაფლისფერ თვალებში იკითხება მელანქოლია,რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული...!!!

                                                       ავტორი: სოფო გამდლიშვილი