Tuesday, June 10, 2014

66 სონეტი



                         ყველფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
                         რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
                         რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
                         რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
                         რადგან უღირსებს უსამართლოდ დააადგეს დაფნა,
                         რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
                         რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
                         რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ,
                         რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
                          რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
                          რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
                          რადგან სიკეთე ბოროტების ტვედ ჩავარდნილა.
                          ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
                          მაგრამ არ მინდა ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.


საოცარია, მაგრამ შექსპირის 66 სონეტი დღესაც შეეფერება, თან ძალიან ჩვენს რეალობას. შეიძლება დღესაც ბევრია ჩვენ შორის ადამიანი, ვინც უბრალოდ ყველაფრისგანაა დაღლილი და მხოლოდ სიკვდილს ნატრობს. სიკვდილში ხედავს ხსნას და შველას. თუმცა მე მაინც მგონია, რომ სიკვდილი ყველაზე მარტივი და თან ყველაზე რთული გზაა რეალობიდან გასაქცევად.

    რამ შეიძლება მიიყვანოს ადამიანი იმ დონემდე, რომ ის სიკვდილს ნატრობდეს? ალბათ იმ რეალობამ,  იმ ყოფამ და გარემოებამ, რომელშიც ის იმყოფება. 

            რაც უფრო განვითარებული ხდება ადამიანი მით უფრო მეტად კარგავს მგონია ის ჭეშმარიტ, ადამიანურ სახეს. როცა ადამიანს არაფერი გააჩნდა, სამოსიც კი, მაშინ სამყარო გაცილებით  უცოდველი იყო. დღეს კი თითქოსდა შორდება საკუთარ ადამიანურ საზღვრებს, არღვევს ხელშეუხებელ კანონებს და ცდილობს გასცდეს რეალობას. რეალობიდან გაქცეულები კი საბოლოოდ ან გიჟებად და შეურაცხადებად გვევლინებიან ან თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს. თითქოს იკარგებიან, ვითომოვდებიან ადამიანები. ქრება ღირებულებები, ის ღირებულებები, რომელიც ადამიანობის მთავარი მახასიათებელი და შემადგენელი ნაწილია. თუ შექსპირის დროს ღირსება მათხოვრად იყო ქცეული, ახლა უკვე მას პატივმოყვარე მათხოვარი შეიძლება ვუწოდოთ. არარაობებს ჰქონდათ, აქვთ და ექნებათ ძვირფასი ფარჩა მუდამ შეფერებული. ეს ყველა ეპოქის ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა 21-ე საუკუნის ადამიანი ამ საკითხში განსაკუთრებით გამოსარჩევია. ადამიანები თამაშობენ და ირგებენ იმ როლს, რომლისგანაც რეალურად ძალიან შორს დგანან. 

 
                 შექსპირი წუხდა, რომ სიცრუე ერთგულების თვისება გამხდარა, დღეს კი სიცრუე სამყაროს მართავს. დღეს შეიძლება ერთგულება ვერ გაგიგონ, სასაცილო ჩვევად ჩაგითვალონ. დღეს წრფელი გრძნობები უკანა ფლანგზეა მოქცეული, ადამიანები მოქმედებენ გონებით და არა გულით. უსამართლობამ უსამართლოდ დაადგა დაფნის გვირგვინი უღირსებს. თითქოს სიკეთე ბოროტებამ შთანთქა, სულს ღაფავს და ვერ ახერხებს ისევ იპოვოს ადგილი ადამიანებს შორის. უღირსები ღირსეულებს მოღვრავენ, გაუნათლებლები განათლებულებს ასწავლიან, მრუშები უმანკოებს მორალს უკითხავენ. ადამიანებმა ვიცით სხვისი მოვალეობები, ვის რა ევალება, ვინ რა უნდა აკეთოს, მაგრამ იშვიათად ვეკითხებით საკუთარ თავს: "ვინ ვარ მე"? იშვიათად გვიჩნდება შეკითხვა თუ რისთვის ვარსებობთ, რა ფუნქცია გვაქვს. 

                 მგონია, რომ დღევანდელი ადამიანი იშვიათად ლაპარაკობს იმას, რასაც მართლა ფიქრობს და გრძნობს. ისინი ამბობენ იმას, რაც უფრო მოსახერხებელია მათთვის, რაც უფრო წაადგება მათ კეთილდღეობას. დღევანდელი ადამიანი შურმა დაიმონა, გაეგოისტდა, ქართველი კი მითუმეტეს. არავინაა ჩვენზე უკეთესი, ვერავინ შეგვედრება. თავმდაბლობა ამპარტავნებამ, კაცთმოყვარეობა კი ეგოიზმმა ჩაანაცვლა. 

                  ეს ყველაფერი ჩვენი რეალობაა, რეალობა, რომელსაც თითქოს ყველა ეგუება. თითქოს ეს რეალობა იძულებულს გვხდის ვიყოთ მისი ნაწილი ჩვენი ნების უკითხავად. თითქოს თითოეული ჩვენთაგანი ხვდება, რომ ადამიანები უბსკრულისკენ მიექანებიან, ამის საწინააღმდეგოდ კი არაფერს ვაკეთებთ. უბრალოდ ვსხდებით და დავსტირით ჩვენს რეალობას. იქნებ უკეთესია ყველა ადამიანმა საკუთარი თავის გაცნობიერება და გამოსწორება დაიწყოს, მაშინ არ გვექნება დრო სხვისი შეცდომების გაკრიტიკებისა. საკუთარი თავიდან  დავიწყოთ და მერწმუნეთ ვერასოდეს მივალთ სხვამდე.
                                                                                  
                                                                                           ავტორი:ნინო ციკოლაია



1 comment:

  1. მადლობა ნინო შენი დაწერილი ესე და განხილვა პარალელების გავლებასთან ერთად ძალიან დამეხმარა ჩემი თემის დაწერაში.













    ReplyDelete