Sunday, October 9, 2016

ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ არ სჭირდება ანუ სტურუას შექსპირის სამყარო რეგიონებში

ხომ გიფიქრიათ ისეთ ადამიანებზე დიდ რამეებს რომ აკეთებენ ხოლმე კულტურასა და ხელოვნებაში...რა უნდოდათ, როგორ უცხოვრიათ, რა უხაროდათ და სწყინდათ...ერთ-ერთმა ასეთმა ადამიანმა გასულ საუკუნეში ვინ იცის როგორ წარმატებულ დიპლომატიურ კარიერაზე თქვა უარი და მთელი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნა.ეს ადამიანი რეზო თაბუკაშვილი იყო - საზოგადო მოღვაწე და შექსპირის სონეტების არაჩვეულებრივი მთარგმნელი, რომელმაც ერთხელ ისიც თქვა - პატრიოტობა პროფესია არ არის - პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი.ის პროფესიონალიზმი რომელსაც შენს სამშობლოს მოახმარო და მგონი რაზეც უნდა მოგიყვეთ იმ თემას ეს სიტყვები იდეალურად შეეფერება.
ხანდახან ხდება ხოლმე განგების ან იღბლიანი დამთხვევების წყალობით, როცა რომელიმე ადგილს დაებედება გამორჩეული ადამიანების მოღვაწეობა. რუსთაველის თეატრის ისტორიას და რეჟისორებს თუ გადავხედავთ,მივხვდებით რომ თითქოს მას თავიდანვე ხვდა წილად გამორჩეული ყოფილიყო და თამამად ეთქვა სცენიდან ის რასაც ფიქრობდა. არც საუკეთესო რეჟისორების ნაკლებობას უჩიოდა თეატრი და აკი წერდნენ კიდევაც რუსთაველის თეატრი ნამდვილი ეროვნული თეატრია. რუსთაველის თეატრი ეროვნულია თავისი ფორმით, საერთაშორისო თეატრია თავისი მხატვრული მნიშვნელობითო და ასეთი ეროვნულობის შენარჩუნების გამო შეიწირა ალბათ საბჭოთა რეპრესიებმა სანდრო ახმეტელი. მეოცე საუკუნის 70-იან წლებში რეჟისორის პულტთან უკვე რობერტ სტურუა აღმოჩნდა რომელმაც თავისი პოსტმოდერნისტული სპექტაკლებით „მეფე ლირი“, „რიჩარდ მესამე“, „კავკასიური ცარცის წრითა“ და ბევრი სხვით  მსოფლიო გააოცა და აალაპარაკა. პირადად ჩემთვის, რობერტ სტურუა ისეთი ხელოვანი და შემოქმედია, რომელიც ყოველ ჯერზე ახერხებს  გამაოცოს, მაშინაც როცა თითქოს ახალს არაფერს მოველი და ჩემი ნათქვამი გადაჭარბებული ნამდვილად არ არის.
ეს ამბავიკი რაზეც უნდა მოგიყვეთ,მაინცყველაზე მეტად  იმ ადამიანებზეა ვინც უანგაროდ აკეთებს ხოლმე აი,ისეთ რამეებს წეღან რომ ვახსენე. ასეთი ადამიანები იყვნენ წარსულში და ასეთები არიან ახლაც, ჩვენს გარშემო, მაგრამ ხანდახან  დრო გვჭირდება რათა სათანადოდ დავაფასოთ და აღვიქვათ,ან შეიძლება თავად არ უყვართ ხოლმე ყურადღების ცენტრში ყოფნა.
გავა დრო და ვიცი, ამ პროექტის ავტორზეც,რომელსაც „სტურუას შექსპირის სამყარო სკოლებში“ ჰქვია აუცილებლად დაწერენ,უკვე ამაზე ბევრი რამ რომ ექნება გაკეთებული,მაგრამ მე მინდა ახლავე ვთქვა იმიტომ კი არა რომ ჩემი ლექტორია,არც იმიტომ რომ ძალიან მიყვარს,უბრალოდ ასე მიმაჩნია საჭიროდ და არ მინდა მხოლოდ წლების შემდეგ დავწერო,რადგან,ყველაფერთან ერთად დროს კიდევ ერთი ცუდი თვისება აქვს მოგონებებს და შთაბეჭდილებებს აფერმკრთალებს ხოლმე რაც არ უნდა ძალიან ვეცადოთ მათ შენარჩუნებას.
პროექტი „ოთხი დღე სტურუას შექსპირის სამყაროში“ 2013 წელს დაიწყო და იმ სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი ვისაც უყვარს თეატრი,შექსპირი და ლიტერატურა.პირველად მათ ნახეს შექსპირის პიესების  მიხედვით დადგმული სტურუას სპექტაკლები. შემდეგ გადაწყდა, რომ ეს ყველაფერი თბილისში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკეთდებოდა და ორიათასთექვსმეტში,როცა პროექტი რეგიონებში გავიდა და იქ ძალიან ბევრჯერ ჰკითხეს მის ავტორს- დავით მაზიაშვილს რატომ გადაწყვიტეთ რეგიონებიცო,ეღიმებოდა და ამბობდა,იმიტომ რომ არ მინდოდა ეს ყველაფერი მხოლოდ ელიტარული ან მხოლოდ თბილისის სკოლებისთვის ყოფილიყოო. ისე ერთი შეხედვით,მგონი ცოტათი უცნაურია, რატომ უნდა აკეთებდეს ამ ყველაფერს ადამიანი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.ამაზე რომ პასუხი გაგცეთ უფრო შორიდან უნდა დავიწყო და იმაზე მოგიყვეთ რაც 2013 წლამდე და ამ პროექტების სერიებამდე გაცილებით ადრე იყო. მაშინ, წლების წინ,  „საკვირაო ლიტერატურული კლუბის“ იდეა გაჩნდა და ამ ყველაფრის ავტორი თავადაც მგონი კარგად მიხვდებით და აღარ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი რომ დათო იყო. ეს კლუბი დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს და მიუხედავად იმისა რომ იდეის ავტორი და ხელმძღვანელი უკვე სტუდენტი აღარ არის, ლექტორია და გადატვირთული გრაფიკი აქვს, მაინც ახერხებს ხოლმე უქმე დღის ნაწილი ისეთ სტუდენტებს დაუთმოს, ვისაც ლიტერატურა, თეატრი და ხელოვნება უყვარს და მასზე სალაპარაკოდ სალექციო საათები არ ჰყოფნის. ზემოთ რუსთაველის თეატრზე ვთქვი დაებედა გამორჩეული რეჟისორები მეთქი. თსუ-ის მეხუთე კორპუსის შექსპირის კაბინეტსაც ასეთივე ბედი ხვდა წილად. უნივერსიტეტი მარტო შენობა კი არ არის, უნივერსიტეტი პიროვნებებზე, ადამიანებზე დგას და ამიტომაც მოვიდა აქამდეო, ერთხელ თვითონაც აღნიშნა. მე სულაც არ მჭირდება დროის გასვლა, რომ ვიცოდე, დათო ერთ-ერთია ვისზეც დღევანდელი უნივერსიტეტი დგას. ამას რომ წაიკითხავს, არ მოეწონება და მეტყვის რომ მსგავსი რამეების თქმა საჭირო არ არის, მაგრამ რადგანაც ამ შემთხვევაში ბედმა გამიღიმა და საშუალება მეძლევა მე მოვყვე ამბავი, თავს ამის თქმის უფლებასაც თამამად ვაძლევ.
თუ რატომ სტურუას შექსპირის სამყარო და არა პირიქით, ამაზე თავად პროექტის ავტორი აღნიშნავს, რომ იმდენად დიდია სტურუას წვლილი თანამედროვე თეატრალური დადგმების ისტორიაში რომ მის მიერ შექმნილ სამყაროს თამამად შეგვიძლია ასე ვუწოდოთ, ეს სტურუას მიერ დანახული შექსპირია და იმიტომ. მოკლედ,მე იმაზე უნდა მოგიყვეთ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი რეგიონებში და მგონი დროა დავიწყო...
პროექტი სახელწოდებით „სტურუას შექსპირის სამყარო რეგიონებში“ თებერვალში დაიწყო და ამ სამი თვის განმავლობაში საქართველოს სამი ქალაქი მოიცვა : გორი, ქუთაისი და ზუგდიდი.ამ ხნის განმავლობაში თქვენ მონა-მორჩილსაც საშუალება ჰქონდა ამ პროექტის რეჟიმით ეცხოვრა და ყოველ კვირასდავდიოდით  რეგიონებში სადაც სხვადასხვა სკოლის ბავშვები ისმენდნენ  ლექციებს ისეთ სპექტაკლებზე როგორიცაა „ჰამლეტი“,“რიჩარდ მესამე“,მეფე ლირი“ და „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“. დასაწყისი წარმატებული აღმოჩნდა ბავშვები და მათთან ერთად ერთ-ერთი სკოლის პედაგოგიც დაინტერესდა ამ პროექტით და ყველა ვიდეოჩვენებას დაესწრო. ვიდეოჩვენებების შემდეგ ბავშვები რუსთაველის თეატრშიც იყვნენ და „იულიუს კეისარიც“ ნახეს დიდ სცენაზე.
შემდეგი გაჩერება ქუთაისი იყო და ერთი მწერლისა არ იყოს, აბა მე ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, მაგრამ არც გაჩუმება მეპატიება,იმიტომ რომ ქუთაისი სხვანაირი ქალაქია,ძველი ნაცნობივით შინაურულად რომ მიგიღებს და ამჯერადაც არ მოხდა სხვანაირად.ქუთაისზე კიდევ იმიტომ უნდა დავწერო, რომ იქ ელისო ფანცხავა დაგვხვდა არაჩვეულებრივი ადამიანი,რომელიც შეყვარებულია თავის ქალაქზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ იქაურებს ხელოვნება და ლიტერატურა შეაყვაროს.კიდევ იმიტომ უნდა დავწერო, რომ პროექტი პირველ სკოლაში ჩატარდა,ისეთ ადგილას სადაც ისინი სწავლობდნენ ვისაც დიდი საქმეები უკეთებია ქვეყნისთვის და ამის დასამტკიცებლად აკაკი წერეთლის,ნიკო ნიკოლაძის,ექვთიმე თაყაიშვილის,დავით კაკაბაძის და დიმიტრი უზნაძის ხსენებაც საკმარისი იქნება. არადა, ეს მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობაა იმათი ვისაც აქ უსწავლია.ქუთაისში მარტო სკოლის მოსწავლეები არ დაგვხვედრიან, ის სტუნდენტებიც იყვნენ ვისაც შექსპირი უყვარს და ყოველ კვირას მოლოდინით სავსე დარბაზი გველოდებოდა.
ჰოდა, დაგვხვდა ქუთაისი ისე როგორც იცის ხოლმე,თბილად,ორგანიზებულად...
     ვიდეოჩვენებების გარდა პროექტში მონაწილე მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ არა მარტო სპექტაკლები ენახათ, არამედ თავად შექსპირის პერსონაჟს შეხვედროდნენ და მისეული ხედვა მოესმინათ, გაეგოთ თუ როგორია მსახიეობის მიერ გააზრებული ესა თუ ის პერსონაჟი, რომელთა მსგავსები არა მარტო წარსულში, არამედ დღესაც შეგვიძლია ჩვენს გარშემო დავინახოთ და ვიცნოთ. რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი ქალბატონი ლელა ალიბეგაშვილი, რომელიც „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთში“ ოლივიას როლს ასრულებს სწორედ ამაზე ესაუბრა ბავშვებს. მათთან საუბრისას ქალბატონმა ლელამ თქვა- მსახიობის ცხოვრება ისეთიამისი ბედნიერი მომენტები რომ შეკრიბო, შეიძლება სულ ათი წუთი გამოვიდეს, მაგრამ ეს მძიმე მუშაობა ამ ბედნიერ წუთებად ღირსო.ქალბატონმა ლელამ ისიც უთხრა ბავშვებს, რომ თეატრი შემეცნებაა და სწორედ ეს არის ამ პროექტის მთავარი ღირსებაც  ამის საშუალებას რომ გაძლევთო. თავად არაჩვეულებრივ მოცეკვავეს ბავშვობაში „კავკასიური ცარცის წრის“ ხილვის შემდეგ გადაუწყვეტია,რომ პლასტიკა საკმარისი აღარ იყო მისთვის,საჭირო იყო სიტყვებიც და ამიტომ გადაწყვიტა მთელი ცხოვრება მსახიობობისა და თეატრისთვის მიეძღვნა,რასაც რასაკვირველია არ ნანობს.
პროექტის ბოლო,დასკვნითი ნაწილი სამეგრელოში შედგა და ჩვენი სამთვიანი მოგზაურობაც დასრულდა.უამრავი საინტერესო ადამიანის გაცნობით, ისეთ ბავშვებთან შეხვედრით ვისი სკოლაც საერთოდ არ მონაწილეობდა პროექტში, მაგრამ მაინც ყოველ კვირას ვხედავდით ხოლმე დარბაზში. ამ სამი თვის განმავლობაში იმასაც მივხვდით, რომ ბავშვებში უზარმაზარი პოტენციალია და მათ  უფრო მეტი მსგავსი საგანმანათლებლო პროექტი სჭირდებათ რათა განვითარდნენ და სკოლის ასაკშივე მიეჩვიონ იმას რაც მეც ძალიან მაკლდა და მხოლოდ უნივერსიტეტში შევივსე ეს დანაკლისი ისევ დათოს წყალობით. ამ სამი თვის განმავლობაში გავიცანით ბავშვები, ვისაც აქამდე შესაძლოა შეხება არ ჰქონია თეატრთან თუმცა ამ პროექტის შემდეგ დაინტერესდა და ყოველ კვირას ელოდა საინტერესო ლექციებსა და ვიდეოჩვენებს.
და მაინც, ვისაც  ოდნავ მაინც ეჭვი ეპარება იმაში, რომ შეიძლება ვიღაც ყველაფერ ამას უანგაროდ აკეთებდეს მათთვის მე ამ ყველაფრის ჩემეული ახსნა მაქვს.ეს ყველაფერი იმად ღირს რომ პროექტის დასრულების შემდეგ, როცა ბავშვების ნაწერებს კითხულობ, გრძნობ რომ რაღაც შეძელი,აფიქრე და განაცდევინე. ვიღაცამ პირველად გაბედა და დაწერა ან სულაც ჩუმადაა, მაგრამ იცის რომ რაღაც ღირებულს მიაგნო,რაღაც ფასეული იგრძნო.ის, რის გარეშეც ეს ისედაც პრაგმატული ცხოვრება ძალიან რთულია.ლიტერატურის,ხელოვნების,თეატრის სიყვარულის გარეშე. ხელოვნებას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს და გრძნობს,ამიტომაცაა ისეთი როგორიც არის-უნიკალური და მრავალფეროვანი.ზოგიერთი ადამიანი სწორედ იმისთვის ცხოვრობს რათა გრძნობდეს და უყვარდეს.ოღონდ ეს ისეთი სიყვარულია დაფარვა რომ არ სჭირდება,პირიქით,ყველას უნდა გაუზიარო,გადასდო,შეაჩვიო და მაშინ, ცხოვრება იმაზე უკეთესი იქნება ვიდრე არის.ეს პროექტიც ხელოვნების სიყვარულზეა,სტურუასეულ შექსპირის სიყვარულზე და არც ამ სიყვარულს უნდა დაფარვა.ჰოდა, ამიტომაც არ დავმალე და მოგიყევით.
21 ივლისი, 2016 წელი.

                                                                   ავტორი: თათია სიბაშვილი
                                                                   ფოტო: ნანუკა ჯაფარიძის  



Wednesday, January 27, 2016

დაკარგული სამოთხე თუ სამოთხეში დაკარგულები?!

“I've never seen such a bunch of apple-eaters.” ― J.D. Salinger, Nine Storie

საკითხი, რომელიც რწმენას, რელიგიას ეხება, მუდმივად აქტუალური, საინტერესო და შეიძლება ითქვას, საიდუმლოებით მოცულია. ბუნებრვია, ასე გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს კაცობრიობა. კითხვა ბევრი ჩნდება, თუმცა პასუხი ხშირ შემთხვევაში არადამაკმაყოფილებელია და კიდევ უფრო მეტ შეკითხვას აჩენს. რატომ არის ასე მიუწვდომელი და ამოუხსნელი ის, რაც ჩვენამდე იყო? რატომ ვერ სწვდება მოკვდავის გონება სამყაროს შექმნის საიდუმლოს?
ალბათ, უფალს ამდენი ძიება, ეჭვის თვალით ყურება და გამოკვლევა არ სჭირდება. უფალი უბრალოდ უნდა გწამდეს, ყოველგვარი დამტკიცების გარეშე, რადგან მათეს სახარება გვეუბნება: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.“ თუმცა, მიუხედავად მოწოდებისა, ადამიანის ადამიანური  მაძიებლობა, ცნობისმოყვარეობა ვერ ცხრება და მუდმივად კითხვაზე პასუხის მიღებაზეა მომართული. თავის გამართლება იოლია: ჩვენი რა ბრალია, ჩვენ მხოლოდ მემკვირდრეობით გვერგო გადაჭარბებული ინტერესი აკრძალულისადმი, ჩვენ ხომ ადამის და ევას მემკვირდეები ვართ, რომელთა ცნობისმოყვარეობამაც კაცთა მოდგმა დააშორა ედემს. ალბათ, ჩვენც ვცოდავთ, როდესაც ვცდილობთ, მეტი გავიგოთ უფლის „საქმიანობის“ შესახებ, ცნობისმოყვარეობა კი, ადამის და ევასი არ იყოს, არც ჩვენ არ გვაძლევს გასაქანს.
თუმცა, ლიტერატურაში ხომ ყველაფერი დასაშვებია. ასე „ლიტერატურულად“  ჩვენამდეც ბევრი ჩაუღრმავდა, ეძება, იკვლია და თავისებურად გაიაზრა. რთული სათქმელია, მილტონსაც ასეთივე „გარდარეული“ ინტერესი ჰქონდა ბიბლიური საკითხებისადმი, თუ  ბიბლიური სიუჟეტი საუკეთესო ნიღაბი იყო პოლიტიკური ეპოქის საერთო განწყობილების გადმოსაცემად?! ფაქტია, მისი პერსონაჟები მეტად „ადამიანურები“ არიან. ღმერთი უფრო მონარქია, ვიდრე ღმეთრი. ეშმაკი რევოლუციონერი, სამართლიანობის აღდგენის სურვილით შეპყრობილი „ტიპი“.
„დაკარგული სამოთხე“ ბევრ კითხვას აჩენს, კითხვები კი რთულად საპასუხოა. ლოგიკური მსჯელობითაც კი ( თუ შეიძლება რელიგია ლოგიკაში მოაქციო) არალოგიკურ დასკვნებამდე მივდივართ.
პირველი, რაც თვალში გხვდება „დაკარგული სამოთხის“ კითხვისას, ეს თავისუფლების თემატიკაა. რა არის თავისუფლება? რა შემთხვევაშია ადამიანი თავისუფალი? რატომ აუმხედრდნენ ანგელოზები უფალს? ისინიც თავისუფლებას მიელტოდნენ? რა იყო მთავარი მოტივაცია მათი წინააღმდეგობისა? რთულია განსაჯო, სად გადის ზღვარი, ამ შემთხვევაში, თავისუფლების სურვილსა და ამბიციურობას შორის. თავისუფლების სურვილმა გამოიწვია მათი ამბიცია გატოლებოდნენ უფალს, თუ ამბიცია იყო თავისუფლება? რატომ დაისაჯა სატანა ასე სასტიკად მაშინ, როდესაც თავისუფლებისათვის მებრძლოთ გმირებად ვრაცხავთ?!
 მილტონის „დაკარგული სამოთხის“ მიხედვით, სატანას აქვს ლიდერისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება: მებრძოლია, შეუძლია საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს გარშემომყოფნი, იღებს თამამ გადაწვეტილებებს, უშიშარია. მაკიაველისეულ სიტყვებსაც -  „მიზანი ამართლებს საშუალებას“ - ბოლომდე მიჰყვება და არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს არჩეული გზიდან გადახვევას, თუნდაც დამარცხდეს ბრძოლაში. კარგი სტრატეგია, სიტუაციის მიხედვით შეუძლია მოქმედება. როდესაც მიხვდა, რომ პირდაპირი ბრძოლით არაფერი გამოდიოდა, ჩუმი ფარული მოქმედება განიზრახა ღმერთის წინააღმდეგ.
როდესაც ვქმნით ეშმაკის პროფილს, გარკვეულწილად, სიმპათია გვიჩნდება მისი პერსონისამდი. იყო ინიციატორი არასდროს, არც ერთ შემთხვევაში არაა იოლი. იყო ინიციატორი უფალთან შებრძოლებისას - კიდევ უფრო მეტ გამბედაობას მოითხოვს. ორმაგი გამბედაობაა საჭირო, როდესაც ერკინები მას, ვისთანაც ერთი ბრძოლა უკვე წაგებული გაქვს.  შეიძლება ითქვას, რომ კარგი მთავარსარდლის ყველა თვისება აქვს ეშმაკს. სწორედ ეს იწვევს მკითხველის სიმპატიას მის მიმართ. თუმცა არსებობს მეორე მხარეც, უჯანყდება ვის? უფალს!! ამ შემთხვევაში უფალი, როგორც რელიგიური „ფიგურა“, როგორც ყოვლისშემოქმედი არაფერ შუაშია. მარტივად რომ ვთქვათ, უჯანყდება მას, ვინც მისცა ის ძლიერება, რაც აქვს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რამდენად ჯანსაღია მისი ამბიცია? აქვს რეალურად იმისი მოთხოვნის მორალური უფლება, რასაც ითხოვს?  ისტორიაში მრავლადაა მაგალითები, როდესაც რევოლუცია, აჯანყება სამეფო კარზე  ეწყობა სწორედ სათავეში მყოფის ხელქვეითის მიერ.  თუმცა, მონარქის და მონარქიის დამმარცხებელი,  ხშირ შემთხვევაში, ტირანად გვევლინება და წინამორბედზე პირსისხლიანი მეთოდებით აგრძელებს მმართველობას. ლოგიკურიცაა, რადგან თუ პიროვნებას შესწევს ძალა, დაამარცხოს მონარქი, გამოდის, მასზე ძლიერია.
ამ შემთხვევაში ეშმაკის მოტივაცია მხოლოდ თავისუფლების სურვილიდან არ გამომდინარეობს. დავუკვირდეთ, მას ერთი მხრივ, უფალი ერთპიროვნულ მმართველად მიაჩნია, მეორე მხრივ კი მასთან გატოლებას ცდილობს, ანუ მასში პოტენციური მონარქი უნდა დავინახოთ. პარალელი გავავლოთ შექსპირის „იულიუს კეისართან“. ეშმაკი ბრუტუსს მოგვაგონებს, მათი მისწრაფებები თანხვედრილია. ბრუტუსი სულაც არ მესახება პატრიოტად, რომელსაც მხოლოდ რომის ბედი აღელვებს. როდესაც ადამიანს შეუძლია ისეთი ვერაგული გზით დაამარცხოს მოწინააღმდეგე, როგორითაც ბრუტუსი ამარცხებს კეისარს, მას არ შეიძლება ადამიანების ბედი ანაღვლებდეს. პოტენციური ტირანია ბრუტუსი, ისევე როგორც ეშმაკი „დაკარგული სამოთხიდან “.  არც ბრუტუსი და არც სატანა სამართლიანობის აღმდგენებად არ მოიაზრებიან.
ჰგავს თუ არა უფლის ქმედება მონარქის ქმედებას? თანამედროვედ რომ აღვწეროთ მოვლენები, უფალმა განსხვავებული აზრის გამო დასაჯა ეშმაკი და მისი თანამოაზრეები. თუმცა, მეორე მხრივ, უფალი იღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას. არცერთი მოკვდავი არ შეეგუება, რომ მისმა ხელქვეითმა ჯერ გატოლება მოუნდომოს და შემდეგ ბრძოლა გაუმართოს პირველობის მოსაპოვებლად. ორჯერ რთული ასატანი იქნებოდა ეს ფაქტი  ღმერთისთვის. ბოლოს და ბოლოს ის ღმერთი, ყველაფრის შემოქმედია და თავისსავე შექმნილი „არსება“, რომელიც აღჭურვა ამდენი შესაძლებლობით, ბრძოლას უცხადებს. აქ, ალბათ, შემეკამათებით და იტყვით, რომ მაინც არ იყო „დემოკრატიული“ ღმერთის ქმედება, მაგრამ ამის კონტრარგუმენტად შეიძლება მოვიყვანოთ უფლის მიერ შემოშავებული  დასჯის ფორმა. მისცა  ჯოჯოხეთი სატანას და მის მეგობრებს „საბატონოდ“ და იქ სრული თავისუფლება მისცა მათ. ეშაკს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, მმართველობა უნდოდა, მიიღო კიდეც, ოდნავ განსხვავებული ფორმით. უფალმა დედამიწისკენ მიმავალი ეშმაკი შენიშნა, მისი მზაკვრული გეგმის შესახებაც იცოდა, თუმცა ხელი არ შეუშალა, ისევე როგორც ადამის და ევას დაცემის შესახებ იცოდა და არც მათ გადაწვეტილებაში ჩაერია. არც მთლად მონარქის  ქმედებას არ გავს უფლის ქმედება. ეშმაკისა და პირველი ადამიანების მიერ გადაწვეტილების მიღება დამოუკიდებლად, ღმერთის ჩაურევლად მოხდა. ბოლომდე ინარჩუნებს დემოკრატიულობას უფალი და თავის ძესთან საუბრისას ამბობს, რომ ადამიანს შანსს უტოვებს ცოდვები მოინანიონ. ასე რომ, გადაჭრით უფლის მონარქად გამოცხადება არასამართლიანი იქნება.
სხვა საკითხია ჰქონდა თუ არა პირველ წყვილს თავისუფლება ედემის ბაღში? დიახ, მათ ჰქონდათ თავისუფლება, თუ არ ჩავთვლით უფლის აკრძალვას ცნობადის ხის ნაყოფთან დაკავშირებით, თუმცა შეჭამდნენ თუ არა, ესეც მათზე იყო დამოკიდებული. რეალურად, უფალი არც თუ ისე დიდ მსხვერპლს ითხოვდა ადამისა და ევასგან.
ისევ თანამედოვეობის პარალელურად განვიხილოთ. ჩვენ დღეს ვამბობთ, რომ დემოკრატიის პირობებში თავისუფლები ვართ, თუმცა ეს თავისუფლება მიღწეულია უამრავი კანონის არსებობის ხარჯზე. კანონებისა, რომელიც ადამიანებმა შექმნეს და მაინც... ჩვენ ვიცავთ მათ. არსებობს რაღაცები რაც გვეკრძალება... და მაინც, ვამბობთ, რომ თავისუფლები ვართ.
მაშინ, გამოდის, ადამი და ევაც სრულიად თავისუფალნი იყვნენ და უფლის მიერ დაწესებული აკრძალვა, უბრალოდ, „კანონი იყო „მშვიდობისყოფისთვის“. ისიც არაა უცხო, რომ კანონის დარღვევისთვის უამრავი სახის სანქცია არსებობს (შეგახსენებთ, დემოკრატიის პირობებშიც). ანალოგიურად, დაისაჯნენ  ადამი და ევაც. ამის შემდეგ უფალმა სამუდამოდ დაკეტა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი გზა.

ასე განვითარდა მოვლენები სამოთხეში. საჭირო გამბედაობაც კი არ აღმოაჩნდათ ჩვენს წინაპრებს, რომ საკუთარი დანაშაული ეღიარებინათ. ბოლო შანსიც ვერ გამოიყენეს. და მას შემდეგ მივტირით დაკარგულ სამოთხეს, ედემის ბაღს, რომელიც ერთი უბრალო ხის ნაყოფის დაგემოვნებისათვის დავკარგეთ!
                                                                  ავტორი:მარია რაზმაძე
                                                                ფოტო: ნანუკა ჯაფარიძე