Thursday, December 24, 2015

ჩოსერიდან 24 დეკემბრამდე

ერთმა საყვარელმა ადამიანმა მითხრა არასოდეს დაგეზაროს მადლობის გადახდა და მადლიერების ან სიყვარულის გამოხატვა, მაშინ მითუმეტეს, როდესაც ეს შენც ძალიან გინდა და მერე ნახავ შენც როგორ კარგად იგრძნობ თავსო.
ალბათ ამიტომ ვზივარ ახლა აქ და ვკითხულობ იმას, რასაც ვკითხულობ. დაწერილს წაკითხვა უფრო მიმარტივდება, წერისას უფრო მარტივად გადმოვცემ სათქმელს, ალბათ ამიტომაც ვწერ ძალიან ხშირად.
მე-8 კლასში ვიყავი უნივერსიტეტი პირველად რომ ჩავიფიქრე და მას შემდეგ ამეკვიატა. ვიცოდი, რომ აქ უნდა მოვსულიყავი, თუმცა ის არ ვიცოდი რა დამხვდებოდა, როგორი იქნებოდა. მხოლოდ ფიქრებში წარმოვიდგენდი და ვხატავდი შესაძლო რეალობას. მოვედი და ვერ გეტყვით ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა თუ არა. მარტო ის მახსოვს, რომ როდესაც უნივერსიტეტში პირველად ფეხი შემოვდგი ვიტირე. ბევრი გაიცინებს, მაგრამ კი, მე ვიტირე. ისევ ვიტირებ მგონია ამ რამდენიმე თვეში, როდესაც აქედან გავალ. უბრალოდ მჩვევია შევისისხლხორცო ის, რაზეც ვოცნებობ, რაც მიყვარს და რასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.
 უნივერსიტეტის პირველი დღეები, პირველი მეგობრები, ლექტორები, პირველი შუალედურები. პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები სახლიდან შორს. არ მახსოვს, უფრო სწორად, მახსოვს მაგრამ არც ისე მნიშვნელოვნად პირველი წელიწად-ნახევარი უნივერსიტეტში. უაზროდ და ზომაზე მეტად ვნერვიულობდი და განვიცდიდი ყველა სიახლეს. შემდეგ კი სავალდებულო საგნების ჩამონათვალში ინგლისური ლიტერატურის ისტორიაც გაჩნდა. მოლოდინი ისევ რაღაც ახლის, ახალი საგნის, ახალი ლექტორის. მაგრამ ამ შემთხვევაში საგანმა მოლოდინს ნამდვილად  გადააჭარბა. პირველი წიგნი, რომელსაც შევეჯახეთ ეს „კენტენბერიული მოთხრობები“ იყო. გუშინდელი დღესავით მახსოვს ბათელი ქალის ამბის განხილვა პირველ სემინარზე, სადაც აზრთა სხვადასხვაობამ იმ დონემდე მიგვიყვანა, რომ სხვა საგნის სემინარებზეც მის ამბავს ვარჩევდით. ლექტორი ჩვენს კამათსჩუმად უგდებდა ყურს და შიგადაშიგ ეღიმებოდა. თავიდან ვერა, მაგრამ დღეს უკვე ვხვდები რატომაც ეღიმებოდა. ბათელი ქალის შემდეგ კი იყო ის, რის გამოც მართლა ღირდა უნივერსიტეტში მოსვლა, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. ეს შექსპირის უკიდეგანო სამყაროსთან შეყრა იყო. ჰამლეტი, მეფე ლირი, იულიუს კეისარი და თანდათან მივხვდი, რომ ამ ყველაფერმა რადიკალურად შემიცვალა ფიქრები, აზრები და ხედვა ზოგადად ყველაფერზე. შეუძლებელია შემთხვევით მოგეცეს იმის შესაძლებლობა, რომ არა მარტო ეხებოდე და კითხულობდე შექსპირს, არამედ ის უკვე გაცოცხლებული ნახო რუსთაველის თეატრის სცენაზე შენივე დროის ყველაზე დიდი რეჟისორის, რობერტ სტურუას მიერ. ეს საოცრება იყო, ენით აღუწერელი გრძნობა, როდესაც გავაცნობიერე, რომ ჯაჭვის ერთი რგოლო მეც ვიყავი ამ ყველაფერში. ამისთვის კი მადლობა ლექტორს, დავით მაზიაშვილს, რომელმაც თეატრი ლამის საკუთარ სახლად გვიქცია და რომელმაც მიმახვედრა, რომ ადამიანის შესაძლებლობები სურვილის შემთხვევაში უსასრულოა.
მსჯელობები, კამათები, დისკუსიები, სტუმრობები რუსთაველის თეატრს და შემდეგ ბუნებრივიცაა, რომ იცვლები დადებითისკენ, ვითარდები და იზრდები. უნივერსიტეტში მოსულმა გავაცნობიერე, რომ რობინზონ კრუზო ან თუნდაც გულივერის მოგზაურობა სულაც არ წარმოადგენდნენ ზღაპრებს და რომ სულ სხვა თვალით უნდა შემეხედა მათთვის. წიგნის, პერსონაჟების, ამბების სულ სხვაგვარი აღქმა, სადაც შემეძლო ჩემივე ინტერპრეტაციით დამესრულებინა ან გამეგრძელებინა ისტორიები. ყველაზე სულიერი და ცოცხალი საგანი, ინგლისური ლიტერატურის ისტორია, რომელმაც დამაწყებინა ფიქრი ისეთ საკითხებზე, რომლებზეც რომ არა ეს საგანი, ალბათ არასდროს დავფიქრდებოდი. როდესაც ეხები ჩოსერიდან მოყოლებული მე-20 საუკუნემდე პერიოდს, ფიქრობ სამყაროზე, ადამიანზე, ღმერთზე და შემდეგ ამ ყველაფერზე მსჯელობ, შენდაუნებურად პატარა ფილოსოფოსს ემსგავსები, რომელიც ცდილობს არა სხვის კვალს გაყვეს, არამედ რაღაც ახალი აღმოაჩინოს, იპოვოს და გაკვალოს. ზუსტად ხომ ფილოსოფოსობას მოითხოვდა ლექტორიც ჩვენგან. მინდა რომ იფილოსოფოსოთო, ძალიან ხშირად უთქვამს. ლექტორი, რომელიც ცდილობდა ჩვენი აზროვნება რაღაც გარკვეული, არსებული ჩარჩოებიდან გაეყვანა და სულ სხვა კუთხიდან გვემზირა, სულ სხვა კუთხიდან შეგვეფასებინა მოვლენები. ყოველთვის, როდესაც ამ საგნის სემინარებიდან გავდიოდი და ჩვენთვის განკუთვნილი 2 საათი იწურებოდა, სურვილი მიჩნდებოდა რაღაც დამეწერა, იმდენად ბევრ ემოციას და აზრს, ფიქრს ტოვებდა ეს ყველაფერი. მქონია მომენტები, როდესაც არსებული სივრციდან გავსულვარ ფიქრის საშუალებით და მიღმიერი სამყაროდან მიმზერია ამ სამყაროსთვის.
      და ახლა, ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ ინგლისური ლიტერატურის ისტორიასთან, ბოლოჯერ ვზივარ 208-ე აუდიტორიის საპრეზენტაციო სკამზე და აღვწერ ამ ორი წლის განმავლობაში დაგროვილ განცდებს და ემოციებს. ალბათ შეამჩნიეთ როგორ მებმის ენა, ხმა კანკალებს, პულსაციაც გაორმაგებული, მაგრამ უბრალოდ მომინდა ამ ფორმით გადამეხადა მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც იყო და რაც იყო, ის მართლაც რომ დაუვიწყარი, შეუფასებელი და შეუდარებელი იყო.
             მადლობა Sunday Literature-ს.

                                          ავტორი: ნინო ციკოლია 

Tuesday, October 27, 2015

Last Presentation ( ჩემი ჰამლეტი და Sunday literature)

ესეც ბოლო სემინარი,უკანასკნელი ვიზიტი მოშინაურებულ 208 აუდიტორიაში,ან უბრალოდ ნავსაყუდელში რომელიც 2 წლის განმავლობაში გვეხმარებოდა რეალობისგან გაქცევაში და საკუთარ თავებთან გვაბრუნებდა.
  ბევრი ვიფიქრე ამ პრეზენტაციაზე,ზედმეტად ბევრი, იმდენად ბევრი,რომ  ბოლოს ლამის შუბლის ძარღვი გამიწყდა და უპრეზენტაციოდ დავრჩი..არა იმაზე თუ რომელ ნაწარმოებს ავირჩევდი,ეს თავიდანვე ნათელი იყო,იმაზე ვიმტვრიე თავი თუ როგორ გადმომეცა ჩემი სათქმელი.
უცნაურია,ხანდახან კაცს ყველაზე საყვარელი საქმიანობა–წერა,ყველაზე მეტად რომ გიჭირს,ალბათ იმიტომ,რომ არ გინდა გაჩვეულერივდე და შიგნით ჩამარხული განცდები სიტყვებით გააუფერულო,ჰოდა მეც ჯიუტად ვდუმდი და ახლა დროა ეს დუმილი დავარღვიო,ბევრი ვუტრიალე "ჰამლეტს"...ხან საბანგადაფარებული ჩუმად ვკითხულობდი,ხანაც იატაკზე ფეხმორთხმით,ხმამაღლა, მარტო ჩემთვის.
  ბოლოს იმდენად ახლობელი გახდა რომ სულს შეეზარდა...
  ჩემთვის ნებისმიერი ნაწარმოები, შექსპირიდან დაწყებული,ვიღაც ჩრდილში მდგომი ავტორის უცნობი ჩანაწერებით დამთვრებული,ახლობეელი ხდება იმდენად,რამდენადაც მეტია "ბურძგლების " რაოდენობა ხელებზე და აჩქარებული პულსაცია გულში. ჰოდა ამ პრეზენტაციასაც დღიურში მოვათავსებ,როგორც ყველაზე ძვირფასს და ჩემსას.
    პირველი შეხვედრა ჰამლეტთან, ერთი შეხედვით ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ სწორედაც რომ საჭირო დროს მოხდა,მეორე კურსზე. 2 წელი და უამრავი ახალი ჰორიზონტი მაშორებს იმ დროსთან,მაგრამ მაინც ზედმიწევნით კარგად მახსოვს ის შეგრძნებები რაც ამ შეხვედრამ მომიტანა. ეს ის დრო იყო,როცა ჯერ კიდევ "ნირმალური" სტდენდების სიაში ვირიცხებოდი,სიბეჯითე და შრომისმოყვარეობა რომ არ ეუცხოვებათდა სემინარის,დასწრების და ათასი  ჯანდაბის ქულები პირდაპირ გულის ფიცარზე ხვდებათ !! : ) 
მაგრამ მერე შევხვდი მას და ტვინი ამომიტრიალდა !

ჰამლეტთან შეხვედრა გავდა იმ ტკივილთან შეყრას,დაბადებიდან რომ შენში ცხოვრობს,შენთან ერთად რომ იღვიძებს,თვალებს ახელს,ფიქრობს,ჭამს,კითხულობს,სეირნობს და ა.შ მაგრამ მაინც რაღაც უშლის ხელს შენამდე მოსვლაში. ჰგავდა ყველა წაკითხულ წიგნს ერთად თავმოყრას,ყველა წარმოსახვითი და სიზმრისეული სამყაროს ცენტრს.
 პირველი ამოწერილი ციტატა:
 "ჩემთვის კი არ სჩანს,იგი არის მე როდი ვიცი,
  ჩენა რას ჰქვან ჩემს გულისთქმას ვერ გამოაჩენს,
  ვერც ეს მელნიფრად შეღებილი წამოსასხამი,
  ვერც მგლოვიარედ წესისამებრ ძაძებში ჯდომა,
 ვერც ქარიშხალი ღმოსული კვნესა გულისა,
 ვერცა თვალთაგან მომდინარე ცრემლთა წყარონი,
 ვერც პირისახე მწუხარების გამომხატველი.."

დასაწყისშივე წავაწყდი შემაძრწუნებელ სინამდვილეს. არ აქვს მნიშველობა თუ რა სახის ტკივილს გრძნობს ადამიანი.იგი იმდენად ძლიერადაა შენს არსებაში გამჯდარი,რომ ნებისმიერი ცდა გარეთ გამოიტანო და გამოხატო,წინასწარვე მარცისთვისაა განწირული. სანამ თვითონ არ მოინდომებსშენი არსებიდან გამოღწევას.
 მერე იყო პირველი პრეზენტაცია,მართალია სხვა აუდიტორიაში და სხვა ( მაშნ ჯერ კიდევ უცნობ ) ლექტორთან,მაგრამ გულის აჩქარების და ენის დაბმის თითქმის იგივე ხარისხით...
  პირველი ნამდვილი ჩაფიქრება თავისუფლების არსზე.ვაღიარებ,უნივერსიტეტმა მთელი სიმძლავრით დაიწყო თავისი მთავარი საქმის კეთება. კერძოდ იმ იდეალების მსხვრევა,რისიც "სიყმაწვილეში" მჯეროდა.
ჰამლეტის სიტყვები:
" მე თუნდაც კაკლის ნაჭუჭში მომწყვდეული ვიყო,ჩემი თავი დაუსრულებელი სივრცის მფლობელი მეგონებოდა,ოღონდაც ცუდ სიზმრებს არ ვხედავდე..."

ამას მოჰყვა კიდევ ერთი, საკუთარ თავში შეყუჟული,შეურაცხადი სეპტიმუსი,რომელსაც პრინცის შემდეგ ყველაზე მეტად დავუმეგობრდი.
და..
არ შემიძლია რომ არ ვახსენო ფილმი,რომელმაც ჰამლეტი უფრო გასაგები და ემოცია უფრო მკაფიო გახადა ჩემთვის..
"Into The Wild.."
ერთი შეხედვით სრულიად სხვა თემატიკა,დრო,სივრცე და სიუჟეტი,მაგრამ იგივე შეკითხვები ყოფნა–არყოფნაზე,იგივე სიმარტოვე და იგივე დიდი გაქცევა, ოღონდ ამჯერად ველურ პირობებში.
ალექსის სიტყვები:
"სიყვარულის,დიდების,ფულისა და ბედისწერის სანაცვლოდ, მომეცით სიმართლე..."

ამ ყველაფერმა ერთ მნიშვნელოვან აზრამდე მიმიყვანა. რაც არ უნდა ზურგშექცევით იდგე ცხოვრებასთან, რაც არ უნდა ურიცხვი მატერიალური,სოციალური,ჯანმრთელობის თუ სხვა პრობლემები გაწუხებდეს,რაც არ უნდა იკვებებოდნენ გარემოებები შენით, მაინც არსებობს რაღაც რასაც ვერავინ წაგართმევს დედამიწის ზურგზე და ეს რაღაც შენი შინაგანი თავისუფლებაა.იქ შენხარ მეფეც და მონაც ,გალაქტიკაც და ერთი უსახელო ასტეროიდიც..

"კარგი და ცუდი თავისთავად როდია სადმე,მას მხოლოდ კაცის გონება შეიქმს ხოლმე"
ყველაფრის გასაღები გონებაშია,რომელიც ქმნის და აყალიბებს გარემოებებს. აზრი გარდაისახება სურვილში. სურვილი მოქმედებაში,ხოლო ჯიუტი და დაუღალავი მოქმედების შედეგად  აუცილებლად შექმნი(ამოიშენებ) შენს ალტერნატიულ რეალობას. გარემოპირობები კი თითსაც ვერ დაგაკარებეენ !
  მე მივხვდი თურმე შენი თავი მარტო ის არ ყოფილა რასაც სარკეში ან მარტო დარჩენილი და გაძარცვული ხედავ, შენი თავი სხვა ადამიანების თავშიც იმდენივეა რამდენადაც ისინი გიყვარს,როგორც ერთ მოთხრობაშია: " იგი იყო ყველაფერში და ყველაფერი იყო იგიში.."

 მერე იყო საუბრები თავისუფლებაზე,უამრავი ახალი იდეა,რუსთაველის თეარის ჯადოსნობები,წვიმაში მოყოლილი ფიქრები და "ლამპოჩკის" ანთება ტვინში. დახურული საოცრებებით სავსე სკივრი,რომელიც მხოლოდ ჩვენთვის გაიხსნა,იქიდან კი ჯინი–მისტერ კიტინგი ამოფრინდა : ) 
ჩვენი ყოველი სემინარი გავდა მკვდარი პოეტების საზოგადოების შეკრებას გამოქვაბულში.
მაგრამ ყველაფერი დაიწყო ჰამლეტით.
ჩვენ გადავაბიჯეთ იმას რაც მხოლოდ თვალისათვისაა ხილული,მოვლენების არსში შეღწევა მოვინდომეთ.
იყო "ჩემი წიგნი"
"ბუზთა ბატონი"
პოსტმოდერნიზმი და ჯოისი :( აქ ის ტანჯვა იგულისხმეთ რაც ულისესთან ჭიდილის დროს ვიგემე)

არ ვიცი,შეიძლება ამ ყველაფერმა უფრო მეტი ქაოსი გამოიწვია ჩვენში,მაგრამ ქაოსის გარეშე ხომ წესრიგი წარმოუდგენელია.
ჩვენ გავედით სხვა სივრცეში და იქიდან ერთმანეთის მიკრო სამყაროები სხვანაირად დავინახეთ.
და ყველაფერი დაიწყო იმით,რომ 2011 წელს ერთმა საშუალო სტატისტიკური მონაცემების გოგომ გადაწყვიტა ესწავლა ინგლისურ ფილოლოგიაზე ,ამავე დროს (პარალელურ რეალობაში)  სხვა მისნაირი საშუალო სტატისტიკურად დაბნეული გოგონები მოხვდნენ ერთ დიდ ნავში და წელიწად ნახევრიანი ცურვი შემდეგ მოაღწიეს 208–ში.
 შეიძლება ყველაფერს ავცდი,
მაგრამ მოვედი აქ !
 მადლობა ამისთვის  "კაპიტანო "  : ) 

                                               ავტორი: სოფო გამდლიშვილი 

ბავშვების წილი შექსპირი, სტურუა და უნივერსიტეტი

ოდესმე თუ გიფიქრიათ იმაზე,რომ გაგიმართლებდათ, თუ ისეთი რეჟისორის ეპოქაში მოგიწევდათ ცხოვრება,რომელსაც გამბედაობა ეყოფოდა და სიმართლეს თამამად იტყოდა ყველგან და ყოველთვის?! ვინც ისეთ სპექტაკლებს დადგამდა,რომელიც მსოფლიოს აალაპარაკებდა და გააოცებდა?! ჰოდა,თუ იმ ეპოქაში ცხოვრობთ, სადაცარსებობს კაცი სახელად რობერტ სტურუა,მაშინ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ იღბლიანი ყოფილხართ.და თუ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ხართ და იმის საშუალება გაქვთ, რომ მისი შექსპირისეული დადგმები ნახოთ და ამ დადგმების შესახებ ლექციები თსუ-ს გამორჩეულმა სტუდენტებმა წაგიკითხონ,მაშინმთლად მოსალოცად გქონიათ საქმე.
ჩემი აზრით, ხელოვნებაში შეგრძნებაა მთავარი. შეგრძნება იმისა, რომ ის , რასაც უყურებ, შენი რეალობის ცოცხალი ნაწილია და შენთან ერთად სუნთქავს.თუ ეს იგრძენი,ამის შემდეგ გულითაც რომ გინდოდეს, ვეღარც თეატრში სიარულს დაანებებ თავს და ერთსა და იმავე სპექტაკლსაც იმდენჯერ ნახავ, სანამ მსახიობების ყველა რეპლიკა არ გეცოდინება ზეპირად.თეატრირომ „ცოცხალია“, მე ამას უნივერსიტეტში მივხვდი ჩემი ინგლისური ლიტერატურის ასოცირებული პროფესორის, დავით მაზიაშვილის დახმარებით(ამის შემდეგ,სადაც მისი ხსენება დამჭირდება, ყველგან დათოს ვიტყვი,იმიტომ არა, რომ ვინმეზე ნაკლებ პატივს ვცემ...მოკლედ,ვინც იცნობს, მიხვდება , რატომაც და ვისაც მისი გაცნობის ბედნიერება გაქვთ წინ,ისინიც მალე მიხვდებით ყველაფერს).ჰოდა,მიჩვევა იცის თეატრმა-მეთქი, ვამბობდი და ძალიან ხშირად მიფიქრია იმაზე, მე რომ ეს ყველაფერი სკოლის ასაკში მენახა, როგორ გამიმართლებდა.
ჩემი გამართლებისა რა გითხრათ,მაგრამ 2015 წლის 23 აპრილს რუსთაველის თეატრში  შეკრებილ სკოლის მოსწავლეებს რომ ძალიან გაუმართლათ, ამას, მგონი, ჯერ თვითონაც ვერ ხვდებოდნენ კარგად.წეღან ვახსენე,თეატრს რომ მიეჩვიო, უნდა იგრძნო,როგორც ცოცხალი ნაწილი,რომელშიც წარსული,აწმყო და მომავალი ერთდება-მეთქი და დათომაც აქედან დაიწყო.ჯერ ექსკურსია იყო რუსთაველის თეატრში თავისი მომაჯადოვებელი აურით და კოსტიუმებით,“ქიმერიონითა“ და უნიკალური ფრესკებით. შემდეგ  ვინც უკვე ვიცოდით,რა მიზიდულობა ჰქონდა თეატრს, ისინი დავდიოდით მუზეუმში და ვეცნობოდით სტურუას „მეთორმეტე ღამის“ მასალებს, რათა  ერთ-ერთ ჩვენგანს იმათთვის მოეყოლა,ვისაც ყველაფერი ჯერ კიდევ წინ ჰქონდა. შემდეგ დაიწყო სტურუასისეთი ლეგენდარული სპექტაკლების ვიდეოჩვენება,როგორებიცაა: „ჰამლეტი“,“რიჩარდ მესამე“,“მეფე ლირი“ და „შობის მეთორმეტე ღამე,ანუ როგორც გენებოთ“. 9 მაისს რობერტ სტურუასთან შეხვედრაც შედგა და ბავშვებმა ისე ლაღად და თავისუფლად წაიყვანეს საუბარი,ჩვენ,უკვე დიდებიც რომ ვერ შევძლებდით ასე,ჰოდა , ვისხედით წყნარად და გვეღიმებოდა.
ყველაზე მთავარი მაინც პროექტის დახურვა იყო 9 ივნისს,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.ადგილიც არ იყო შერჩეული შემთხვევით,იმიტომ რომ  რუსთაველის თეატრი და პირველი უნივერსიტეტი ის სივრცეა,რომელშიც არცთუ იშვიათად საუბრობენ იდეებზე.უნივერსიტეტი ხომ თავადაათავისუფლების იდეა.ერთთვიანი ფიქრის შემდეგ ბავშვებს თავისი ნაფიქრი და ნაგრძნობი უნდა გაეზიარებინათ ჩვენთვის.ჰოდა,შედეგმაც მოლოდინს გადააჭარბა,იმიტომ რომ ბავშვებმა ყველაზე მთავარი გაიგეს.გაიგეს,რომ ერთი პატარა გოგოს ნათქვამისა არ იყოს, ჰამლეტი მართლა არასოდეს კვდება,რომ ხანდახან როცა რიჩარდისნაირი ტირანები გამოჩნდებიან და დროთა კავშირი დაირღვევა,სადღაც ყოველთვის იქნება სულ მცირე ერთიჰამლეტი მაინც,რომელმაც სიმართლე იცის და ამ სიმართლის რიჩარდისნაირ ტირანებს ყველაზე მეტად ეშინიათ.

პროექტის მთავარი მიზანი რომ მიღწეული იყო,ამას ყველა მიხვდა,იმიტომ რომ იმ დღეს, დათოს წყალობით, ყველას თავისი წილი შექსპირი,სტურუა და უნივერსიტეტი მიჰქონდა სახლში.

                                                           ავტორი: თათია სიბაშვილი
                                              

Wednesday, October 14, 2015

ჩოსერიდან ეკომდე და პაზოლინიმდე

არსებობს ისეთი წიგნები და ფილმები სადაც უხეშად,ყოველგვარი ესთეტიკის გარეშეა ნაჩვენები ის რეალობა რაშიც სამყარო ცხოვრობს არსებობის დროიდან და ამ სამყაროს მაცხოვრებლებს სამწუხაროდ არც ის მოსწონთ, თუ ვინმე გამოჩნდება და სახეზე ააფარებს ამ რეალობას.მაშინვე ცხვირს აიბზუებენ და ზიზღით გვერდით გაიხედებიან.ავანტიურის ავტორს კი „წესიერი“ ხალხისგან კრიტიკის ქარცეცხლში გავლა მოუწევს.ეს იცოდა და იცის დედამიწის ყველა მაცხოვრებელმა და მხოლოდ ერთეულები თუ აღმოჩნდებიანხოლმე ისეთი გაბედულები,რომლებიც შეძლებენ ამ ყველაფრის ხმამაღლა თქმას.საბედნიეროდ თითო ასეთი „თავზეხელაღებული“ ყველა ეპოქას ჰყავს და რადგანაც წინა რენესანსზე ვლაპარაკობთ,ჩოსერს რომ გვერდს ვერ ავუვლით ფაქტია.გვერდის ავლა იქით იყოს და ამ კაცმა წინარენესანსში ისეთი ამბების მოყოლა გაბედა სამღვდელოებაზე,ქალებსა და ურთიერთობებზე დღემდე განსჯის საგნად რომ რჩება ლიტერატურის წრეებში და ახლაც კარგა ხანს თუარა,რამდენიმე კვირას მაინც ილაპარაკებენ „თსუ“ს ორასრვის ნაცვლად ახლა უკვე ორასმეერთე აუდიტორიაში.
ჩოსერის დროს ასეთ გაბედულ ტიპებს ერეტიკოსობის გამო კოცონზე რომ წვავდნენ ფაქტია.იმას კი ამბობს ვერ დავიკვეხნი მწიგნობრობას და სიბრძნის ცოდნასო,მაგრამ მისი კენტერბერიული მოთხრობები საფუძვლად რომ დაედო ლოდნონურ დიალექტს ესეც ფაქტია და ის,რომ თავისი ოსტატური ირონიით და მახვილი იუმორით გაჯერებულ ნაწარმოებში ყურადღება სხვა რამეებმაც მიიქცია და ჩოსერიც გადარჩა ესეც სახეზეა.გადარჩა და ის საზოგადოება დაგვიტოვა სადაც „სიყვარული რომ ყველაფერს სძლევს“ ამას „ღვთისმოსავი“ წინამძღვარი მადამ ეგლანტინის გულსაბნევი გაცნობებთ  და მისი ძაღლებისადმი დამოკიდებულება.მერე რა,რომ გარეთ შიმშილი მძვინვარებს..მომლოცველებში რომ ინდულგენციების გამყიდველი ურევია,ყალბი წმინდა ნაწილებით და შენდობის ფურცლებით აღჭურვილი განსაზღვრულ ფასად რომ გამოგასყიდინებთ უკვე ჩადენილ და მომავალში ჩასადენ ცოდვებს,არც ეგაა ახალი ამბავი.ჩოსერმა ვერ ადამიანურ ვნებებს აუარა გვერდი და ერთ კოშკში გამომწყვდეული ორი ემოციის ჭიდილზეც მოგვიყვა.ურთიერთობები კიდევ იქაც ისეთივე დაძაბული და მრავალფეროვანი ყოფილა,როგორიც დღესა.ქალების მრავალფეროვნებაზე სასაუბროდ ბათელი ქალის ხსენებაც საკმარისი იქნებაიმიტომ, რომ მინიმუმ ხუთ სხვადასხვანაირ ურთიერთობაზეგვიამბობს და მეექვსეს ძიებაშია თან ისე,რომ საკუთარ თავზე ირგებს წმინდა წერილს და საზოგადოებრივ ეტიკეტსაც.
დროის ციკლურობაზე აქამდეც ბევრი ულაპარაკიათ ჩემზე ჭკვიან ადამიანებს და მე არაფერს ვიტყვი გარდა იმისა,რომ გავიდა საუკუნეები და ჩოსერის კენტერბერიული თავგადასავლებით იტალიელი პაოლო პაზოლინი დაინტერესდა,რომელიც კინოკარიერამდე სამწერლო კარიერით გახდა ცნობილი და მანამდე უკვე სახელგანთქმულმა თავისი ფილმით ადამიანთა ისეთ მანკიერებებს გაუსვა ხაზი,დღესაც რომ ვერ შეხედავს მშვიდად თანამედროვე მაყურებელი.ფილმმა პაზოლინის ოქროს დათვი მოუტანა-მე კიდევ ერთი ცნობილი იტალიელის წიგნი გამახსენა და მონასტერში გამეფებული სიტუაცია,მონასტრის მნათე საოცრად რომ ჰგავს ჩოსერის და პაზოლინის მნათეს აღარ იყო ჩემთვის გასაკვირი.არც ის გამკვირვებია,რატომღაც ბევრი ფულის ქონა სამივეგან რომ ცხონების წინაპირობაა და ამის შემხედვარეს,უილიამ ბასკერვილელის სიტყვები რომ გამახსენდა მაცხოვრის შესახებ ადსოს რომ ეუბნება, მე არ ვიცი და არც მაინტერსებს იცინოდა თუარა მაცხოვარი,მაგრამ თუ წინასწარ იცოდა რას ჩაინდენდა კაცობრიობა არა მგონია სიცილის სურვილი გასჩენოდაო, არც ეგ იყო მაინცდამაინც დიდად გასაკვირი.

ამავე რომანში ავტორი იმასაც გვეუბნება „იმაზე კიარ უნდა იფიქრო რას გეუბნება წიგნი,არამედ იმაზე თუ რისი თქმა სურს მას“-ო და ვფიქრობ,რომ ეს ნათქვამი ფილმებზეცსამართლიანად შეიძლება  გავრცელდეს და პაზოლინის ეკრანიზაციაში იმის დანახვას უნდა ვეცადოთ,რისი თქმა სურს ამჯერად უკვე მეოცე საუკუნის მორიგ თავზეხელაღებულს თავისი კარნავალური ტანისამოსით, რომლის შეხედვაზე თითქოს უნდა გეცინებოდეს მაგრამ არ გეცინებაპირიქით,ზიზღის შეგრძნება გაქვს.თითქოსდა ჩოსერისპერიოდის გმირებით სავსე ფილმის ქალები საოცრად კარგად ერგებიან თანამედროვეობას,წინასწარ გათვლილი,დალაგებული საოჯახო გეგმებით.მაინც ქარაფშუტა და არასერიოზული კაცებისკენ რომ გაურბით თვალი,არარეალიზებული კაცებით,დედები რომ თავზე ხელს უსვამენ და შენ ცდილობ თვალი აარიდო იმას,რომ სწორედ ასეთ სამყაროში ცხოვრობ,სადაც „მზარეულის ამბავის“ პერსონაჟის ვითომდა სიმღერა კიარ გაცინებს გზარავს,სადაც თეთრი ფერი უბიწობას სულაც არ ნიშნავს,სადაც ცოლების ხათრით „შავი სიიდან“ ამოგიღებენ და თუ სამი ათასს დაამატებ ზედ მაშინ გადარჩენილი ხარ კოცონზე შებრაწვას,იმ კოცონზე,სადაც მაღალნი ამა ქვეყნისანი უმანკო სახეებით,სამაგალითოდ დასჯიან დამნაშავეს და ხალხს თვალებს ცეცხლიდან წამოსული შავი კვამლით დაუბნელებენ,აქ არც სინდისია საჭირო და არც შებრალება,მათთან ერთად ვერ გადარჩები..მეგობრობაზე საუბარიც ზედმეტია და ჯოჯოხეთში ვიზიტითვის თვალების მაგრად დახუჭვა საჭირო სულაც არ არის,პირიქით,ფართოდ თუ გავახელთ და მიმოვიხედავთ კარგად დავინახავთ ყველაფერს...და ეს ყველაფერი არ იქნება იმაზე საზარელი,როგორებიც პაზოლინის გმირები არიან.მისივე სიტყვებით  რომ ვთქვათ,ჩვენ ხომ იმ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება,რომელიც “ეროტიკას კომერციად აქცევს, ეპოქა, როცა სექსს გამოიყენებენ, როგორც მონობის და არა სიამოვნების საშუალებას”.ჰოდა,გაახილეთ თვალები,გაბედეთ და თვალი გაუსწორეთ პაზოლინის ადამიანს,მოისმინეთ ის სასოწარკვეთილი ბგერები,რასაც თავად სიმღერას ეძახის და მერე კიდევ ერთხელ ვიტყვით იმას,რაც უკვე მრავალჯერ ითქვა.იმას,რომ სხვადასხვა ეპოქაში გამოხატვის ფორმებია სხვადასხვა თორემ მთავარი სათქმელი იგივე რჩება და ექვსი საუკუნე რაღა უნდა ყოფილიყო ისეთი ხელოვანისთვის როგორიც ჩოსერია.დროს სულაც არ შეუშლია მისთვის ხელი იმის ცოდნაში რომ გავიდოდა დრო და მის ამბებს მეოცე საუკუნეში ერთი ნიჭიერი რეჟისორი კინოფირზე აღბეჭდავდა.ექვსმა საუკუნემ ვერც პაზოლინის შეუშალა ხელი ისეთი კინოშედევრი შეექმნა კიდევ მრავალ თაობას რომ შეაძრწუნებს თავისი რეალურობით.

                                                          ავტორი: თათია სიბაშვილი

Wednesday, April 15, 2015

გონიერი შანტეკლერის ავბედითი სიზმარი

       ბევრი ვიფიქრე  თუ რაზე შეიძლებოდა გამეკეთებინა პრეზენტაცია, პრინციპში                გასაკეთებელი ბევრია თუმცა აზრის იმდენად დალაგება, რომ შემდეგ კითხვა                 რატომ არ გაგვიჩნდეს ძალიან რთულია. ბავშვობაში მეგონა რომ გენიოსი იყო                ადამიანი,  რომელსაც ჩემს უაზრო და  ბავშვურ შეკითხვებზე პასუხები გააჩნდა ,            ახლა კი როდესაც გავიზარდე მივხვდი, რომ გენიოსი ის არის ვინც კითხვებს სვამს,        ნუ რა საკვირველია კითხვა საჭირო დროს და საჭირო თემაზე უნდა იყოს                          დასმული.დიახ, ის ვისაც შეკითხვები უჩნდება  ბევრი იცის, ითხოვს პასუხებს და          შემდეგ მსჯელობით მიდის დასკვნამდე.  თორემ ადამიანს რომელსაც არაფერი                უნახავს და წაუკითხავს კითხვაც შესაბამისად არასდროს გაუჩნდება. ჩოსერის                 ბათელი ქალის ამბავმა ბევრი კითხვა გამიჩინა, მიუხედავად იმისა რომ უპასუხოდ         დატოვებული კითხვებია , მაინც კარგია, ადრე თუ გვიან ხომ  მაინც მექნება                      პასუხები. და თავსაც იმით ვინუგეშებ რომ ის ვინც კითხვებს სვამს აზროვნებს                პასუხებიკი  აზროვნებასთან ერთად მოვა.  თუმცა პასუხების ძებნას კითხვებზე //          რა სურთ ქალებს, რა არის  ბედნიერი  ქორწინების საიდუმლო, სად უნდა ვეძებოთ        ბედნიერება მატერიაში თუ ადამიანებში, ///დროებით უნდა  გადავდო გვერდზე.            და დავიწყებ თხრობას  შანტეკლერზე, დიახ მედიდურ   მამალზე , რომელმაც                   საკუთარი თავის ფასი იცოდა და დღენიადაგ გაბღენძილი დადიოდა. ქათმები კი           როგორც მეფეს ისე ექცეოდნენ ცივ ნიავს არ აკარებდნენ და როგორც კი მოწყენილს         დაინახავდნენ მაშინვე  ყველას საზრუნავი გამოუჩნდებოდა, მისი გართობა და               ისევ გაბღენძვა, თუმცა  აბა რა იცოდნენ ,რომ მეფე სულაც არ იყო, ისინი ხომ                   უბრალო ქათმები იყვნენ . ცოლად მშვენიერი პერტელოტი ჰყავდა, ხომ                             წარმოგიდგენიათ მშვენიერიი ქათამი, რომელიც სათნოებით გამოირჩეოდა, ჰო               ვიცი რთული წარმოსადგენია, მაგრამ შეეცადეთ წარმოიდგინოთ ქმრის მორჩილი,         თვინიერი,  გულმართალი და გონიერი ქათამი. ვიცი ერთმანეთთან ალოგიკური             კავშირია მაგრამ ვინ დაეძებს , ქათამი ეძახეთ თქვენ და ამ მშვენიერმა ქათამმა                 მოახერხა მისი ქმარი ისე ჩაეგდო ხელთ, რომ მედიდურ შანტეკლერს მის გარეშე             სუნთქვაც წარმოუდგენელი ...თუმცა რა მოსატანია აქ მათი ამბავი, სულაც არ                   ვაპირებ თქვენთვის ქათმების სიყვარულის ამბის თხრობას. ჩემი საპრეზენტაციო           თემა ხომ ბედისწერაზეა...  სამწუხაროდ, აქაც უამრავი კითხვა გამიჩნდა რომელზე         პასუხებიც, რა საკვირველია, ისევ არ მაქვს, თუმცა როგორც აღვნიშნე საწუწუნო             ჯერ არაფერია, მთავარია კითხვები მაქვს , და  რადან კითხვები მაქვს მაშასადამე             შეძლებისდაგვარად ვაზროვნებ. 
        ახლა მთავარს მივუბრუნდეთ თორემ შორს წავალთ, ზოგადად ვინ მეტყვის რა                 არის ბედისწერა,  მიუხედავად იმისა რომ ეს სიტყვა ძალიან ხშირად მხვდება                   მაინც არ ვიცი რას ნიშნავს რეალურად, საინტერესოა ნუთუ მართლა ბედისწერა             განაგებს ადამიანთა ცხოვრებას. მრავალ თქვენგანს დარწმუნებული ვარ ეჭვიც არ           ეპარება მის არსებობაში. ხშირად  მსმენია რაც უწერია იმას ვერ აცდება“, „ეგ ეწერა           და აჰაა“, თვით ჩოსერიც კი ამბობს გულდამწვარი: „ეჰ შანტეკლერო სად წაუხვალ           შენს ბედისწერას“ . ანუ რა გამოდის, რომ ჩოსერსაც სჯერა ბედისწერის.  ახლა                   წესით უნდა მკითხოთ შუაშია  ჩვენს მედიდურ მამალთან ბედისწერა,  რომელიც          გონიერი პერტელოტის თქმით არც არსებობს. ალბათ მიმიხვდით რომ გონიერს              ბრჭყალებში ვსვამ თორემ აბა ქათამს ტვინი სად მოეკითხება.   მაშ ასე,  დამიგდეთ          ყური თუ პასუხი გაინტერესებთ. ერთხელაც ჩვენს შანტეკლერს შეშინებულს                    გამოეღვიძა, არ იკითხავთ რამ შეაშინა ჩვენი მამალი?  ავბედითმა სიზმარმა                      დაუფრთხო ძილი. როგორც კი შეშინებულმა თვალები გაახილა და ცოლი დაინახა        მაშინვე გული დაუმშვიდდა ..მშიშარა არ გეგონოთ , აბა ვის არ შეეშინდებოდა                სიზმარში რაღაც არსება რომ გვენახა,  რომელიც გარეგნულად ძაღლს ჩამოგავს               ამასთან ძალიან  ფრთხილია, ეშმაკი თვალებით გვიყურებს და მომენტს ელოდება          რომ შეგვსანსლოს.
            კიდევ კარგი  მამაცი პერტელოდს არ შეშინებია , თორემ წარმოიდგინეთ ორივე მათგანს გაუსკდებოდა ერთმანეთის შემხედვარე გული., ჰაჰ კიდევ კარგი  ცოლი მაინც იყო გონიერი ქათამი  თქვენ წარმოიდგინეთ და შერცხვა კიდეც მისი აქამდე სანაქებო მეუღლის რომელიც სიზმარს ისე შეუშინებია რომ ქალთანაც კი  არ შერცხვა საკუთარი შიშის გამოხატვის,  გულში ალბათ ყველას გაგკრავთ მერედა ვის უნდა ასეთი მშიშარა მამალი გვერდით; „ო ღმერთო მაშინ რა ფასი აქვს მასთან ცხოვრებას , მის ხელში ქალი ხომ დაჭკნება და ჩამოხმება. არა მე მხოლოდ ის მაკვირვებს, კაცი სადამდე უნდა დაეცეს და სადამდე უნდა დამდაბლდეს როცა მეუღლეს ურცხად ასეთ რამეს უბედავს“ და გონიერ პერტელოტს მოჰყავს მაგალითად რომაელი ბრძენკაცი კატონი , „ სიზმარი ცრუა გვეუბნება-არამც და არამც  არ ენდოთ სიზმრებს, მგონი მარტო კატონიც კმარა.“  გონიერი  პერტელოტი  უხსნის ქმარს რომ სიზმარს ნაღვლის ხურვება იწვევს. საბედნიეროდ მედიცინაშიც  გათვითცნობიერებული პერტელოტი  ქმარს ბალახებსაც ურჩევს განსაკურნებლად, როგორ გაუმართლა არაა ჩვენს შანტეკლერს ასეთი ქათამი რომ ჰყავს გვერდით J , , თუმცა პერტელოტს ასეთ გონიერ ქათამს  გული ჩაწყდა რომ ასეთი ელემენტარული რამ  რაც ნებისმიერ გლეხსაც კი ეცოდინება მისმა გონიერმა  მეუღლე არ იცოდა.. თუმცა სულაც არაა დიახაც რომ იცოდა ბრძენმა შანტეკლერმა აბა ტყუილად ხომ არ არის მამალი, უბრალოდ საბრალოს შიშისგან დავიწყებოდა. ხომ გაგიგიათ სხვა სხვის ომში ბრძენიაო. ალვათ ამ შემთხვევას ამაზე უკეთ არაფერი შეეფერება.. ეს ყველაფერი კარგი თუმცა ახლა ჩვენს  კითხვებს მივუბრუნდეტ, განა ბრძენი კატონი სიმართლეს ამბობს სიზმრის შესახებ?  ნუთუ კატონზე არანაკლებ დაეჯერება ძველთა მამათა სიბრძნესა და გონიერებას, „რამეთუ კაცის თითეული გინდა სიზმარი , გინდა  ზმანება აზრიაო ნათლისმიერი, ხოლო ღვთის ნება ისე როგორც ბედის ხატება კაცს ჟამიდაჟამ მხოლოდ სიზმრით განეცხადება.“ მთავრია გაგება და გადაშლილი წიგნივით კითხვა შეგვეძლოს ამ სიზმრის, თორემ ისე ტყუილად მოვცდებით. ჰო ვიცი დაგღალეთ და გაინტერესებთ რა მოუვიდა ბოლო ბოლო ჩვენს შანტეკლერსაც?  არ დაუჯერა თავის სიზმარს, ვერ აჯობა ბედისწერას და კინაღამ მელიის ლუკმა გახდა.. კიდევ კაი ცოტა მოხერხება მაინც გააჩნდა, თორემ კი დარჩებოდნენ ჩვენი ძვირფასი ქათმები უმამლოდ.  არ გეგონოთ თითქოს ჩემს აზრს გახვევდეთ თავს, სიზმრების განა  მე მჯერა, არა ბატონო,  თუმცა მისი უგულებელყოფაც,  რა საკვირველია, კარგ შედეგს არ მოგვიტანს. ჩვენც მამლები ხომ არ ვართ არაა?   ჩვენგან აზროვნებას მოითხოვენ ამიტომ ცოტა სიზმრებსაც უნდა დავუჯეროთ ხანდახან „ ვით განგების ხატს  ჩვენ თითოეულ კოშმარს და სიზმარს, უნდა შევხედოთ უფრო საღად და უფრო ფხიზლად“  თუმცა ჩემი და შანტეკლერის  რა გიკვირთ ,თვით  ფარაონებსაც, მეფეებსაც და დიდგვაროვნებსაც  სწამდა სიზმრების. გაგეცინებათ ხო?  ისე აგიხდეთ ყველაფერი როგორც   ლიდიის მეფე კრეზევსს აუხდა თავისი ავბედითი სიზმარი ..ოჰ კიდევ რამდენი მაგალითი მოგიყვანოთ , თუმცა მე ნადვილად არ მინდა დაგაჯეროთ მის არსებობაში, სულაც  არ მინდა ერთ დღეს  საშინელი სიზმრიდან გამოღვიზებულს მთელი ცხოვერება იმის გეშინოდეთ რომ სიზმარი უცილობლად ასრულდება,  უბრალოდ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, და ჩვენც ნუ ავიტკივებთ აუტკივარ თავს.... თუმცა რა გინდა ქნა კაცმა როდესაც გვერდით პერტელოტისნაირი ქათამი გყავს. „ ცოლს რომ აჰყევ და გარეთ მაინც გამოჩერჩეტდი ახლა საწყალო ვერ გიშველის ცოლი ვერცერთი“. თუმცა აქვე ჩოსერი სანამ ჩვენს აღშფოთებას გამოიწვევს გვეუბნება რომ სულაც არ ამბობს აუგს ქალთა მოდგმაზე, არა ის  უბრალოდ  განწირული მამლის აზრებს და სინანულს გადმოგვცემს, რომ მიუხედავად წინათგრძნობისა ცოლს დაუჯერა და თავს არ გაუფრთხილდა.თუმცა ცოლის რა ბრალია, ადამიანები ასეთები ვართ ზოგჯერ პატარა სასწაულსაც ვერ ვიჯერებთ და გავიძახით სანამ  არ დავინახავ არ დავიჯერებო, მე კი გირჩევთ  დაიჯერეთ და დაინახავთ. 
            და მაინც საინტერესოა კითხვაზე „ღმერთმა განსაზღვრა კაცთა ბედი მათ გაჩენამდე თუ ნება მისცა მოქმედების და არჩევანის“ პასუხს  ვინ როგორ გასცემთ. იმდენი აზრი იქნება  რამდენიც ადამიანი,  და მაინც ვერ გავრკვეულვართ, რომელია მათგან სწორი და ამიტომ დღემდე გაურკვევვლია და ბუნდოვანია აზრი იმის შესახებ თუ რა განაგებს ჩვენს ცხოვრებას ბედისწერა თუ საკუთარი თავი. სულ ეს იყო ჩემი სათქმელი , ახლა კი თქვენი გადასაწყვეტია  ბრძენ კატონს დაუჯერებთ თუ მამათა ბრძნულ გამონათქვამებს .
             „ ამბავი თითქოს მელასა და მამალზე გარქვით ,
             მაგრამ კაცსა რგებს უფრო მისი ურგიც და მარგიც,
             ნაჭუჭი უნდა გადაყარო , ფუჩეჩი გაფრცქვნა,
             და სძინავს ქერქსა და ფუჩეჩში ნაყოფს და მარცვალს ,
            ასე ვპოულობთ კარგს და კეთილს და მოდი ამით
            ჩვენც სულ კეთილად ეს ამბავი გაგვეგოს ამინ!
                                                 ავტორი:ნინა უფლისაშვილი 
   

Sunday, March 22, 2015

სიზმარი თუ რეალობა: რუსთაველის თეატრი (სიზმარი რუსთაველის თეატრში)

„დამესიზმრა... იღება კარი და შემოდის...
ვინ? - ის...
ვინ ის? - ის...“
დამესიზმრა... იხსნება ფარდა და ქრება შუქი...
„მეშვიდე ღამეა მესიზმრება, თითქო ამ კარით ბედნიერება მოდის...“
„განა ჩვენ ძილში გვესმის ხმა? განა ჩვენ ძილში ვხედავთ მას? და რასაც ჩვენ ვფიქრობთ, სიზმარია? მთელი ჩვენი სიცოცხლეც სიზმარია?!“
„იცით, მე თქვენ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ... დიახ, თქვენ... აი, თქვენ ყველას გღვიძავთ?! ჰო?! მეც მღვიძავს!.. მაგრამ იქნებ მე მძინავს და თქვენ მესიზმრებით, ჰმ?! როგორ აგიხსნათ... აი, რატომღაც მგონია... კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ, თეატრში კი არ ვარ... ეს თეატრის ასლია... დეკორაცია... მაკეტი... სადა ვარ?! ჰა?! იქა ვარ?! არ დამიმალოთ! ღმერთო სულ დავიბენი!..
სიზმარი... ის... ქარი... წყვდიადი... და მაინც ნათელი... თეატრი... დიდი თეატრი... დიდი ადამიანები... იქ... უკან... პატარა ადამიანები...
„წყვდიადი არ დასრულდება...“
ნეტარება... ბედნიერება... თავისუფლება... არ ვიცი, კიდევ რა სახელი დავარქვა იმ წუთს, როცა სპექტაკლის დაწყებამდე შუქი ქრება... წყვდიადი... თეატრის კვამლი... სუნი... ბედნიერების სუნი... იების სუნი... ლურჯი იები...
...თავისუფალი მე ვარ... თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ, რას ნიშნავს თავისუფლება... თავისუფალი მე ვარ... თავისუფლად შემიძლია სუნთქვა... შევისუნთქავ თეატრის კვამლს... თავისუფლება... თქვენ კი სული შეგეხუთებათ და ამ უბადრუკ სამყაროში დაიხრჩობით...
„თავისუფლება... თავისუფლება... თორემ თქვენი მოცემულია...“
        როგორც ხედავთ, თავისუფლებამ შეიპყრო ჩემი სული, ეს კი სულ იმ პროექტის ბრალია, რომელიც რუსთაველის თეატრისა და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო რობერტ სტურუას სპექტაკლის „ასულნი“ ჩვენება და შემდეგ გაიმართა მისი საჯარო განხილვა. ისეთი საღამო იყო, რომ გინდა აღარ დამთავრდეს, სულ ‘ლამპოჩკებით’ განათებული რომ ხარ ყველა მხრიდან... მაგრამ, ირგვლივ მაინც ბურუსია... წყვდიადი... თითქოს ამ ბურუსში ხარ ჩაძირული... ამ დროს სცენიდან გესმის: „წყვდიადი არ დასრულდება“. შენ კი გულში პასუხობ: იქნებ არც მინდა დასრულდეს ასეთი... პროექტის იდეისა და ორგანიზატორის, თსუ-ს პროფესორის დავით მაზიაშვილის მიერ შექმნილი წყვდიადი, თან ნათელიც რომაა და ბნელიც... თან რომ ყველაფერს დაგანახებს და თან რომ უფრო დაიკარგები... თან რომ ყველაფერია და თან არაფერი... თან რომ შავი ფონია და თეთრი პატარა წერტილი... სიყვარულიც არის და სიძულვილიც... თან რომ მშვიდობაა და ამავე დროს ომიც...
       სპექტაკლიც ასეთივეა, ამ ყველაფერზეა ერთად... უზარმაზარი სამყარო იშლება ჩვენს წინაშე... და შენ ამ სამყაროს ნაწილი ხარ, თუნდაც ერთი წამით... დიახ, ერთი წამიც საკმარისი იქნებოდა ისეთი დიდი ემოციებისთვის, რომ ფეხზე ამდგარიყავი და ამ ექსტაზით გარემოცულს რაღაც გეთქვა...
       სპექტაკლში სულ 10 ქალი, 10 ასული თამაშობს. პარალელს ავლებენ სახარებისეულ 10 ქალწულთან, რომელთაგან 5 სულელია, 5 ჭკვიანი. სპექტაკლის განხილვის დროს კი ერთ-ერთმა მომხსენებელმა სამწუხარო რეალობას გაუსვა ხაზი, რომ სცენაზე მოთამაშე გმირებიდან არც ერთი არ არის ჭკვიანი და ასი ათასიც რომ იყვნენ, მათი ჭკუა ვირის ჭკუასაც ვერ მოერევა. ამ დროს თითქოს წყვდიადში ნათელი წერტილი ჩნდება... ამ ასულებში ხომ ყველამ ჩვენი თავებიც ვიხილეთ... გამოდის, ჩვენც სულელები ვართ... აი, სწორედ ეს გვაბედინებს, ავდგეთ და რაღაც ვთქვათ, თუნდაც სულელური... ნათქვამია: „ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმინდაი, ხოლო დუმილი ოქროი რჩეული“, მაგრამ ეს დუმილიც აღარ შეგვიძლია, შეუძლებელიცაა, როცა ისეთ სპექტაკლს ნახავ, როგორიც „ასულნია“.
      სტერნს დავესესხები: „ჯანდაბას მუქი საღებავები... სულაც არა მშურს მათი უნარი გამოხატონ ცხოვრებისეული სიავენი ეგზომ კუშტი და მკვდარი ფერებით...“
       დიახ... ჯანდაბას მუქი საღებავები... სპექტაკლი გენიალურია... პროექტში მოწვეულმა სტუმრებმა კი კიდევ უფრო მეტად აგვიხილეს თვალები... მე პირადად, ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი აღნიშნული სპექტაკლი და ყოველთვის მაინც ისე ვუყურებ, როგორც პირველად... ყოველთვის დიდი ემოციებით... მას შემდეგ თავისუფლება მწყურია...
       ისევ სტერნის სიტყვები მახსენდება: „შეინიღბე, როგორც გენებოს, ჰოი მონობავ! მაინც მწარე საგემებელი ხარ! და თუმცა ათასობით ადამიანი იძულებული ხდებოდა ყველა დროში შეესვი შენ, მაგრამ სიმწარე ამით არ მოგკლებია. - შენ კი, სამგზის სანუკვარო და მადლმოსილო ქალღმერთავ, მივმართე თავისუფლებას, ყველა თაყვანსა გცემს აშკარად თუ ფარულად; თუ ერთხელ გიგემა კაცმა, რაღა დაავიწყებს შენს თავს, თუ თვით ბუნება არ გადასხვაფერდა - ვერავითარი სიტყვიერი ლაქა ვერ გასვრის შენს თოვლივით სპეტაკ საფარველს, და ვერც რაიმე ქიმიური ძალა შენს კვერთხს რკინად ვერ აქცევს“.
ღმერთო, სულ დავიბენი...
ეს სტერნი რაღატო მახსენდება?!.
ნუთუ სიზმარია ეს ყოველივე...
„რა ნელა გადის დრო...
 რა ჩქარა გადის დრო...“ - ჩამესმის ასულნის ხმა...
მაგრამ  მე არ მინდა საერთოდ გავიდეს დრო... ახლაღა გამახსენდა... რუსთაველის თეატრში ვზივარ...
სტერნიც იმიტომ გამახსენდა, რომ სპექტაკლიდან მიღებულ ემოციებს გავყევი...დავფიქრდი ჩვენს ყოფაზე... ადამიანებზე, რომელთაც ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ ძალდატანების გარეშე, რადგან ღრმად უყვართ თავისი მონური მდგომარეობა... მათ ასწავლეს, რომ უნდა შეიყვარონ ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობენ... სადაც ისეთ რაღაცებზე უნდათ გვაოცნებონ, რასაც ვერასოდეს ვეღირსებით, სადაც ადამიანები სიახლეებით გაბრუებულები დააბიჯებენ (ღმერთმა იცის, საიდან აქვთ ეს სიახლეც ათვისებული), სადაც სიცარიელეს ყიდიან და ადამიანებიც ყიდულობენ, სადაც ჩვენი სურვილები ჩვენ აღარ გვეკუთვნის, სადაც ჩვენი გაჩერება არავის არ აწყობს, რათა ფიქრისთვის დრო არ დაგვრჩეს... სადაც თეთრი ცხენი როლს როისის ჯიპმა შეცვალა, პრინცი - კოკა-კოლას გენერალურმა მენეჯერმა, ხოლო ხრუსტალის ფეხსაცმელი - ადიდასის წითელმა ბოტასმა...
„ისტორიამ ფერი იცვალა...
ფერისცვალება... ფერისცვალება...
დიახ... ყველაფერმა ფერი იცვალა...“
ფერები... მუქი ჩრდილები...
        ყოველივე ამაზე საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრეს პროექტში მოწვეულმა სტუმრებმა. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ გამოთქმული იყო აგრეთვე კრიტიკული მოსაზრებებიც, მაგრამ, როგორც შილერი იტყოდა: „ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს“. 
                                                               ავტორი: ნინო ნანეტაშვილი
                           

Wednesday, January 21, 2015

ჩოსერიდან პაზოლინის გავლენით დღემდე

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ადამი და ევა ვაშლით გამოძღნენ და საკუთარმა სიშიშვლემ შიში მოჰგვარათ. ისინი შეიმოსნენ და მას შემდეგ ასე დავდივართ-შენიღბულები. თითქოს ეს სამოსი ღმერთის მზერას ისხლეტდეს. არა, ჩვენ ვიცით, რომ ის ყველაფერს ხედავს, ეს თავად ადამიანები არიან ვისიც გვეშინია, ვისაც ვუმალავთ და განვარიდებთ საკუთარ სიშიშვლეს. ჩვენს ვაშლიჭამია წინაპრებს უპირველეს ყოვლისა ერთმანეთის შერცხვათ, შერცხვათ საკუთარი ფარული სურვილების და მისწრაფებებისა, რომლებიც ამხელდნენ, თუ ვისი ბრალი იყო ის, რაც მოხდა. შენიღბვა არაჩვეულებრივი იარაღია იმისთვის, რომ დანაშაული დამალო და შესაზარი არ გამოჩნდე. მოკლედ, კარნავალმა სათავე ადამიანის მიწიერი ცხოვრების დასაწყისში დაიდო. იქნებ ღმერთიც მაშინ მოკვდა (ეს რა თქმა უნდა ნიცშეანული და არა პირდაპირი გაგებით) ? მეცხრამეტე საუკუნემდე ადამიანის ცხოვრება ღმერთის იდეაზე იდგა, სამოთხეში დაბრუნების იდეაზე. სამოთხეში, სადაც ღვთიური ნათელი ნიღბებს ადნობს. მაშ, რაღა საჭიროა კარნავალი? იქნებ გულის სიღრმეში, სადღაც ქვეცნობიერში ვგრძნობთ, რომ „ჩვენი სული ჩვენს სხეულზე ადრე მოკვდება“, როგორც ამბობდა ზარატუსტრა. რომ არავითარი განკითხვის დღე არ გველის და ეს მხოლოდ რელიგიური ბოდვაა მასების დასაშინებლად გამოგონილი. რომელი ადამიანი ჩაიდენდა ცოდვას, თუკი ეცოდინებოდა, რომ საშინელი სამსჯავრო ელის? თუმცა, შეკავებული ცოდვა რაღა მადლია, დასაქოქ ფორთოხლებად რომ გვაქცევს. საბოლოოდ ყველა მსჯელობა ჩიხში შედის. ეს ჩიხები რომ არა, არ იარსებებდა ხელოვნება. კაცობრიობის ეს აჩრდილი, რომელიც თავზარდაცემული აწყდება ხან ერთ, ხან მეორე ჩიხს-სინამდვილეში კი მოჯადოებულ ლაბირინთში ტრიალებს. ხელოვანი კი ცდილობს ძველი და ახალი მოვლენები ერთმანეთს დაუკავშიროს, დაფანტული, დაქუცმაცებული ფაქტები შეაკოწიწოს და ერთიანი, თანმიმდევრული არიადნეს ძაფი გამონასკვოს. იქნებ გამოიყვანოს მომაკვდავი საუკუნის იმედგაცრუებული ადამიანები ამ ლაბირინთიდან. დიდი ხანია ლიტერატურა ამ ძაფს ართავს, მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი შუალედური პოზიციაა რეალობასა და მწერლის განსჯა-ვარაუდებს შორის. ეს არის შუალედური ფორმა შესაძლებლობასა და აუცილებლობას შორის. რეალობა ლაბირინთის გარეთაა, ლაბირინთში კი უამრავი ჩიხია. ერთ-ერთი ჩიხი შუა საუკუნეების ინგლისელი მწერლის, ჯეფრი ჩოსერის სახელობისაა, მისი პარალელური ჩიხი კი იტალიელმა რეჟისორმა პიერ პაოლო პაზოლინიმ დაისაკუთრა. მან თავისი ფილმით „კენტერბერიული მოთხრობები“ რეალობის ჩოსერისეული ინტერპრეტაციის საკუთარი ეპოქის გადმოსახედიდან გააზრება შემოგვთავაზა. მაგრამ რატომ მაინცდამაინც შუა საუკუნეები და რატომ ჯეფრი ჩოსერი? ეს ხომ ის პერიოდია, როცა ადამიანმა ინტენსიურად დაიწყო შეფუთვა და მზადება ისეთი დიდი კარნავალური ზეიმისთვის, როგორიც იყო რენესანსი. დიახ, სწორედ ამიტომ... რაც უფრო ინიღბები, მით მეტად ხელოვნური და არაბუნებრივი ჩანხარ და შენი შემხედვარე ივარაუდებს, რომ სულაც არ ხარ ისეთი, როგორადაც გამოიყურები, არამედ პირიქით-საპირისპიროს მალავ. ასე მოხდა ჯეფრი ჩოსერის შემთხვევაშიც. მან შეამჩნია, რომ შუასაუკუნეობრივი ტოტალურად ღვთისმოსავი და დოგმადამორჩილებული საზოგადოება შინაგანად აბსოლუტურად სხვა იყო-გახრწნილი, ღვთისმგმობი და ბოროტი. თუმცა, ეს არ იყო მხოლოდ აღმოჩენა. ადამიანთა ცხოვრების კონტრასტულობისა და ამბივალენტურობის ლიტერატურაში დაფიქსირებამ თანამედროვე ადამიანს საშუალება მისცა აეხსნა, თუ რა ხდება ჩვენს თავს მეოცე თუ ოცდამეერთე საუკუნეში. რომ დღევანდელობა ლოგიკური შედეგია იმისა, რაც ხდებოდა იქ-დიდ კარნავალზე. თიხის ნიღბები დაიბზარა, დასკდა და მოგვცა იმპრესიონიზმი, კუბიზმი, სიურრეალიზმი, მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი... ოდესმე გინახავთ შიშველი ადამიანი? არა ევა სამოთხიდან გამოგდებული, არა ანტიკური მარმარილოს ქანდაკებები, არა პომპეის პორნოგრაფიული რელიეფები, არა რენესანსული, არა იმპრესიონისტული, არა სიურრეალისტური, არა ჰოლივუდური...არამედ ჩვეულებრივი, შეულამაზებელი, გაუფერადებელი, უმაკიაჟო ადამიანი-ეს პაზოლინისეული ადამიანია. შემზარავია, მაგრამ ეს ის არის, რასაც ალბათ ჯეფრი ჩოსერი წინასწარმეტყველებდა და პაზოლინიმ გააჟღერა: „სახეზეა სექსუალური აპათია, რომელსაც ახალი ერა მოჰყვება. დაიწყება ეპოქა, რომელიც ეროტიკას კომერციად აქცევს, ეპოქა, როცა სექსს გამოიყენებენ როგორც მონობის და არა როგორც სიამოვნების საშუალებას.“ ის, რაც პაზოლინიმ მოდერნისტულ ტრაგედიად აქცია, ჩოსერთან თავის შესაქცევად დაწერილი ძალიან მხიარული და სახუმარო ამბების კრებულია. თავად ავტორი ამბობს ფილმში, რომ „კენტერბერიული მოთხრობების“ მოყოლის ერთადერთი მიზანი წერით მიღებული სიამოვნება იყო. მაგრამ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ეპიზოდს, რომელზეც ისე გაგეცინებოდათ როგორც თავად პერსონაჟებს ეცინებათ და ერთობიან. ესეც დისტანციურ-აღქმითი ილუზია: კარნავალის მონაწილეებისთვის თავშეყრა ფრიად თავშესაქცევია, ჩვენთვის კი-ადამიანებისთვის, რომელთაც მწერლის ან რ
ეჟისორის მიერ დამზადებული ჯადოსნური სათვალე გვიკეთია და კოსტიუმებშემოძარცვულ ბრბოს ვადევნებთ თვალს, ყველა იმ საიდუმლოს, რომელსაც მონაწილეები ერთმანეთს უმალავენ, ფარდა ეხდება. სწორედ ეს ქმნის კომიკურობას და ამავდროულად ტრაგიზმს. ფილმის ყურებისას არის მომენტები, როცა ფიქრობ: „არა, ასე არ შეიძლება, ეს ხომ ადამიანის დაცინვაა, საშინელებაა, საზიზღრობაა!“ საიდან მოდის ეს პროტესტის გრძნობა? იქიდან ხომ არა რომ შენს თვალწინ აშიშვლებენ შენს საკუთარ სხეულს. არა, უბრალოდ ტანისამოსს კი არ გხდიან (დღეს ნახევარი მსოფლიო შიშველი დადის), არა. იქამდე გძარცვავენ საკარნავალო სამოსისგან, სანამ ქვეცნობიერის რომელიღაც კუნჭულში ჩაცუცქულ შენს სულს არ მიანათებენ ფანარს. და ეს სული სწორედ ისეთი თვალებით შემოგაშტერდება პაზოლინის ფილმებში ხშირად რომ წააწყდებით. თვალებით, რომლებიც არსად იყურებიან; მზერით, რომელსაც ვუწოდებდი დახამებულ-ნასიამოვნებ-შეძრწუნებულ-ინტერესიანს მიმართულს ბოროტებისა და სიბილწისკენ. ეს ერთი შეხედვით სახუმარო ამბები სერიოზულ საფრთხეს შეიცავენ. უფრო სწორედ, მინიშნებას საფრთხეზე, რაც დღეს უკვე სახეზეა- თანამედროვე კაპიტალისტურ სამყაროში სიყვარულიც გათვლით ხდება. ადამიანის ყველაზე ინტიმურიც ნორმირებულია. შეამჩნევდით, რომ ფილმში ყველა ცოლქმრული წყვილის მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ახალგაზრდა, თავქარიანი, სენტიმენტალური მამაკაცები მოსწონს. მაშინ, როცა ქმარი ყველას ისე ჰყავს შერჩეული, რომ მათი ცხოვრება სტაბილური და მშვიდი იყოს. ესეც ნორმები და გათვლები. კიდევ ერთი რამ, რაც საოცრად შემზარავს ხდის ფილმს არის მაწანწალას სიმღერა, მთელს სიუჟეტს რომ გასდევს-უმელოდიო, უხეში, ყროყინისმაგვარი ხმა, რომლის მოსმენაზეც უნდა გაგეცინოს, მაგრამ არ გეცინება. პირიქით, ჟრუანტელი გივლის და გული გეყინება. გული, რომლის თითოეული ძარღვი ცდილობს სიცივეს გაუმკლავდეს-ალბათ ამიტომ იწყებს სისხლი სწრაფად მოძრაობას და ამას ვეძახით პულსის აჩქარებას. მაგრამ იქნებ ესეც ნიღაბია? იქნებ სულაც არ თანავუგრძნობთ ამ ადამიანებს და ეს მხოლოდ პოზაა? ესეც პაზოლინის ჩიხი... და ბოლოს, მახსენდება ეშმაკისადმი მიმართული სიტყვები ფილმიდან: „შენ ის გერგება, რასაც ადამიანები თავისი ნებით მოგცემენ.“ ასე რომ, მოდით ნუ დავაბრალებთ ყველაფერს ჩვენს ბუნებას და ქვეცნობიერს, რადგან არჩევანის შესაძლებლობას ეშმაკიც კი გვაძლევს.

ავტორი:თამარ კახნიაშვილი

Tuesday, January 6, 2015

დავით მაზიაშვილი  
თსუ-ი "საკვირაო ლიტერატურული კლუბის"   ხელმძღვანელი

ავტორები: ნინო ციკოლია
                    ანუკი ცაავა
                    თამთა შველიძე (ბლოგის ადმინისტრატორი)
                    მარიამ  აკობია
                    ანა გოგოხია
                    ნათია ბენდელიანი
                    ნინო ნანეტაშვილი
                    მაგდა მარუაშვილი
                    სალომე დავითულიანი
                    სოფო გამდლიშვილი
                    მარიამ  ღამბაშიძე     
                    ნატო დვალი
                    თამარ კახნიაშვილი    
                   ნინო უფლისაშვილი
                   თათია სიბაშვილი
                   მარია რაზმაძე
                    ნანუკა ჯაფარიძე
                    სოფო გელიაშვილი

Monday, January 5, 2015

უნაყოფო მიწა ანუ წყვდიადი არ დასრულდება

HURRY UP PLEASE ITS TIME…
HURRY UP PLEASE ITS TIME…
’თენდება, ბატონებო!’’
By the waters of Lemon I sat down and wept…
’ღამის წყვდიადი არ დასრულდება!’’
‘’პატივცემულო საზოგადოებავ, ჩვენ ვიღუპებით!’’ (ბოდლერი)
... ან უკვე დავიღუპეთ!..
მამა ფლინი მკვდარია...
თქვენს წინაშეა ყვავილებით მორთული კუბო... კუბოს თავზე ორი სანთელი...
მბჟუტავი სანთელი...
სანთლის შუქზე დროდადრო კრთება უნაყოფო მიწიდან ამომძვრალი ვირთხის სილუეტი...
ვირთხა შლამიანი მუცლით...
სანთლის შუქზე - მშრალი სხვენი...
მიმოფანტული ძვლები...
Unreal City…
‘’ამ დღეებში ადამიანს სიფრთხილე მართებს...’’
ადამიანი - ცოცხალი მკვდარი;
დრო - მკვდარი;
გარემო - მკვდარი;
მიწა - მკვდარი;
მიწა - უნაყოფო.
HURRY UP PLEASE ITS TIME!
კიბეზე გაისმა ფეხების ფლატუნი...
‘’What is that noise?
          The wind under the door.
What is that noise now? What is the wind doing?
           Nothing again nothing
Do you know nothing? Do you see nothing? Do you remember nothing?’’
„გზას მიიკვლევს ხელის ცეცებით ბნელ კიბეებზე...“
-ვინ? -ის...
-ვინ ის?..
ჯაჯო...
HURRY UP PLEASE ITS TIME!
„დამესიზმრა...
იღება კარი და შემოდის...
-ვინ? -ის...
-ვინ ის?..
...ამ უდაბურ ადგილას რამდენი წელიწადი ვართ ჩვენ და არავინ მოსულა...
და რამ მოიყვანა ასეთ ქარში და გრიგალში ვინც არის?
ვინ უნდა იყოს: მწუხარეა.“
‘’What is that noise?
          The wind under the door...’’
... აქ არავინ მოვა...
მიწა... მიწა უნაყოფოა...
And each man fixed his eyes before his feet…
„მეშვიდე ღამეა მესიზმრება, თითქო ამ კარით ბედნიერება მოდის... რა აშინებს გულს...“
“Fear Death by water…”
’გზა... გზა რომ ვიცოდე გავიქცეოდი. ყველა გაიქცეოდა...
აქ უნდა დავლიოთ სიცოცხლე ჯაფაში და წამებაში...
დავჭკნებით და რას მოვიგონებთ!..
არაფერს. არც მოგვინდება გახსენება.
აქ არავინ მოვა...
მოვკვდებით და არავინ დაგვიტირებს...
სადღაც ჩაგვმარხავენ და არავის გავახსენდებით...
თითქოს არც ვყოფილვართ...“
მკვდარი მიწიდან ამოზრდილი იასამნები...
მთვლემარე ფესვები...
მიმოფანტული ძვლები... ჩვენი ძვლები...
         უეიალალა ლეია...
         უეიალალა ლეიალალა...
ელიზაბეთი და ლეისესტერი...
წითლად და ოქროსფრად მოვარაყებული ნიჟარის ფორმის კიჩო...
ნიჩბები...
სამხრეთის ქარი...
ზარების რეკვა...
თეთრი კოშკები...
And each man fixed his eyes before his feet…
...სანთლის შუქზე  დროდადრო კრთება ადამიანის სახე...
ადამიანი - ცოცხალი მკვდარი...
ადამიანი - მზირალი „უსიყვარულოდ, უცნობოდ, გამოუთხოვებლად...“
ადამიანის სახე - მკვდარი
გონება,  გული - დამშეული...
ეს უნაყოფო მიწაა...
ძვლები მიმოფანტული...
ძვლები ზღვისქვეშა დენამ წაიღო ბუტბუტით...
გული... ჩემი გული... მისი ზედაპირი...
უნაყოფო მიწით დაფარული...
‘’ისტორიამ ფერი იცვალა...
ფერისცვალება... ფერისცვალება...
დიახ... ყველაფერმა ფერი იცვალა...“
„ისეთ მწარე დროს მოგვიწია ცხოვრებამ... წინ მხოლოდ ბორცვები და დაბრკოლებები“
„გვერდი აუარე!“  - ვისი ხმა უნდა იყოს?! - ბულბულისაა! - არა, ფელომელა გვეძახის.
„ზედ გადააბიჯე!“ - ვისი ხმა უნდა იყოს?! - აფთრის ხმასა ჰგავს - არა, ტერევსი გვეძახის.
By the waters of Lemon I sat down and wept…
სიბნელე... წყვდიადი...
Looking into the heart of Light, the Silence…
ლილისფერი საათი...
ბერიკაცი მდედრის მოჩვარული ძუძუებით...
სოდიანი წყალი...
აღარც ნდომა...
აღარც სურვილი...
მტვრიანი ხეები...
ოფლიანი მდინარე...
ჭუჭყიან ხელზე მომტვრეული თითის ფრჩხილები...
მშრალი ჭექა წვიმის გარეშე...
გული, გონება - ცარიელი, დამშეული...
ჩვილსახიანი ღამურები იისფერ შუქში...
ისევ ის ვირთხა...
შლამიანი მუცლით...
ჯაჯო...
კარი... კარი გაღებული...
The wind under the door...
ქარია... უბერავს...
ორი სანთელი... მბჟუტავი სანთლები...
სულაც ჩამქრალა...
წყვდიადი... რომელიც არ დასრულდება...
მეტი აღარ შემიძლია...
უნდა დაგემშვიდობოთ...
“Goonight Bill. Goonight Lou. Goonight Ta. Ta. Goonight. Goonight.
Good night Ladies, good night Sweet Ladies, good night, good night!..”
     
                                                                    ავტორი: ნინო ნანეტაშვილი