Wednesday, January 21, 2015

ჩოსერიდან პაზოლინის გავლენით დღემდე

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ადამი და ევა ვაშლით გამოძღნენ და საკუთარმა სიშიშვლემ შიში მოჰგვარათ. ისინი შეიმოსნენ და მას შემდეგ ასე დავდივართ-შენიღბულები. თითქოს ეს სამოსი ღმერთის მზერას ისხლეტდეს. არა, ჩვენ ვიცით, რომ ის ყველაფერს ხედავს, ეს თავად ადამიანები არიან ვისიც გვეშინია, ვისაც ვუმალავთ და განვარიდებთ საკუთარ სიშიშვლეს. ჩვენს ვაშლიჭამია წინაპრებს უპირველეს ყოვლისა ერთმანეთის შერცხვათ, შერცხვათ საკუთარი ფარული სურვილების და მისწრაფებებისა, რომლებიც ამხელდნენ, თუ ვისი ბრალი იყო ის, რაც მოხდა. შენიღბვა არაჩვეულებრივი იარაღია იმისთვის, რომ დანაშაული დამალო და შესაზარი არ გამოჩნდე. მოკლედ, კარნავალმა სათავე ადამიანის მიწიერი ცხოვრების დასაწყისში დაიდო. იქნებ ღმერთიც მაშინ მოკვდა (ეს რა თქმა უნდა ნიცშეანული და არა პირდაპირი გაგებით) ? მეცხრამეტე საუკუნემდე ადამიანის ცხოვრება ღმერთის იდეაზე იდგა, სამოთხეში დაბრუნების იდეაზე. სამოთხეში, სადაც ღვთიური ნათელი ნიღბებს ადნობს. მაშ, რაღა საჭიროა კარნავალი? იქნებ გულის სიღრმეში, სადღაც ქვეცნობიერში ვგრძნობთ, რომ „ჩვენი სული ჩვენს სხეულზე ადრე მოკვდება“, როგორც ამბობდა ზარატუსტრა. რომ არავითარი განკითხვის დღე არ გველის და ეს მხოლოდ რელიგიური ბოდვაა მასების დასაშინებლად გამოგონილი. რომელი ადამიანი ჩაიდენდა ცოდვას, თუკი ეცოდინებოდა, რომ საშინელი სამსჯავრო ელის? თუმცა, შეკავებული ცოდვა რაღა მადლია, დასაქოქ ფორთოხლებად რომ გვაქცევს. საბოლოოდ ყველა მსჯელობა ჩიხში შედის. ეს ჩიხები რომ არა, არ იარსებებდა ხელოვნება. კაცობრიობის ეს აჩრდილი, რომელიც თავზარდაცემული აწყდება ხან ერთ, ხან მეორე ჩიხს-სინამდვილეში კი მოჯადოებულ ლაბირინთში ტრიალებს. ხელოვანი კი ცდილობს ძველი და ახალი მოვლენები ერთმანეთს დაუკავშიროს, დაფანტული, დაქუცმაცებული ფაქტები შეაკოწიწოს და ერთიანი, თანმიმდევრული არიადნეს ძაფი გამონასკვოს. იქნებ გამოიყვანოს მომაკვდავი საუკუნის იმედგაცრუებული ადამიანები ამ ლაბირინთიდან. დიდი ხანია ლიტერატურა ამ ძაფს ართავს, მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი შუალედური პოზიციაა რეალობასა და მწერლის განსჯა-ვარაუდებს შორის. ეს არის შუალედური ფორმა შესაძლებლობასა და აუცილებლობას შორის. რეალობა ლაბირინთის გარეთაა, ლაბირინთში კი უამრავი ჩიხია. ერთ-ერთი ჩიხი შუა საუკუნეების ინგლისელი მწერლის, ჯეფრი ჩოსერის სახელობისაა, მისი პარალელური ჩიხი კი იტალიელმა რეჟისორმა პიერ პაოლო პაზოლინიმ დაისაკუთრა. მან თავისი ფილმით „კენტერბერიული მოთხრობები“ რეალობის ჩოსერისეული ინტერპრეტაციის საკუთარი ეპოქის გადმოსახედიდან გააზრება შემოგვთავაზა. მაგრამ რატომ მაინცდამაინც შუა საუკუნეები და რატომ ჯეფრი ჩოსერი? ეს ხომ ის პერიოდია, როცა ადამიანმა ინტენსიურად დაიწყო შეფუთვა და მზადება ისეთი დიდი კარნავალური ზეიმისთვის, როგორიც იყო რენესანსი. დიახ, სწორედ ამიტომ... რაც უფრო ინიღბები, მით მეტად ხელოვნური და არაბუნებრივი ჩანხარ და შენი შემხედვარე ივარაუდებს, რომ სულაც არ ხარ ისეთი, როგორადაც გამოიყურები, არამედ პირიქით-საპირისპიროს მალავ. ასე მოხდა ჯეფრი ჩოსერის შემთხვევაშიც. მან შეამჩნია, რომ შუასაუკუნეობრივი ტოტალურად ღვთისმოსავი და დოგმადამორჩილებული საზოგადოება შინაგანად აბსოლუტურად სხვა იყო-გახრწნილი, ღვთისმგმობი და ბოროტი. თუმცა, ეს არ იყო მხოლოდ აღმოჩენა. ადამიანთა ცხოვრების კონტრასტულობისა და ამბივალენტურობის ლიტერატურაში დაფიქსირებამ თანამედროვე ადამიანს საშუალება მისცა აეხსნა, თუ რა ხდება ჩვენს თავს მეოცე თუ ოცდამეერთე საუკუნეში. რომ დღევანდელობა ლოგიკური შედეგია იმისა, რაც ხდებოდა იქ-დიდ კარნავალზე. თიხის ნიღბები დაიბზარა, დასკდა და მოგვცა იმპრესიონიზმი, კუბიზმი, სიურრეალიზმი, მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი... ოდესმე გინახავთ შიშველი ადამიანი? არა ევა სამოთხიდან გამოგდებული, არა ანტიკური მარმარილოს ქანდაკებები, არა პომპეის პორნოგრაფიული რელიეფები, არა რენესანსული, არა იმპრესიონისტული, არა სიურრეალისტური, არა ჰოლივუდური...არამედ ჩვეულებრივი, შეულამაზებელი, გაუფერადებელი, უმაკიაჟო ადამიანი-ეს პაზოლინისეული ადამიანია. შემზარავია, მაგრამ ეს ის არის, რასაც ალბათ ჯეფრი ჩოსერი წინასწარმეტყველებდა და პაზოლინიმ გააჟღერა: „სახეზეა სექსუალური აპათია, რომელსაც ახალი ერა მოჰყვება. დაიწყება ეპოქა, რომელიც ეროტიკას კომერციად აქცევს, ეპოქა, როცა სექსს გამოიყენებენ როგორც მონობის და არა როგორც სიამოვნების საშუალებას.“ ის, რაც პაზოლინიმ მოდერნისტულ ტრაგედიად აქცია, ჩოსერთან თავის შესაქცევად დაწერილი ძალიან მხიარული და სახუმარო ამბების კრებულია. თავად ავტორი ამბობს ფილმში, რომ „კენტერბერიული მოთხრობების“ მოყოლის ერთადერთი მიზანი წერით მიღებული სიამოვნება იყო. მაგრამ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ეპიზოდს, რომელზეც ისე გაგეცინებოდათ როგორც თავად პერსონაჟებს ეცინებათ და ერთობიან. ესეც დისტანციურ-აღქმითი ილუზია: კარნავალის მონაწილეებისთვის თავშეყრა ფრიად თავშესაქცევია, ჩვენთვის კი-ადამიანებისთვის, რომელთაც მწერლის ან რ
ეჟისორის მიერ დამზადებული ჯადოსნური სათვალე გვიკეთია და კოსტიუმებშემოძარცვულ ბრბოს ვადევნებთ თვალს, ყველა იმ საიდუმლოს, რომელსაც მონაწილეები ერთმანეთს უმალავენ, ფარდა ეხდება. სწორედ ეს ქმნის კომიკურობას და ამავდროულად ტრაგიზმს. ფილმის ყურებისას არის მომენტები, როცა ფიქრობ: „არა, ასე არ შეიძლება, ეს ხომ ადამიანის დაცინვაა, საშინელებაა, საზიზღრობაა!“ საიდან მოდის ეს პროტესტის გრძნობა? იქიდან ხომ არა რომ შენს თვალწინ აშიშვლებენ შენს საკუთარ სხეულს. არა, უბრალოდ ტანისამოსს კი არ გხდიან (დღეს ნახევარი მსოფლიო შიშველი დადის), არა. იქამდე გძარცვავენ საკარნავალო სამოსისგან, სანამ ქვეცნობიერის რომელიღაც კუნჭულში ჩაცუცქულ შენს სულს არ მიანათებენ ფანარს. და ეს სული სწორედ ისეთი თვალებით შემოგაშტერდება პაზოლინის ფილმებში ხშირად რომ წააწყდებით. თვალებით, რომლებიც არსად იყურებიან; მზერით, რომელსაც ვუწოდებდი დახამებულ-ნასიამოვნებ-შეძრწუნებულ-ინტერესიანს მიმართულს ბოროტებისა და სიბილწისკენ. ეს ერთი შეხედვით სახუმარო ამბები სერიოზულ საფრთხეს შეიცავენ. უფრო სწორედ, მინიშნებას საფრთხეზე, რაც დღეს უკვე სახეზეა- თანამედროვე კაპიტალისტურ სამყაროში სიყვარულიც გათვლით ხდება. ადამიანის ყველაზე ინტიმურიც ნორმირებულია. შეამჩნევდით, რომ ფილმში ყველა ცოლქმრული წყვილის მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ახალგაზრდა, თავქარიანი, სენტიმენტალური მამაკაცები მოსწონს. მაშინ, როცა ქმარი ყველას ისე ჰყავს შერჩეული, რომ მათი ცხოვრება სტაბილური და მშვიდი იყოს. ესეც ნორმები და გათვლები. კიდევ ერთი რამ, რაც საოცრად შემზარავს ხდის ფილმს არის მაწანწალას სიმღერა, მთელს სიუჟეტს რომ გასდევს-უმელოდიო, უხეში, ყროყინისმაგვარი ხმა, რომლის მოსმენაზეც უნდა გაგეცინოს, მაგრამ არ გეცინება. პირიქით, ჟრუანტელი გივლის და გული გეყინება. გული, რომლის თითოეული ძარღვი ცდილობს სიცივეს გაუმკლავდეს-ალბათ ამიტომ იწყებს სისხლი სწრაფად მოძრაობას და ამას ვეძახით პულსის აჩქარებას. მაგრამ იქნებ ესეც ნიღაბია? იქნებ სულაც არ თანავუგრძნობთ ამ ადამიანებს და ეს მხოლოდ პოზაა? ესეც პაზოლინის ჩიხი... და ბოლოს, მახსენდება ეშმაკისადმი მიმართული სიტყვები ფილმიდან: „შენ ის გერგება, რასაც ადამიანები თავისი ნებით მოგცემენ.“ ასე რომ, მოდით ნუ დავაბრალებთ ყველაფერს ჩვენს ბუნებას და ქვეცნობიერს, რადგან არჩევანის შესაძლებლობას ეშმაკიც კი გვაძლევს.

ავტორი:თამარ კახნიაშვილი

Tuesday, January 6, 2015

დავით მაზიაშვილი  
თსუ-ი "საკვირაო ლიტერატურული კლუბის"   ხელმძღვანელი

ავტორები: ნინო ციკოლია
                    ანუკი ცაავა
                    თამთა შველიძე (ბლოგის ადმინისტრატორი)
                    მარიამ  აკობია
                    ანა გოგოხია
                    ნათია ბენდელიანი
                    ნინო ნანეტაშვილი
                    მაგდა მარუაშვილი
                    სალომე დავითულიანი
                    სოფო გამდლიშვილი
                    მარიამ  ღამბაშიძე     
                    ნატო დვალი
                    თამარ კახნიაშვილი    
                   ნინო უფლისაშვილი
                   თათია სიბაშვილი
                   მარია რაზმაძე
                    ნანუკა ჯაფარიძე
                    სოფო გელიაშვილი

Monday, January 5, 2015

უნაყოფო მიწა ანუ წყვდიადი არ დასრულდება

HURRY UP PLEASE ITS TIME…
HURRY UP PLEASE ITS TIME…
’თენდება, ბატონებო!’’
By the waters of Lemon I sat down and wept…
’ღამის წყვდიადი არ დასრულდება!’’
‘’პატივცემულო საზოგადოებავ, ჩვენ ვიღუპებით!’’ (ბოდლერი)
... ან უკვე დავიღუპეთ!..
მამა ფლინი მკვდარია...
თქვენს წინაშეა ყვავილებით მორთული კუბო... კუბოს თავზე ორი სანთელი...
მბჟუტავი სანთელი...
სანთლის შუქზე დროდადრო კრთება უნაყოფო მიწიდან ამომძვრალი ვირთხის სილუეტი...
ვირთხა შლამიანი მუცლით...
სანთლის შუქზე - მშრალი სხვენი...
მიმოფანტული ძვლები...
Unreal City…
‘’ამ დღეებში ადამიანს სიფრთხილე მართებს...’’
ადამიანი - ცოცხალი მკვდარი;
დრო - მკვდარი;
გარემო - მკვდარი;
მიწა - მკვდარი;
მიწა - უნაყოფო.
HURRY UP PLEASE ITS TIME!
კიბეზე გაისმა ფეხების ფლატუნი...
‘’What is that noise?
          The wind under the door.
What is that noise now? What is the wind doing?
           Nothing again nothing
Do you know nothing? Do you see nothing? Do you remember nothing?’’
„გზას მიიკვლევს ხელის ცეცებით ბნელ კიბეებზე...“
-ვინ? -ის...
-ვინ ის?..
ჯაჯო...
HURRY UP PLEASE ITS TIME!
„დამესიზმრა...
იღება კარი და შემოდის...
-ვინ? -ის...
-ვინ ის?..
...ამ უდაბურ ადგილას რამდენი წელიწადი ვართ ჩვენ და არავინ მოსულა...
და რამ მოიყვანა ასეთ ქარში და გრიგალში ვინც არის?
ვინ უნდა იყოს: მწუხარეა.“
‘’What is that noise?
          The wind under the door...’’
... აქ არავინ მოვა...
მიწა... მიწა უნაყოფოა...
And each man fixed his eyes before his feet…
„მეშვიდე ღამეა მესიზმრება, თითქო ამ კარით ბედნიერება მოდის... რა აშინებს გულს...“
“Fear Death by water…”
’გზა... გზა რომ ვიცოდე გავიქცეოდი. ყველა გაიქცეოდა...
აქ უნდა დავლიოთ სიცოცხლე ჯაფაში და წამებაში...
დავჭკნებით და რას მოვიგონებთ!..
არაფერს. არც მოგვინდება გახსენება.
აქ არავინ მოვა...
მოვკვდებით და არავინ დაგვიტირებს...
სადღაც ჩაგვმარხავენ და არავის გავახსენდებით...
თითქოს არც ვყოფილვართ...“
მკვდარი მიწიდან ამოზრდილი იასამნები...
მთვლემარე ფესვები...
მიმოფანტული ძვლები... ჩვენი ძვლები...
         უეიალალა ლეია...
         უეიალალა ლეიალალა...
ელიზაბეთი და ლეისესტერი...
წითლად და ოქროსფრად მოვარაყებული ნიჟარის ფორმის კიჩო...
ნიჩბები...
სამხრეთის ქარი...
ზარების რეკვა...
თეთრი კოშკები...
And each man fixed his eyes before his feet…
...სანთლის შუქზე  დროდადრო კრთება ადამიანის სახე...
ადამიანი - ცოცხალი მკვდარი...
ადამიანი - მზირალი „უსიყვარულოდ, უცნობოდ, გამოუთხოვებლად...“
ადამიანის სახე - მკვდარი
გონება,  გული - დამშეული...
ეს უნაყოფო მიწაა...
ძვლები მიმოფანტული...
ძვლები ზღვისქვეშა დენამ წაიღო ბუტბუტით...
გული... ჩემი გული... მისი ზედაპირი...
უნაყოფო მიწით დაფარული...
‘’ისტორიამ ფერი იცვალა...
ფერისცვალება... ფერისცვალება...
დიახ... ყველაფერმა ფერი იცვალა...“
„ისეთ მწარე დროს მოგვიწია ცხოვრებამ... წინ მხოლოდ ბორცვები და დაბრკოლებები“
„გვერდი აუარე!“  - ვისი ხმა უნდა იყოს?! - ბულბულისაა! - არა, ფელომელა გვეძახის.
„ზედ გადააბიჯე!“ - ვისი ხმა უნდა იყოს?! - აფთრის ხმასა ჰგავს - არა, ტერევსი გვეძახის.
By the waters of Lemon I sat down and wept…
სიბნელე... წყვდიადი...
Looking into the heart of Light, the Silence…
ლილისფერი საათი...
ბერიკაცი მდედრის მოჩვარული ძუძუებით...
სოდიანი წყალი...
აღარც ნდომა...
აღარც სურვილი...
მტვრიანი ხეები...
ოფლიანი მდინარე...
ჭუჭყიან ხელზე მომტვრეული თითის ფრჩხილები...
მშრალი ჭექა წვიმის გარეშე...
გული, გონება - ცარიელი, დამშეული...
ჩვილსახიანი ღამურები იისფერ შუქში...
ისევ ის ვირთხა...
შლამიანი მუცლით...
ჯაჯო...
კარი... კარი გაღებული...
The wind under the door...
ქარია... უბერავს...
ორი სანთელი... მბჟუტავი სანთლები...
სულაც ჩამქრალა...
წყვდიადი... რომელიც არ დასრულდება...
მეტი აღარ შემიძლია...
უნდა დაგემშვიდობოთ...
“Goonight Bill. Goonight Lou. Goonight Ta. Ta. Goonight. Goonight.
Good night Ladies, good night Sweet Ladies, good night, good night!..”
     
                                                                    ავტორი: ნინო ნანეტაშვილი














ჰამლეტი

ყოფის აუტანელი სიმსუბუქე, თუ ყოფა, რომელიც არყოფნას უდრის. ან უბრალოდ ყოფა, როგორც ჩვევა და ყოველდღიურობა. მაგრამ, როდესაც შენი გაწერილ-დაგეგმილი ცხოვრება, როგორც დანიის პრინცის ირღვევა, ირკვევა დიდი საიდუმლო და გეკისრება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა, აღადგინო სამართლიანობა, იძიო შური. .როგორ იქცევი? რას აკეთებ? სად არიან ემოციები? რას გკარნახობენ? რა მოსდის შენს ყოფას? . .
საუკუნეების განმავლობაში უამრავ რეჟისორს, დრამატურგს, მსახიობს, აღელვებს, აფიქრებს, ალბათ, აშინებს კიდევ საოცარი წონასწორობა, რომელიც მთელ პიესას გასდევს რეფრენად- წონასწორობა ადამიანის განცდათა ობიექტებსა და გონებრივ მდგომარეობას, ან იქნებ მედიტაციას შორის, ერთგვარი ბალანსი რეალურსა და წარმოსახვით სამყაროებს შორის . და ჩნდება ყოველთვის ახალი ინტერპრეტაცია, იმის მიხედვით, თუ რას უფრო ხედავს რეჟისორი-ჰამლეტის წარმოსახვას, თუ მის ირეალურ სამყაროს. ეს უკანასკნელიც ხშირად ისეთი ცხადია- ჩვენ ხომ ყველას გვყავს ჩვენი ‘’მოჩვენება’’- ის, ვინც არ გვინდობს და გვაიძულებს ღიად ვებრძოლოთ საკუთარ შიშებს, გადაწყვეტილებები მივიღოთ, მაშინ როდესაც არავინაა რჩევის მომცემი. ჰამლეტს მისი სიმარტოვე აიძულებს იფიქროს, იფიქროს და შედეგად ვიღებთ უდიდეს ინტელექტუალურ აქტივობას და უარყოფას აქტიური ქმედებისა. კოლრიჯი ამბობს: „ადამიანი მხეცისგან იმით განსხვავდება, რომ აზროვნება აჭარბებს გრძნობებს“. მაგრამ არის კიდევ რაღაც, რაც აჭარბებს აბსოლიტურად ყველა რაციოს ერთად აღებულს. ეს არის ადათი. წესი, რომელიც უნდა შესრულდეს, სისხლი, რომელიც უნდა დაღვარო, შური, რომელიც უნდა იძიო, რადგან მემკვიდრე ხარ და შენი ყოფაც, შენ არ გეკუთვნის.
ჰამლეტის ეგზისტენციალური ტრაგედია განსაკუთრებით მნიშვნლოვანია მსოფლიო თეატრის ისტორიაში. თუმცა, სანამ უცხოენოვან დადგმებს მიმოვიხილავთ, მინდა აღვნიშნო ცნობილი ქართველი რეჟისორის „ჰამლეტი, ანუ არაფერი ზედმეტი“ .. სწორედ ასე უწოდეს, რობერტ სტურუას „პოემას“. დიახ, დიახ, როგორც რეჟისორმა თქვა, მან ფინალში ამბის დასასრულის არა ცხოვრებისეული , არამედ პოეტური ლოგიკა აირჩია და ,შესაბამისად, ჰამლეტიც პოემად დადგა. რეჟისორის პოსტმოდერნისტული ხედვის გათვალისწინებით სპექტაკლში ნაკლები ყურადღება ექცევა მსახიობთა ასაკს, გარეგნობას. თითოეული პერსონაჟის ვიზუალური მხარე მხოლოდ და მხოლოდ მისი საკუთარი მსოფლმხედველობის აღმნიშვნელია და არა პოემაში აღწერილი მოდის. ამიტომ გვგონია, რომ გერტრუდა და ჰამლეტი თანატოლები არიან, ამიტომ აცვია პოლონიუსს უბრალო შავი, ოფელიას კი თეთრი ტანისამოსი. სპექტაკლი დაცლილია წოდებათა და თანამდებობათაგან, გვრჩება ადამიანური განცდების კრებული, ბილწი მეფის, თუ უმანკო ქალიშვილის. ყველა ეს განცდა საოცრად ცოცხალია და პირდაპირ აღწევს მაყურებლამდე. თანამედროვეობას მორგებული ანალიზი სცდება შუა საუკუნეების დრამას და ჩვენს მეზობლად აგრძელებს ცხოვრებას. განსაკუთრებით აღსანიშნია, ალბათ, მუსიკა, რომელიც სპეციალურად სპექტაკლისთვის გია ყანჩელმა დაწერა. სწორედ მუსიკის წყალობით ვიღებთ ერთიან, შეკრულ ნაწარმოებს, სადაც თითოეული ნაბიჯი, ნახტომი თუ სხვა მოძრაობა თავის პირად, უნიკალურ ასახვას პოვებს, ხმოვანდება და მუსიკალურ დრამატიზმს იძენს. თავისუფალი დეკორაცია კი, რომელიც არც ერთ ეპოქას არ ასახავს, თითქოს გეუბნება, ჰო, ეს იყო, არის, და იქნება. ეს ამბავი არ დამთავრებულა, მთავრდება სპექტაკლი, მხოლოდ და მხოლოდ სპექტაკლი.
მსოფლიო მასშტაბი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ორიგინალური დადგმა  პიტერ ბრუკს ეკუთვნის. „ვფიქრობ, თანამედროვე ჰამლეტს შეუძლია ბევრი ისეთი რამ თქვას, რაც დამალული იყო და დღემდე არ განიხილებოდა“. .თავისი შეხედულების დასამტკიცებლად რეჟისორმა ინტერნაციონალური სამსახიობო დასი შეკრიბა, პიესის ერთი მესამედი შეკვეცა, დადგმა 2 საათ ნახევრიანი გახადა და რამდენიმე სცენსაც კი შეუცვალა ადგილი, მაგალითად ცნობილი ყოფნა-არყოფნის სცენა უფრო გვიან ჩნდება, ვიდრე შექსპირთან. 8 მსახიობი, ორი წითელი ხალიჩა, რამდენიმე ბალიში, ორიც სკამი, ასეთი მინიმალუსტური დეკორაციის ფონზე ძირითადი აქცენტი, რა თქმა უნდა, მსახიობების თამაშზე გადადის. ბრუკი აღნიშნავს, რომ მისი ჰამლეტი არ არის პოლიტიკური ელფერის მქონე დადგმა, როგორც სტურუასთან, აქაც მთავარი ადამიანის, დაბნეული  ადამიანის მეტამორფოზებია. თუმცა, ჩემი აზრით, პიესის მთავარი გმირი საკმაოდ თავდაჯერებული და ირონიული პრინცია. მან კარგად იცის, რა ელის, მას გააზრებული და დამარცხებული აქვს სიკვდილის შიში, ამიტომ დაუღალავად დასცინის ყველაფერს, უკვე წარმავალს და მიტოვებულს. ცდილობს გაგვანდოს, რაღაც ისეთი გაგვანდოს, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ არაა დარწმუნებული რომ მივხდებით, გავუგებთ. როცა ცდის, და ერთადერთ მეგობარს, ოფელიას გაანდობს, ღუპავს, და კიდევ უფრო მარტო რჩება მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
სცენაზე ხდება ზუსტად ის, რაც ცხოვრებაში და ცხოვრებაც აისახება იქ, სადაც შენ არ ხარ, მაგრამ არიან საკმარისად კარგი მსახიობები იმისთვის, რომ შეგახსენონ, ამ ყოფას აუტანელი სიმსუბუქის ბედი ჰქონდა შუა საუკუნეებში, აქვს დღეს და ექნება კიდევ დიდხანს. მაგრამ მანამდე, ტაში. სცენა. და ფარდა.
 

ავტორი: მაგდა მარუაშვილი