Sunday, July 9, 2017

...და ისევ - ,,ჰამლეტი“

  რატომ? იმიტომ რომ, ყველაფერი აქედან დაიწყო. საუკუნეების მანძილზე, საუკუნეში ერთი, ორი, თერთმეტი, კარგი თორმეტი ადამიანი უცბად, წამიერად გაშეშდებოდა, სუნთქვა შეეკვრებოდა, მოსწყდებოდა რეალობის რეალობას, დახუჭავდა თვალებს, გონებითა და შეგრძნებით უსწრაფესი სიჩქარით გასცდებოდა ყველა შესაძლო არსებულ და არარსებულ ზღვარს და დაინახავდა ხილულთა არახიულ ხილულს.
  თითქოს ყველა ამისთვის გავჩნდით; თითქოს ყველას უნდა შეგვეძლოს თვალების დახუჭვა, განზომილებათა კედლების რღვევა, შერწყმა და წვდომა ყოველივე არსებულთან და მიღმიერთან, თუმცა არა, ასე ხომ სიტყვა ,,რჩეულსმნიშვნელობა დაეკარგებოდა, უსარგებლო და გამოუყენებელი გახდებოდა. როგორც ჩანს ყველას და ყველაფერს თავისი გარდაუვალი დანიშნულება აქვს და ჰამლეტი არის რჩეული, თუნდაც ისეთივე რჩეული როგორც ქრისტე, ,,ის არის სიკეთე, რომელსაც ვერ მოუძებნია ხერხი ბოროტებასთან ბრძოლის.”
  გარდაუვალია შეხედულებათა და წარმოდგენათა ნგრევა სამყაროზე, ადამიანებზე, თუმცა გარდაუვალი არაა ის, რაც შეიძლება ამას მოყვეს: ერთნი ნანგრევებზე შეუმჩნევლად აგრძელებენ ცხოვრებას, ხოლო მეორენი დანგრევამდე არსებული თითოეული ბზარის გაჩენის მიზეზს უკვირდებიან, რათა სრულიად აღიქვან სამყარო ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. სწორედ ეს არის ჰამლეტი, ის თვითანალიზია, ნათელი გონებაა, გადარჩენის გზაა...
  სად არის ზღვარი სინათლესა და უწმინდურობას შორის, საიდან იწყება ამ ორ განზომილებათა ჭიდილიალბათ იქიდან, საიდანაც პირველი ნეხვის გროვა შეგხვდება გზაზე, რომელშიც გაისვრები როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და იწყებ ბრძოლას გადარჩენისთვის. რა თქმა უნდა ჩნდება კითხვა თუ საერთოდ რა საჭიროა ეს ბრძოლა გადარჩენისთვის მაშინ, როდესაც შესაძლებელია ძალიან მალე მიეჩვიო გასვრილი ფეხსაცმლით სიარულს და ყველაფერი მიიღო ისე, როგორც ამას ერთი კონკრეტული განზომილება გვთავაზობს. სწორედ აქ მდებარეობს ის გარდამტეხი წერტილი, რომელიც ჰამლეტის, როგორც პერსონაჟის და როგორც იდეის არსებობის საფუძველს წარმოადგენს, რადგან ერთ განზომილებაში ცხოვრება, თვალის ახვევა და მხოლოდ საკუთარი სიმართლის შექმნა საუკუნეების წინ იმ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომელთაც განაგდეს ჭეშმარიტება და თავიანთი გონება ბნელ გამოქვაბულში გამოკეტეს. პიესის ყველა გმირისთვის, ისევე როგორც ყველა ადამიანისთვის საკუთარი სიმართლე რომ არსებობს და თავიანთი გადმოსახედიდან რომ ყველა სწორად იქცევა, ეგ ფაქტია, თუმცა ფაქტია ისიც, რომ რამოდენიმე სიმართლის შუაგულში ერთი ჭეშმარიტება დგას და ნამდვილად სწორ გზას მხოლოდ ის ადგას, ვინც ფიქრობს, რომ გამოქვაბულის გარეთ შესაძლოა არსებობდეს სინათლე და ადამიანის მიზანიც ამ სინათლის ძიებაში მდგომარეობს.
  როგორ შეიძლება ადამიანმა არ ეძიოს საკუთარი თავი და ჭეშმარიტება მაშინ, როდესაც დაზუსტებით ისიც კი არ ვიცით რამდენად სარწმუნოა ჩვენი არსებობა ამ პლანეტაზე ისეთ ხორცშესხმულ მოცემულობაში როგორც ახლა ჩვენ ყველა აღვიქვამთ ერთმანეთს. იქნებ სწორედ ჩვენ ვართ უცხო პლანეტიდან ის წარმოუდგენელი არსებები, სულები, ამოუხსნელი მოცემულობები, რომლებსაც სერიოზულად არ აღვიქვამთ და უფრო მეტიც, იქნებ ამ სამყაროში ყველაფერი, რისი არსებობის დაშვებაც ადამიანის გონებას შეუძლია ჩვენ ვართ. ათასგვარი მოცემულობის ეპიცენტრში შეუძლია წარმოიდგინოს თავი ჩვენმა გონებამ, ამიტომ არაფერია გასაკვირი ჰამლეტის მამის აჩრდილის არსებობაში, იმისთვის ვისაც ერთხელ მაინც დაუხუჭავს თვალი და მთელი არსებით გამხდარა სამყაროს ნაწილი. ამ დროს შესაძლებელი ხდება, რომ დავეთანხმოთ დერიდასდიახ, ჩვენ ყველა მოჩვენებები ვართ, თუმცა ძიებით შეპყრობილ ადამიანთა ერთი ნაწილი ახერხებს ამის მიღებას, ხოლო დანარჩენები ამას დაუშვებლად თვლიან, ისევე როგორ ერთ მოცემულობაში მყოფი დედა-შვილიდან აჩრდილის დანახვას ახერხებს მხოლოდ შვილი, დედა კი ვერაფერს ამჩნევს გარდა იმისა, რომ შვილი ,,გაგიჟდა”.
  მართლაც დიდი ,,სიგიჟეაიდგე სიკეთესა და ბოროტებას შორის და გერქვას ადამიანი, როგორც სამყაროს ნაწილი. სწორედ ეს ,,სიგიჟისშუალედია ის უბრალოება რჩეულთა, რომლის საშუალებითაც ხდება შეცნობა, გონების თვალით ჭვრეტა, თორემ მონასტერში წასვლას ყველა შევძლებთ მას მერე რაც კლავდიუსის ხელს ვიგრძნობთ საჯდომზე

  ჰამლეტი ყოყმანობს, ჰამლეტი ფიქრობს, სცენა ჩაბნელდა, განათება კლავდიუსის ფიგურაზე უსწრაფესად იცვლება, მუსიკა სუნთქვას გიკრავს; შეუძლია ჰამლეტს ერთი ხელის მოსმით ყველაფერი გააქროს და დაამთავროს? ეს ის გარდამტეხი მომენტია, სადაც შესაძლოა ჰამლეტის იდეა გაქრეს, თუმცა არა, ის არ იკარგება, რჩეულნი არ იკარგებიან, მიუხედავად იმისა, რომ უწმინდურობის ცეცხლით ანთებული სიგარეტი გაბოლებულია, სანთებელა კი ჯიბეშია. სანთებელის ჯიბიდან ამოღება რთულია, ისევე როგორც ფეხსაცმლის გაწმენდა და ეს კარგად იცის ჰამლეტმა. სინათლისკენ მიმავალმა ადამიანმა იცის, რომ თუ ერთხელ მაინც შეაბიჯებს უწმინდურობის წრეში და ამ წრის გაწმენდას მოინდომებს, ყოველი მისი ცდა იქნება განწირული, რადგან იქ, სადაც ერთხელ მაინც გაიხარა ღვარძლმა, სამუდამოდ იარსებებს მისი მცირედი ნაწილი მაინც, რომელიც ყოველთვის იმსხვერპლებს წმინდა გონებას, თუმცა ის, ვინც მას არ დანებდება და არ მიენდობა, აუცილებლად მოკიდებს ოფელიას ხელს, ამოვა საფლავიდან და შემდეგ დაეშვება ფარდა..
                                                  ავტორი: სოფო გელიაშვილი 

ჩოსერს + შექსპირი

  შანტეკლერის ყივილმა გამაღვიძა, არა, შანტეკლერის ყივილმა ყველა გამოგვაღვიძა... ისევ ბედისწერასთან ჭიდილი... ახდება მისი სიზმარი? ეს არავინ იცის, მისი სიზმარი შესაძლოა ახდეს ან არ ახდეს, მაგრამ ეს ჩვენს თავზე მაგალითად არ გამოგვადგება... ინტრიგაც ამაშია, შანტეკლერის სიზმრის ახდენა კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს სვამს, ვიდრე მისი არ ახდენა დასვამდა, ხოლო ნახევრად ასრულება კითხვის ნიშანთან ერთად უამრავ სხვადასხვა სასვენ ნიშანს აჩენს. Kკალფურნიამაც ხომ წამოიძახა ძილში სამჯერ: უშველეთ კეისარს კლავენო. ჩოსერმა იცოდა, რომ ჩვენ ჩვენს თავს არ ვეკუთვნით, კიდევ უამრავ განზომილებასა და მოცემულობებს ვართ მინდობილნი, რომლებიც მცირე თავისუფლებას გვიგზავნიან ჩვენი ბედის ან მოქმედებების სამართავად. ეს ყველაფერი შექსპირმა კიდევ უფრო მეტად იგრძნო და ამ მოცემულობათა ხლართებში გასაძრომად ჰამლეტს გონება მისცა, რომელმაც უამრავი ხლართი გაწყვიტა და გაიფანტა სამყაროს ყოველივე არსებულ ქმნილებაში. მან სძლია ყოველივეს, მეფესაც კი... თეზევსს შესაძლოა ჰამლეტი მოსწონებოდა კიდეც, ის ხომ სამართლიანად მეფობდა და დასამალიც არაფერი ჰქონდა. ჩოსერმა მეფის მეფური მდგომარეობა გვიჩვენა, სხვანაირად არ შეეძლო, შექსპირს კი სხვანაირად ნამდვილად შეეძლო, ამიტომ კლავდიუსმა ძმა მოკლა მეფობის მოსაპოვებლად, რიჩარდმა კი გამოჩენისთანავე  გვამცნო რომ ,,არა რაჰქონდა ერთმანეთთან შეფერებული ,,ცოცხალთა შორის ნაადრევად მუცლით ნასხლეტს.’’
  მეფეს სჭირდება დედოფალი, თუმცა გერტრუდა იპოლიტას არ გაქვს, ის უფრო ბათელი ქალის ერთ-ერთი სახის გამოვლინებაა. Bბათელმა ქალმა ქალის თითქმის ყველანაირი მდგომარეობა მოიცვა: ამოეფარა ეკლესიას და რელიგიას, იბრძოლა ძალაუფლებისთვის, უარყო ხალხის აზრი და გავლენა ინდივიდზე და მიყვა ინსტინქტებს. ინსტინქტებს მიყვა გერტრუდაც, ძალაუფლებისთვის იბრძოლა ლედი მაკბეტმა, ხალხის აზრი უარყო და აჯანყდა კორდელია, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ გაეცა პასუხი იმას, თუ რა სურდათ სინამდვილეში ქალებს. ისინი ისეთივე გაურკვეველნი დარჩნენ, როგორც დორიგენეს მიერ ავრელიუსის მისამართით ნათქვამი გადაკრული სიტყვები. რაინდები კი ყოველთვის ამ გაურკვეველი ქმნილებებისათვის იბრძოდნენ, ისინი ბრუვდებოდნენ, გონებას კარგავდნენ მათი სურვილით შეპყრობილნი. მათი აღტაცება იმდენად ძლიერი იყო, რომ სიკვდილსაც არ უშინდებოდნენ , ისევე როგორც სურვილით შეპყრობილ რომეოს და ჯულიეტას არ გასჭირვებიათ ამ სამყაროდან გაქცევა, თუმცა ჰამლეტი ამას არასდროს გააკეთებდა, მან ზუსტად იცოდა რომ საყვარელი ქალის ადგილი მხოლოდ მონასტერში იყო. ,,მონასტერმაუნდა ,,შეიფაროს’’  მოღალატეები, თუმცა საკმარისი ადგილი არ არის: მხოლოდ ჰამლეტს მთელმა ქვეყანამ უღალატა, ლირს ორმა ქალიშვილმა, ხოლო რიჩარდმა კი მთელ ქვეყნიერებას.

  სად არის ამ დროს ნათელი, სუფთა გონების ძალა? ალბათ ეს გონება ისევ ბათელ ქალს ყავს დატყვევებული, თუმცა ერთ დღეს ის აუცილებლად უთავაზებს სილას ყველას, მაგრამ ტკბილი სიტყვის მეშინია, ის ისევ ყველაფერს ძველ კალაპოტს დაუბრუნებს, ახალს არაფერს შექმნის. ახლის შექმნა ყველამ სისხლიან გზაზე გავლით სცადა, ჩვენც ასე ვართ, სუფთა ფურცელზე პირველი სიტყვის დაწერა გვიჭირს, რადგან სუფთა ფურცელს შინაგანი სისუფთავეც უნდა ერთვოდეს, ისე ვერაფერს იტყვი, ვერაფერს დაწერ... სისხლმა სისხლი წარმოშვა და ლედი მაკბეტი სულაც არაა ძლიერი ქალი, ის არაფერია, იმიტომ რომ თავად ძალაუფლების იდეააარაფერი. ამ გზაზე მიმავალი ყველა ხელმოცარული რჩება, ამას არასდროს გაუმართლებია, არც არასდროს გაამართლებს, იმიტომ რომ საბოლოოდ მაკბეტი აუცილებლად შეიშლება ჭკუიდან, ედმუნდი პასუხს აგებს მამის თვალების გამო, კლავდიუსი კი ჰამლეტის დაშნას ვერასდროს აიცილებს. სად არიან ამ დროს მეგობრები? ისინი აქვე ახლოს არიან და მგონი ყველა მათგანს დაშნა გაუმზადებია. უკვე მარტის იდებია, თუმცა ამას აზრი არ აქვს, რადგან როზენკრანცი და გილდესტერნი მკვდარნი არიან.

                                                                    ავტორი: სოფო გელიაშვილი