Wednesday, January 27, 2016

დაკარგული სამოთხე თუ სამოთხეში დაკარგულები?!

“I've never seen such a bunch of apple-eaters.” ― J.D. Salinger, Nine Storie

საკითხი, რომელიც რწმენას, რელიგიას ეხება, მუდმივად აქტუალური, საინტერესო და შეიძლება ითქვას, საიდუმლოებით მოცულია. ბუნებრვია, ასე გაგრძელდება მანამ, სანამ იარსებებს კაცობრიობა. კითხვა ბევრი ჩნდება, თუმცა პასუხი ხშირ შემთხვევაში არადამაკმაყოფილებელია და კიდევ უფრო მეტ შეკითხვას აჩენს. რატომ არის ასე მიუწვდომელი და ამოუხსნელი ის, რაც ჩვენამდე იყო? რატომ ვერ სწვდება მოკვდავის გონება სამყაროს შექმნის საიდუმლოს?
ალბათ, უფალს ამდენი ძიება, ეჭვის თვალით ყურება და გამოკვლევა არ სჭირდება. უფალი უბრალოდ უნდა გწამდეს, ყოველგვარი დამტკიცების გარეშე, რადგან მათეს სახარება გვეუბნება: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.“ თუმცა, მიუხედავად მოწოდებისა, ადამიანის ადამიანური  მაძიებლობა, ცნობისმოყვარეობა ვერ ცხრება და მუდმივად კითხვაზე პასუხის მიღებაზეა მომართული. თავის გამართლება იოლია: ჩვენი რა ბრალია, ჩვენ მხოლოდ მემკვირდრეობით გვერგო გადაჭარბებული ინტერესი აკრძალულისადმი, ჩვენ ხომ ადამის და ევას მემკვირდეები ვართ, რომელთა ცნობისმოყვარეობამაც კაცთა მოდგმა დააშორა ედემს. ალბათ, ჩვენც ვცოდავთ, როდესაც ვცდილობთ, მეტი გავიგოთ უფლის „საქმიანობის“ შესახებ, ცნობისმოყვარეობა კი, ადამის და ევასი არ იყოს, არც ჩვენ არ გვაძლევს გასაქანს.
თუმცა, ლიტერატურაში ხომ ყველაფერი დასაშვებია. ასე „ლიტერატურულად“  ჩვენამდეც ბევრი ჩაუღრმავდა, ეძება, იკვლია და თავისებურად გაიაზრა. რთული სათქმელია, მილტონსაც ასეთივე „გარდარეული“ ინტერესი ჰქონდა ბიბლიური საკითხებისადმი, თუ  ბიბლიური სიუჟეტი საუკეთესო ნიღაბი იყო პოლიტიკური ეპოქის საერთო განწყობილების გადმოსაცემად?! ფაქტია, მისი პერსონაჟები მეტად „ადამიანურები“ არიან. ღმერთი უფრო მონარქია, ვიდრე ღმეთრი. ეშმაკი რევოლუციონერი, სამართლიანობის აღდგენის სურვილით შეპყრობილი „ტიპი“.
„დაკარგული სამოთხე“ ბევრ კითხვას აჩენს, კითხვები კი რთულად საპასუხოა. ლოგიკური მსჯელობითაც კი ( თუ შეიძლება რელიგია ლოგიკაში მოაქციო) არალოგიკურ დასკვნებამდე მივდივართ.
პირველი, რაც თვალში გხვდება „დაკარგული სამოთხის“ კითხვისას, ეს თავისუფლების თემატიკაა. რა არის თავისუფლება? რა შემთხვევაშია ადამიანი თავისუფალი? რატომ აუმხედრდნენ ანგელოზები უფალს? ისინიც თავისუფლებას მიელტოდნენ? რა იყო მთავარი მოტივაცია მათი წინააღმდეგობისა? რთულია განსაჯო, სად გადის ზღვარი, ამ შემთხვევაში, თავისუფლების სურვილსა და ამბიციურობას შორის. თავისუფლების სურვილმა გამოიწვია მათი ამბიცია გატოლებოდნენ უფალს, თუ ამბიცია იყო თავისუფლება? რატომ დაისაჯა სატანა ასე სასტიკად მაშინ, როდესაც თავისუფლებისათვის მებრძლოთ გმირებად ვრაცხავთ?!
 მილტონის „დაკარგული სამოთხის“ მიხედვით, სატანას აქვს ლიდერისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება: მებრძოლია, შეუძლია საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს გარშემომყოფნი, იღებს თამამ გადაწვეტილებებს, უშიშარია. მაკიაველისეულ სიტყვებსაც -  „მიზანი ამართლებს საშუალებას“ - ბოლომდე მიჰყვება და არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს არჩეული გზიდან გადახვევას, თუნდაც დამარცხდეს ბრძოლაში. კარგი სტრატეგია, სიტუაციის მიხედვით შეუძლია მოქმედება. როდესაც მიხვდა, რომ პირდაპირი ბრძოლით არაფერი გამოდიოდა, ჩუმი ფარული მოქმედება განიზრახა ღმერთის წინააღმდეგ.
როდესაც ვქმნით ეშმაკის პროფილს, გარკვეულწილად, სიმპათია გვიჩნდება მისი პერსონისამდი. იყო ინიციატორი არასდროს, არც ერთ შემთხვევაში არაა იოლი. იყო ინიციატორი უფალთან შებრძოლებისას - კიდევ უფრო მეტ გამბედაობას მოითხოვს. ორმაგი გამბედაობაა საჭირო, როდესაც ერკინები მას, ვისთანაც ერთი ბრძოლა უკვე წაგებული გაქვს.  შეიძლება ითქვას, რომ კარგი მთავარსარდლის ყველა თვისება აქვს ეშმაკს. სწორედ ეს იწვევს მკითხველის სიმპატიას მის მიმართ. თუმცა არსებობს მეორე მხარეც, უჯანყდება ვის? უფალს!! ამ შემთხვევაში უფალი, როგორც რელიგიური „ფიგურა“, როგორც ყოვლისშემოქმედი არაფერ შუაშია. მარტივად რომ ვთქვათ, უჯანყდება მას, ვინც მისცა ის ძლიერება, რაც აქვს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: რამდენად ჯანსაღია მისი ამბიცია? აქვს რეალურად იმისი მოთხოვნის მორალური უფლება, რასაც ითხოვს?  ისტორიაში მრავლადაა მაგალითები, როდესაც რევოლუცია, აჯანყება სამეფო კარზე  ეწყობა სწორედ სათავეში მყოფის ხელქვეითის მიერ.  თუმცა, მონარქის და მონარქიის დამმარცხებელი,  ხშირ შემთხვევაში, ტირანად გვევლინება და წინამორბედზე პირსისხლიანი მეთოდებით აგრძელებს მმართველობას. ლოგიკურიცაა, რადგან თუ პიროვნებას შესწევს ძალა, დაამარცხოს მონარქი, გამოდის, მასზე ძლიერია.
ამ შემთხვევაში ეშმაკის მოტივაცია მხოლოდ თავისუფლების სურვილიდან არ გამომდინარეობს. დავუკვირდეთ, მას ერთი მხრივ, უფალი ერთპიროვნულ მმართველად მიაჩნია, მეორე მხრივ კი მასთან გატოლებას ცდილობს, ანუ მასში პოტენციური მონარქი უნდა დავინახოთ. პარალელი გავავლოთ შექსპირის „იულიუს კეისართან“. ეშმაკი ბრუტუსს მოგვაგონებს, მათი მისწრაფებები თანხვედრილია. ბრუტუსი სულაც არ მესახება პატრიოტად, რომელსაც მხოლოდ რომის ბედი აღელვებს. როდესაც ადამიანს შეუძლია ისეთი ვერაგული გზით დაამარცხოს მოწინააღმდეგე, როგორითაც ბრუტუსი ამარცხებს კეისარს, მას არ შეიძლება ადამიანების ბედი ანაღვლებდეს. პოტენციური ტირანია ბრუტუსი, ისევე როგორც ეშმაკი „დაკარგული სამოთხიდან “.  არც ბრუტუსი და არც სატანა სამართლიანობის აღმდგენებად არ მოიაზრებიან.
ჰგავს თუ არა უფლის ქმედება მონარქის ქმედებას? თანამედროვედ რომ აღვწეროთ მოვლენები, უფალმა განსხვავებული აზრის გამო დასაჯა ეშმაკი და მისი თანამოაზრეები. თუმცა, მეორე მხრივ, უფალი იღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას. არცერთი მოკვდავი არ შეეგუება, რომ მისმა ხელქვეითმა ჯერ გატოლება მოუნდომოს და შემდეგ ბრძოლა გაუმართოს პირველობის მოსაპოვებლად. ორჯერ რთული ასატანი იქნებოდა ეს ფაქტი  ღმერთისთვის. ბოლოს და ბოლოს ის ღმერთი, ყველაფრის შემოქმედია და თავისსავე შექმნილი „არსება“, რომელიც აღჭურვა ამდენი შესაძლებლობით, ბრძოლას უცხადებს. აქ, ალბათ, შემეკამათებით და იტყვით, რომ მაინც არ იყო „დემოკრატიული“ ღმერთის ქმედება, მაგრამ ამის კონტრარგუმენტად შეიძლება მოვიყვანოთ უფლის მიერ შემოშავებული  დასჯის ფორმა. მისცა  ჯოჯოხეთი სატანას და მის მეგობრებს „საბატონოდ“ და იქ სრული თავისუფლება მისცა მათ. ეშაკს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, მმართველობა უნდოდა, მიიღო კიდეც, ოდნავ განსხვავებული ფორმით. უფალმა დედამიწისკენ მიმავალი ეშმაკი შენიშნა, მისი მზაკვრული გეგმის შესახებაც იცოდა, თუმცა ხელი არ შეუშალა, ისევე როგორც ადამის და ევას დაცემის შესახებ იცოდა და არც მათ გადაწვეტილებაში ჩაერია. არც მთლად მონარქის  ქმედებას არ გავს უფლის ქმედება. ეშმაკისა და პირველი ადამიანების მიერ გადაწვეტილების მიღება დამოუკიდებლად, ღმერთის ჩაურევლად მოხდა. ბოლომდე ინარჩუნებს დემოკრატიულობას უფალი და თავის ძესთან საუბრისას ამბობს, რომ ადამიანს შანსს უტოვებს ცოდვები მოინანიონ. ასე რომ, გადაჭრით უფლის მონარქად გამოცხადება არასამართლიანი იქნება.
სხვა საკითხია ჰქონდა თუ არა პირველ წყვილს თავისუფლება ედემის ბაღში? დიახ, მათ ჰქონდათ თავისუფლება, თუ არ ჩავთვლით უფლის აკრძალვას ცნობადის ხის ნაყოფთან დაკავშირებით, თუმცა შეჭამდნენ თუ არა, ესეც მათზე იყო დამოკიდებული. რეალურად, უფალი არც თუ ისე დიდ მსხვერპლს ითხოვდა ადამისა და ევასგან.
ისევ თანამედოვეობის პარალელურად განვიხილოთ. ჩვენ დღეს ვამბობთ, რომ დემოკრატიის პირობებში თავისუფლები ვართ, თუმცა ეს თავისუფლება მიღწეულია უამრავი კანონის არსებობის ხარჯზე. კანონებისა, რომელიც ადამიანებმა შექმნეს და მაინც... ჩვენ ვიცავთ მათ. არსებობს რაღაცები რაც გვეკრძალება... და მაინც, ვამბობთ, რომ თავისუფლები ვართ.
მაშინ, გამოდის, ადამი და ევაც სრულიად თავისუფალნი იყვნენ და უფლის მიერ დაწესებული აკრძალვა, უბრალოდ, „კანონი იყო „მშვიდობისყოფისთვის“. ისიც არაა უცხო, რომ კანონის დარღვევისთვის უამრავი სახის სანქცია არსებობს (შეგახსენებთ, დემოკრატიის პირობებშიც). ანალოგიურად, დაისაჯნენ  ადამი და ევაც. ამის შემდეგ უფალმა სამუდამოდ დაკეტა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი გზა.

ასე განვითარდა მოვლენები სამოთხეში. საჭირო გამბედაობაც კი არ აღმოაჩნდათ ჩვენს წინაპრებს, რომ საკუთარი დანაშაული ეღიარებინათ. ბოლო შანსიც ვერ გამოიყენეს. და მას შემდეგ მივტირით დაკარგულ სამოთხეს, ედემის ბაღს, რომელიც ერთი უბრალო ხის ნაყოფის დაგემოვნებისათვის დავკარგეთ!
                                                                  ავტორი:მარია რაზმაძე
                                                                ფოტო: ნანუკა ჯაფარიძე